კინტრიშის დაცულ ტერიტორია, სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან. მის შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის განმავლობაში, თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე.
აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +24 გრადუსი, ხოლო იანვრის +4 გრადუსია. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში, რომლის სიგრძე 45 კილომეტრია, სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. დანარჩენი მდინარეები და ღელეებია: ხეკნარა, პერანგა, მამედაღი, დიდღელე, მისანათის ღელე, რომელზეც 30 მეტრიანი თვალწარმტაცი ჩანჩქერია, ბოლქვაძეების ღელე და ჩრდილა – ორსაფეხურიანი 70 მეტრის სიმაღლე წყალვარდნილით სწორედ კინტრიშის შენაკადებს წარმოადგენს. მაღლა მთებში 2200 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულია ორი პატარა ტბა – თბიყელი და სიძერძალი, რომელთა ფართობი 1,5 ჰექტარს არ აღემატება. აქედან პირველი ტბა უშუალოდ ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული, მეორე კი – მის საზღვრებს გარეთ. ნაკრძალში ხშირადაა დათვი, მგელი ტურა.
ტურისტებისთვის, ყველაზე კარგი პერიოდი ნაკრძალის მოსანახულებლად ივნილი-აგვისტოა. ჩვენ გაგვიმართლა, კარგი ამინდი იყო და შევუდექით კინჩხის დაცული ტერიტორიების გზას. 40 კილომეტრიან გზის გავლას 4 საათზე მეტი მოვანდომეთ მაღალი გამავლობის მანქანით, თუმცა გზად სოფელ ხინოშიც შევჩერდით. სადაც ადრე 600-მდე ოჯახი ცხოვრობდა, ამჟამად შვიდი ოჯახია შემორჩენილი. უმთავრესად 70 წელს გადაცილებული კაცები. ისინი არ ტოვებენ ნაკრძალს და მარტო აგრძელებენ ცხოვრებას.
„სოფელი უპატრონოდაა დარჩენილი. ძირითადად ცხოვრობს სამი კომლი, დანარჩენები აქ, მხოლოდ 9 თვე ცხოვრობენ. ყოველთვის მინდოდა აქ ვყოფილიყავი და აქ ვარ. აქაა ჩემი სული და გული, აქაა ჩემი ცხოვრება. ფუტკარს ვუვლი. ზოგი მე ვიყიდე, ზოგიც მთავრობამ მომცა. ფუტკარს მიხედვა უნდა. აქ დავიბადე და გავიზარდე, აქ ვითქვავ სულს, ქვევით რომ ჩავდივარ, იქ ვიხრჩობი. ტურიზმის განვითარებისთვის სერიოზული ტერიტორიაა. ყველა ქვის და ხის ძირი ვიცი, უკაპიკოდ რომ ვემსახურო მაინც ვემსახურები, იმიტომ რომ მიყვარს ეს კუთხე. მაღაზია აქ არ გვაქვს, მოსასვენებელი არ გვაქვს. არადა, ტურისტებს აინტერესებთ. მაინტერესებს, რომ სოფელი ფეხზე დადგეს. თუ პირობას შეუქმნის სახელმწიფო დაბრუნდება ახალგაზრდობა. უნდა შეკეთდეს გზები, განვითარდეს ტურიზმი, პირობები შეიქმნას,“ – ამბობს 74 წლის ვლადომერ ქარცივაძე, რომელიც ხინოს ძირითად მაცხოვრებლად ითვლება, და მარტო უვლის ფუტკარს. ის, უსინათლობასაც უჩივის. ორ ოჯახს სინათლე არ აქვს და ზამთარში განსაკუთრებით უჭირთ.
„სოფელს დახმარება სჭირდება, ეს სოფელი კაი იყო უწინ, ახლა 17 ოჯახია ზაფხულობით ძირითადად. ახალგაზრდებს არ უნდათ აქ ცხოვრება, დასაქმება უნდათ. ტურიზმი დააბრუნებს სხვა რაღა დაბრუნებს,“ – ამბობს 88 წლის სულიკო რომანაძე.
მაღლობზე, მერცხალივით შეფენილი სახლის ეზოში მოხუცი გამოჩნდა. ჩვენსკენ წამოსული ღობეს ახალგარდზა ბიჭივით გადმოევლო, – „ხინოს გაცოცხლება დაწყებულია, მონასტერი შენდება, ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობს, ხალხზე დახმარებას ანაწილებენ, აკეთებენ ხიდებს,“ – გვიყვება 81 წლის ნოდარი ნადოიშვილი, ისიც მარტოა ხინოში და გვიყვება, რომ ბაღ-ბოსტანს ვერ მიატოვებს, – „ერთი დღეც არ მიცხოვრია ხინოს გარეშე,“ – გვეუბნება, ის და იხსენებს, როგორ დაუბარა მამამ არ მიეტოვებინა ფუძე. ისიც უსინათლობას უჩივის და გვთხოვს, ვინმეს ხმა მივაწვდინოთ, რომ სინათლე ზამთარში მაინც ჰქონდეთ.
მოგვიანებით, მოხუცები ისევ ვნახეთ, გზა დავილოცეს დაიმედებულებმა.
უფრო ზევით, ხინოსწმინდის ეკლესიისკენ მიმავალს კინტრიშის დაცული ტერიტორიებზე, თამარის ხიდთან, აშენებენ მოგზაურებისთვის მოსასვენებლებს, უკვე მზადაა ოთხი კოტეჯი და ექვსამდე ოთახი.
უფრო ზევით კი ხინოწმინდა გვეგულება, მეექვსე საუკინის ტაძარი, რომლის აღდგენა-რესტავრაციაც უკვე დაწყებულია.
„გალავანი გაიწმინდება, საქართველოში ანალოგი არ აქვს ამ ტაძარს, მეექვსე საუკუნის ძეგლია, ყველაზე მიუვალი მონასტერია საქართველოში. თავად შენობა მეცხრე საუკუნისაა. ძეგლს ექვსი ტრაპეზი აქვს. ჯერ-ჯერობით გაიწმინდა ტერიტორია, იგეგმება არქეოლოგიური გათხრები. ხინოში, ერთდოულად 600 ბერი მოღვაწეობდა,“ – გვიყვება იღუმენი მამა ევდემოზი, რომელიც ორი წელი მარტო ცხოვრობდა, კატა ბაგირასთან ერთად. ტაძრის რესტავრაცია და აღდგენა იმავე ქვებით ხდება, რითიც ოდითგანვე იყო აგებული, – „ხინო ძალიან სიღრმისეული ტოპონომია, ხინო დროსთანაა გაიგივებული… აქ, ყველა ხე, ყველა ხიდი თამარ მეფესთანაა დაკავშირებული, ამბობენ, რომ თამარ მეფემ გაიარა და რა კარგი სალხინოა, უთქვამს და ამის შემდეგ დაერქვა ხინოო, მაგრამ ხინო, თამარ მეფემდე არსებობდა,“ – გვიყვება იღუმენი, რომელიც ტაძრის გვერდით ადგილს გვაჩვენებს, სადაც ცოტა ხნის წინ, 30 მოკლულის ნაშთები იპოვეს. სავარაუდოდ, ისინი ქართველი გმირები არიან, რომლებიც მტერთან ბრძოლაში დაიღუპნენ. მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე მუზეუმის აშენებაც იგეგმება. გაზაფხულზე, კი არქეოლოგიური გათხრებიც დაიწყება და ტაძრის აღდგენაც განახლდება.
ძველი ბილიკებია აღსადგენი. იღუმები მუზეუმის აშენებასაც აპირებს. გაზაფხულზე არქეოლიგიური გათხრევბიც დაიწყება და ტაძრის აღდგენაც განახლდება.
ტაძარში მოღვაწე სამი სასულიერო პირი დავტოვეთ, ბაგირასთან და ორ მეცხვარე ძაღლთან ერთად, იმ იმედით, რომ მომავალ წელს ისევ მოვინახულებთ ხინოწმინდას. ტურსტებს კი ვურჩევ, ვინც ეკოტურიზმითაა დაინტერესებული, კინტრიშის დაცული ტერიტორიები თქვენთვისაა.