დღეს, „ფაბრიკაში“, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN ორგანიზებით, მეტყევის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სტუდენტ-ახალგაზრდობის შეხვედრა, სადაც, დაჯილდოვდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები, პროექტ „სატყეო რეფორმის“ ფარგლებში. შეხვედრაზე დაასახელეს ორი საპატიო მეტყევეც – ვეტერანი მეტყევე ლერი ჭოჭუა და გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი
მედისაშუალებებს ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში გადაეცათ: საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი; საუკეთესო სტატია; საუკეთესო რადიო რეპორტაჟი; აქტიური სატელევიზიო გაშუქება; აქტიური გაშუქება ბეჭდურ მედიაში; აქტიური გაშუქება ინტერნეტ მედიაში; საზოგადოების რჩეული;
ეკოფაქტმა (ოლიკო ცისკარიშვილი) მოიპოვა აქტიური გაშუქება ინტერნეტმედიაში.
„გარემოს დაცვით საკითხების გაშუქებაში, მნიშვნელოვანია მედიის როლი,“ – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
კონკურსის მიზანი იყო სატყეო დარგის პოპულარიზაცია და ჟურნალისტების კვალიფილაციის ამაღლება სატყეო სფეროში ძირითადი გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ. პროექტში ჩართულმა ჟურნალისტებმა გადამზადების კურსები დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად გაიარეს. ასევე, მოეწყო მედიატურები საქართველოს ტყეების მოწყვლად უბნებზე: კახეთში, ზემო აჭარაში, ბორჯომში. შედეგად, პრობლემები აქტიურად შუქდებოდა სატელევიზიო, ბეჭდურ, რადიო და ინტერნეტ მედიაში.
შეხვედრაზე ასევე დაჯილდოვდნენ ახალგაზრდა გარემოსდამცველები.
„კონკურსის თემა იყო სატყეო რეფორმა. პროექტის ფარგლებში გადამზადდა 150 ჟურნალისტი და შეიქმნა 200 -მდე მედიაპროდუქტი,“ – განაცხადა ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN)-ის ხელმძღვანელმა.
პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN)-ის, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მხარდაჭერით განხორციელდა.
„მოხარული ვართ, რომ წვლილი შევიტანეთ საქართველოში განვითარებულ სატყეო რეფორმაში. უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი განიხილავს სატყეო რეფორმაზე კანონის მოსმენას, თუმცა ერთი საკითხია, როცა გაქვს კანონი და მეორე ამ კანონის აღსრულება,“ – განაცხადა მარტინ ლედოლტერმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა.