ბოლო კვირის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ხშირია პოსტები, სადაც მოსახლეობა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიისა და სამეგრელოს სოფლებში, გავრცელებული მწერების გამო წუხს. ეს მწერები, რომელსაც აზიურ ფაროსანად მოიხსენიებენ, უმეტესად სიმინდსა და თხილს ეტანებიან. Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, ლადო აფხაზავა, წერს: “მწერმა, სახელად, ფაროსანამ, გურიაში, ლანჩხუთში, ხილი და ბოსტნეული გააფუჭა, ახლა კი საყანე ფართობებს შეესია. ცოტაც და სახლებში დაბუდების პროცესი დაიწყება. ამ მწერებით გაივსება კარადები, თაროები, ფარდებში ეხვევიან და რბილ ავეჯში იდებენ ბუდეს და ირგვლივ საშინელ სუნს ტოვებენ. მართალია, ცეცხლი არ გვიკიდია, მაგრამ დროა რაღაც ღონისძიებებს მივმართოთ“. აზიური ფაროსანა სამეგრელოს სოფელში, აბაშაშიცაა, შემჩნეული..
„წელს ჩემს ორ შვილთან ერთად, დეიდასთან წავედი დასასვენებლად, – ამბობს 32 წლის ვიქტორია, – საღამოს ბავშვები დასაძინებლად გავამზადე და რას ვხედავ… თეთრეული სულ დაფარული იყო ამ საზიზღარი მწერებით. ამ ფაროსანის გამოჩენაღა გვაკლდა. მოსავალი სულ გააფუჭა.“
„საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, აზიური ფაროსანას მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოების გაფართოების შესახებ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თამჯდომარემაც ისაუბრა. ოთარ დანელიამ არ გამორიცხა პროცესებში ავიაციის ჩართვის აუცილებლობაც,“ – ეს ინფორმაცია 2017 წლის 6 ოქტომბერს „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა.
ზურაბ ლიპარტია, სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ მავნებლის პოპულაციის შემცირებაზე საუბარი ნაადრევია. მისი თქმით, მავნებლის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა ერთ და ორ წელიწადში ვერ მოხდება.
აზიურმა ფაროსანამ რეგიონებში მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა და შემოსავლის წყაროს გარეშე დატოვა. მაგალითად, სამეგრელოში თხილის ფასი ხარისხის მიხედვით იცვლება. შედარებით ნორმალური თხილი 3,5 ლარად იყიდება. დაუზიანებელ თხილს ფერმერები 4 ლარად და 20 თეთრად აბარებენ. ძირითადი ნაწილი, ანუ დაზიანებული თხილი ერთ ლარად, ან ერთ ლარზე ნაკლებად იყიდება. თხილი ქვეყნის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი. 2016 წელს თხილის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 8.5% შეადგინა. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 8.% იყო. 2014 წელს თხილის წილი მთლიან ექსპორტში 6.4%-ს, 2013 წელს კი 5.7%-ს შეადგენდა.
საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ აზიური ფაროსანასთან საბრძოლველად 2018 წლის ბიუჯეტში 4 მილოონი ლარია გამოყოფილი, რაც, საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, მავნებელთან საბრძოლველად არასაკმარისია.
ამ ბოლოს დროს, აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოჩნდა, ასევე თბილისშიც. მედიაკამპანია “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულ 4 რეგიონს გურიას, სამეგრელოს, აჭარასა და იმერეთს ესტუმრება, აგრალური სფეროს ექსპერტები და სოფლის მეურნეობის უწყების წარმომადგენლები ადგილობრივი მცხოვრებლების ყველა შეკითხვას უპასუხებენ და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად პრაქტიკულ რჩევებსაც მისცემენ: როდის შევწამლოთ ნაყოფი, როგორ დავიცვათ საკარ-მიდამო ნაკვეთები მავნებლისაგან და ა.შ. კამპანიას “ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას” “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი” პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” მხარდაჭერით ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. 2016 წლის თხილის სეზონზე მან მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ის აზიანებს ციტრუსსა და ბოსტნეულს, ასევე თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას.
სურსათის ეროვნული სააგანტოს ცნობით, აზიური ფაროსანა მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილია ცხელი ხაზი: სამეგრელო 16 600 (ზარი უფასოა)
გურია – 16006 (ზარი უფასოა)
იმერეთი – 16 601 (ზარი უფასოა)
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური – 15 01
ფოტო აღებულია marketer.ge დან