შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული მოქალაქეების სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო. ვერტმფრენი უკვე გაფრინდა გუდაურის მიმართულებით, საიდანაც ინციდენტის შედეგად დაშავებულებს თბილისში გადმოიყვანს.
სოციალურ ქსელში კახა ხიზანიშვილის მიერ გადაღებული ვიდეო:
გუდაურში, საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 10-მდე დაშავებულს შორის, საქართველოს მოქალაქების გარდა, უცხოელებიც არიან.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზარალებულებს შორის არიან: რუსეთის, უკრაინის და შვედეთის მოქალაქეები. დაშავებულებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული და ისინი გუდაურის ამბულატორიაში არიან მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.