RSS

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში

12 დეკ

სალომე ლომთაძე

ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ  განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომელთაც ყველა ეპოქაში საზოგადოება სხვადასხვაგვარად ეპყრობოდა. მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს, ამ ადამიანებს იარლიყს აკრავდნენ და მათთვის განკუთვნილ სპეციალურ დილეგებში აცხოვრებდნენ სიცოცხლის ბოლომდე. საბოლოოდ, საზოგადოების ცნობიერებაში მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა, ისინი მიხვდნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირები საზოგადოების დანარჩენი ნაწილისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროება სჭირდებათ, ისინიც საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან და  იმავე უფლებებით  უნდა ისარგებლონ, რითიც თითოეული ჩვენთაგანი სარგებლობს.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენცია, ერთ-ერთი ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი და უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია ამ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით.  ის შეზღუდული შესაძლებლობების გააზრებას ცვლის და მთლიანად დაფუძნებულია ადამიანის ღირსებასა და ნების ავტონომიურობაზე.

დღევანდელ რეალობაში  სიტყვები „განსაკუთრებული საჭიროების მქონე“, „შეზღუდული შესაძლებლობები“, „ინკლუზია“ და ა. შ.  სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის და ვაცნობიერებთ, რომ ამ  ადამიანებს საზოგადოებისგან მეტი ყურადღება  და ჩვენთან  ინტეგრაცია სჭირდებათ.

„მიგვიღონ ისეთები როგორებიც ვართ, ტელევიზორში სულ იმაზეა საუბარი, რომ ვიღაცამ ვიღაცას გადასცა დახმარება, მედია ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორი ცოდონი არიან შშმ პირები და არა იმაზე, რომ ისინიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან, ჩვენ არ გვჭირდება ხალხის შეცოდება, ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ხმა და გავაგებინოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ ზუსთად ისეთი, როგორებიც თქვენ ხართ და ჩვენც ვაკეთოთ ის საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ,“ – აცხადებს მაია ასაკაშვილი, „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების  ასოციაციის“ თავმჯდომარე, რომელიც თავადაა შშმ პირის მშობელი.

მაია ასაკაშვილი ერთ-ერთი იყო, რომელმაც საკონსტუტიციო სასამართლოში დავა მოიგო პარლამენტთან, „მეურვის ინსტიტუტთან“ დაკავშირებით.

„2015 წლამდე,  პირს რომელსაც გარკვეული სახის მენტალური პრობლემები გააჩნდა, არ ჰქონდა უფლება მეურვის გარეშე რაიმე ქმედება განეხორციელებინა, 2015 წლამდე ეს ადამიანები განიხილებოდნენ სუფთა სამედიცინო, ბიოლოგიურ ჭრილში, მათ არ გააჩნდათ თავისუფალი ნება, არ შეეძლოთ ქორწინება, 80 თეთრიანი პურის ყიდვის უფლებაც კი არ ჰქონდათ. ჩემი შვილი, ირაკლი, გონებრივი შეზღუდვების  მქონე პირია და არ შეიძლება დავივიწყოთ ის, რომ სწორედ, ირაკლიმ გამოთქვა პირველმა პროტესტი არასწორი კანონის შესახებ. 2015 წელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და ეს ადამიანები გახდნენ ქმედუნარიანები, მათ ცხოვრებას მიეცა აზრი, და რაც მთავარია საქართველოს კანონმდებლობაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი – კანონში შევიდა შესწორება.“

„ჩემი დიშვილი დაბადებიდან ეტლში ზის, ძალიან კარგად მახსოვს 12 წლის განმავლობაში რამდენი ტკივილი ნახა ჩვენმა ოჯახმა იმის გამო, რომ საზოგადოება არასწორად და არასათანადოდ აღიქვამდა ჩვენს პრობლემებს. ვერ წარმოიდგენთ რამდენჯერ მომდომებია მანქანა ჩამემსხვრია იმის გამო, რომ სადარბაზოსთან ძალიან ცუდად იყო დაყენებული და ამის გამო, ჩემი დიშვილი სკოლაში ვერ წასულა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრომ  სკოლაში ძალიან კარგი მეგობრები შეიძინა, რაც სკოლა დაამთავრა არანაირი სურვილი აღარ გააჩნია გარეთ გამოსვლის, იმის მიუხედავად, რომ სანდროს არანაირი პრობლემა არ გააჩნია აზროვნებასთან დაკავშირებით.  ნებისმიერ სამსახურში, სადაც კი მივიდა ყველგან უარი განუცხადეს, რადგან ეტლში მჯდომი თანამშრომლის სახით „ზედმეტი  დარდი“ არ უნდოდათ. ახლა სანდრო სახლში ზის და არ აქვს არანაირი მიზანი და  ოცნება,“ –  ამბობს მ.კ. სანდროს ბიძა.

გიგა ოჩხიკიძე 28 წლის ქართველი რეჟისორია, რომელმაც თავისი თავის წარმოჩენა კერძო სექტორში მოახერხა და საკმაოდ კარგად გამოსდის სარეჟისორო საქმიანობაც.

გიგა დღეს ეტლში ზის და მიაჩნია, რომ საქართველოში, შშმ პირების უფლებები სათანადოდ არაა დაცული. „მიუხედავად იმისა, რომ  პირადად არ გავმხდარვარ რაიმე ჩაგვრის სამიზნე, ხშირად ვაწყდები-ხოლმე იმ პირების უფლებების დარღვევის ფაქტებს, რომელთაც დღეს შშმპ-ებს ვუწოდებთ. ხშირად კაფესა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილვარ, რადგან ის პანდუსი რაც მათ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, „დეკორატიული დანიშნულების“ აღმოჩენილა. ჩემი აზრით, შშმ პირების უფლებების დარღვევისას ყველაზე მეტად საგულისხმო, საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულებაა, თუ აკეთებ კაფეს, ადგამ პანდუსს, გულდასმით გააკეთე და შედი იმ ადამიანების მდგომარეობაში, რომელთაც ეს პანდუსი მართლა სჭირდებათ.“

საქართველოს მოსახლეობა (მათ შორის შშმ პირები)  იხდის გადასახადს, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი ის უფლებები, როგორიცაა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჯანსაღ  გარემოში ცხოვრების უფლება და ა.შ. შშმ პირებს სახელმწიფო ხაზინაში,  ყოველთვიურად,  კომუნალური თუ სხვა გადასახადების სახით შეაქვთ თანხა, იმისათვის რომ მთავრობამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყოს მათი თავისუფალი გადაადგილება, ალბათ ძალიან ცოტა უსინათლო, სმენადაქვეითებული და შეზღუდული მეტყველების მქონე ადამიანი, ეტლით მოსარგებლე, გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ადამიანი თუ გადაადგილდება დღეს ქუჩაში დამოუკიდებლად, რარდან ქვეყანაში არ არის უსინათლოთა ბილიკი, სპეციალური ხმოვანი შუქნიშანი, პანდუსი და მრავალი სხვა აუცილებელი რამ რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. უფრო მეტიც, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გვყავს ქვეყანაში, ესეც კი არ ვიცით. თუმცა, საზოგადოების დამოკიდებულება, ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა და საზოგადოება ლოიალურად იღებს მათ. ამოქმედდა პროგრამები და სოციალური საწარმოებიც, სადაც შშმ პირებს შეუძლიათ საკუთარი თავის რეალიზება, თუნდაც საწარმო „სხივი“, რამოდენიმე კერძო სოციალური კაფე და სახელოსნო, სადაც მხოლოდ შშმ პირები არიან დასაქმებულნი და სადაც მათ შეძლებისდაგვარად ყველანაირ პირობას უქმნიან იმისათვის, რომ თავი კომფორტულად და რეალიზებულად იგრძნონ.  მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

IDFI-ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 28 განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია დასაქმებული საჯარო სექტორში, აქედან არცერთი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.

ფოტო: ო.ცისკარიშვილის, სოციალურ საწარმოთა გამოფენა “მზიურში”

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s