RSS

ბუნებაზე გაბატონების შედეგები

31 აგვისტო

ოლიკო ცისკარიშვილი

ცოდნა და მეცნიერება ყოველთვის იყო ადამიანის არსებობისათვის ბრძოლის იარაღი. მეცნიერების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია, კაცობრიობის წინსვლა. თუმცა, ხშირად სწორედ მეცნიერული ტექნოლოგიების წყალობით, ვდგებით კატასტროფების წინაშე. მეცნიერების, ბიზნესმენებისა და სახელმწიფოს ერთიანი კოორდინებული მოქმედება არნახული ეკონომიკური ეფექტების წყაროა. ეკონომიკისათვის XX ს-ის 80-იან წლებში ეკონომისტების მიერ შემუშავებული „ენდოგენური ზრდის თეორიით“ ანუ „ზრდის ახალი თეორიით“ გამოიხატა, რომელიც მეცნიერებასა და ეკონომიკას შორის პირდაპირი კავშირის არსებობას აღიარებს.  მეცნიერების სოციალურ ფუნქციაზე მსჯელობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მეცნიერება უშუალო საწარმოო ძალად გადაიქცა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მძლავრი ბერკეტი გახდა. მეცნიერება არასოდეს ყოფილა ისე ორგანულად ჩართული ადამიანის მატერიალური ცხოვრების პირობებში, როგორც ამჟამად. ადამიანთა სოციალურ აქტივობას თან სდევდა საზოგადოების განვითარება, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, განაპირობებდა მეცნიერების პროგრესს.

თანამედროვე პოლიტიკური მაგნატები მეცნიერებას მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობისთვის იყენებენ, ანდა მსოფლიო პოლიტიკური ლიდერობისთვის. ხშირად, მხოლოდ გამდიდრებაზე არიან ორიენტირებულები. ჯერ კიდევ, საუკუნის წინ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ატომის ბირთვის სტრუქტურის გახლეჩვას კატასტოფა მოჰყვებოდა. მეცნიერებამ 1932 წლამდე, არც კი იცოდა ატომის ბირთვის სტრუქტურა, მაგრამ 1939 წელს, ფიზიკოსებმა ბირთვი გახლიჩეს და გამოყოფილი უდიდესი ენერგია 1945 წელს 6 აგვისტოს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენეს. 1954 წელს კი მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა. უილიამ ლოურენსი, გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ მეცნიერული რედაქტორი, ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც ესწრებოდა პირველი ბირთვული გამოცდების ჩატარებას ნიუ-მექსიკოში, ნევადაში, წყნარ ოკეანეზე, თვალს ადევნებდა იაპონიის ერთ-ერთ ქალაქის ნაგასაკის განადგურებას. „ქალაქი დაიწვა. სიბნელემ მრავალი მიცვალებული და დაჭრილი დაფარა. ჰაერი დამწვარი ხორცის მწახე სუნით იყო გაჟღენთილი,” – აღწერს ლოურენსი. სამხედრო წრეებში დიდხანს არ სჯეროდათ, რომ ორმა პატარა ბომბმა ხიროსიმა და ნაგასაკი დაანგრია.

რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი, მეცნიერული შრომის შედეგად, კიდევ ერთი გლობალური კატასტროფა მოხდა. 1986 წლის 25 აპრილს,  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, რომელიც კიევის სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა, მწყობრიდან გამოვიდა. 26 აპრილს კი რეაქტორში ორი აფეთქება მოხდა. მეტალის სქელმა ფენამ და ბეტონის კედელმა ვერ დააკავა გავარვარებული ურანი და გარეთ გამოაღწია. ატომური რეაქტორის რადიაქტიური დონე იმ წუთებში 1500 ატომური ბომბის სიმძლავრეს უტოლდებოდა. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა კატასტროფის შესახებ სამ დღეს დუმდა. ჩერნობილიდან 200 ათას კილომეტრის რადიუსში, ტერიტორია რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, საცხოვრებლად უვარგისად გამოცხადდა. საზღვარგარეთელი ექიმები და სპეციალისტები თვლიან, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში ევროპაში კიბოთი დაავადებულთა რიცხვი, სულ მცირე 75 000 ადამიანით გაიზრდება. ამერიკელმა პროფესორებმა – ჯონ გოფმანმა და კარლ მორგანმა გათვალეს, რომ უახლოესი 70 წლის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ადამიანი კიბოთი დაავადდება. სარკოფაგის მოსამზადებლად 300 ათასი ტონა ბეტონი და 6 ათასი ტონა მეტალი დაიხარჯა. 1991 წლის აპრილში საბჭოთა მეცნიერმა ვლადიმირ ჩერნიშენკომ განაცხადა, რომ კატასტროფამ 7-დან 9 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.

საბჭოთა კორესპონდენტი ვ. ცვეტოვი დიდი ხანი მუშაობდა იაპონიაში. მის ერთ-ერთ წიგნში – „მომწამვლელები ტოსიდან“, დეტალურადაა აღწერილი ის საშინელი ტრაგედია, რომელიც იაპონიის კუნძულ კიუსიუზე, მეთევზეთა პატარა დასახლებაში დატრიალდა. უცნაურ სენს „მინამატა“ დაარქვეს, მალე კი სახელი იაპონიის სამედიცინო ცნობარში შევიდა. უცნობი სენი ხელ-ფეხის დამბლას იწვევდა, მეტყველების უნარს აკარგვინებდა, ბოლოს ტვინის პარალიზებაც ხდებოდა. 1908 წელს მინამატის ქარხნის ამოქმედებას მცხოვრებლები სიხარულით შეხვდნენ, მათ ხომ სამუშაო ადგილები გამოუჩნდებოდათ და მეთევზეებს დამატებით შემოსავლის წყარო ექნებოდათ. 1908 წელს ქარხანა 50 ტონა კარბიდს გამოიმუშავებდა. შემდეგ წელს ამონიუმის სულფადის წარმოება დაიწყეს. 1920 წელს მინამატის ნაპირებზე ზღვამ პირველი მკვდარი თევზი გამორიყა. სპეციალისტთა დასკვნით, 1960 წლის დასასრულს „მინამატის დაავადებით“ 100 ათასი ადამიანი დაიღუპა. 1959 წელს კუმამოტოს უნივერსიტეტის მეცნიერთა განცხადებით მინამატის ნაპირებზე დაჭერილი კიბორჩხალა და თევზი, თვით მდინარის წყალიც კი ისეთი დოზით შეიცავდა მომწამვლელ ნივთიერებებს, რომ საკმარისი იყო ადამიანის გასანადგურებლად. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, იაპონიამ ტექნიკის განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია: ყველაზე დიდი ტანკერები, ყველაზე პატარა კომპიუტერები, ყველაზე მაღალი შენობები (სეისმურად ყველაზე აქტიურ ადგილებში), ყველაზე ჩქარი მატარებლები… თუმცა იაპონელებმა აღიარეს, რომ ბევრის შექმნისას უფრო მეტი დაკარგეს.

მეცნიერების არასწორი გამოყენების კიდევ ერთი უზარმაზარი კატასტროფაა ცნობილი. ქალაქ ჩელიაბინსკში ქიმიური კომბინატი „მაიაკი“, ქვეყანაში პირველი კომპლექსი იყო, სადაც პლუტონს ამზადებდნენ. საბჭოეთში ატომური ბომბის წარმატებულმა გამოცდამ ამერიკის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი შოკში ჩააგდო. 1949 წელს „საიდუმლო ობიექტზე“ სასიკვდილო ელემენტებით გაჯერებული პლუტონის პირველი ამპულები რეაქტორიდან კურჩაკოვმა საკუთარი ხელით გამოიღო. 1957 წელს დასხივებით მიღებულ შედეგებზე ცოტა რამ თუ იცოდნენ. დაბნეული მეცნიერები სიკვდილის მიზეზებს უშედეგოდ იკვლევდნენ. 1957 წლის 7 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა შეტყობინება მიიღო: „ავარიის შედეგად ჰაერში გაიფანტა დიდი რაოდენობის რადიაციული ნარჩენები… რომლებმაც დააბინძურა უდიდესი ტერიტორია კასლინსკის რაიონში.“ ჩერნობილამდე 30 წლით ადრე, „მაიაკში“ მომხდარი აფეთქების შესახებ დასავლეთშიც პრაქტიკულად არაფერი იცოდნენ. 1979 წელს აშშ-ში გამოქვეყნდა ცნობილი საბჭოთა მეცნიერის და დისიდენტ მედვედევის წიგნი „ატომური კატასტროფა ურალში“, რომელშიც მოთხრობილი იყო 1957 წელს მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომ 20 მილიონი კიურის რადიაციულმა ნარჩენმა ჩრდილოეთ ურალის 250 კვადრატული კილომეტრი დაფარა, სადაც 270 000 ადამიანი ცხოვრობდა. „ატომური ენის“ სიგრძე 8-10 კილომეტრს აღწევდა. ამ ტერიტორიაზე მდებარე 23 სოფლიდან, ათი ათასობით ადამიანი იყო ევაკუირებული. 1958 წელს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები – ჩელიაბინსკში 59 ათასი ჰექტარი, ხოლო სვერდლოვსკის ოლქში 47 ათასი ჰექტარი – ორი წლის განმავლობაში არ დაუმუშავებიათ. ავარიის შედეგად მძიმე დასხივება მიიღო 124 ათასმა ადამიანმა. ამ უბედურებას თან დაერთო 1963 წლის გვალვა. მცირეწყლიანი ტბა კარაჩა საერთოდ დაშრა. მტვრის ბუღმა კიდევ 40 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. კიშმიშკის ტრაგედია (რომელსაც ორმაგ კატასტროფას – აფეთქებას და გვალვას უწოდებენ) ბევრად აჭარბებს ჩერნობილისას.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, მეცნიერული ტექნოლოგიების დანერგვით ელექტროენერგიის მიღების მცდელობას, ხშირად სავალალო შედეგები მოჰყვება. ხშირად არ ითვალისწინებენ, რომ საქართველო გეოლოგიურად, სეისმურად აქტიური რეგიონია და გეგმავენ ჰესების მშენებლობას, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება. საქართველოში განვითარებულია თითქმის ყველა სახის საშიში გეოლოგიური მოვლენა: ღვარცოფი, მეწყერი, ფართობული ეროზია, ზღვის ნაპიების გარეცხვა, მდინარეთა ნაპირების გარეცხვა და ქარისმიერი ეროზია, თოვლის ზვავები და ა.შ საქართველოში  50 ათასი მეწყრული უბანი და 3 000-მდე ღვარცოფული ხევია აღრიცხული. საქართველოს მთიანეთი მეწყერ-საშიშია. ბუნებრივი კატასტროფები ქვეყანას წელიწადში მინიმუმ 150-ით მლნ აზარალებს. რთული რელიეფის გამო, საქართველოსთვის წყალდიდობები და ღვარცოფები უკვე წლებია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამის ფონზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე შენდება ჰესები, დარიალის ხეობაში, აჭარის წყალზე, სვანეთში და ა.შ. დაგეგმილია კიდევ ასი ჰესის მშენებლობა. დარიალის ხეობაში ათობით ადამიანი დაიღუპა დევდორაკის ჩამოწოლის გამო. მდგომარეობა  გამწვავდა სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მთიულეთის, აჭარის, კახეთის მთიან რეგიონებში…

საქართველოსთვის წყლის რესურსების პრობლემაცაა. შავ ზღვას და შავი ზღვის ბინადრებს არა მხოლოდ ნაგავსაყრელი და ფეკალური მასები უქმნის საფრთხეს. შავი ზღვა ბინძურდება ნავთობპროდუქტებით. 2006 წლის მონაცემებით, მდინარეებში და უშუალოდ შავ ზღვაში ჩაშვებულია 2758 ათასი მ3 ჩამდინარე წყალი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შექმნილია მტკნარი წყლის საერთო დეფიციტი, ამის მიზეზებია –  წყლის  ობიექტების არასაკმარისად გაწმენდილი ჩამდინარე წყლებით და სამრეწველო ნარჩენებით დაბინძურება, ბუნებრივი წყალშემკრები ფართობების შემცირება, ტყის მასივების განადგურება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის არასწორი მეთოდებით წარმოება. სპეციალისტთა განცხადებით, მსოფლიო ოკეანის წყლებში ნავთობპროდუქტების ყოველწლიურმა მოხვედრამ, ამჟამად 10 მლნ ტონას მიაღწია. გრენლანდიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაახლოებით XVIII ს-ის შუა პერიოდში წარმოქმნილ ყინულში ტყვიის შემცველობა აღმოჩნდა 25-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ყინულში, რომლის წარმოქმნა დათარიღებული იყო ჩვ. წ. აღ-მდე VIII საუკუნით. 1750 წლიდან ტყვიის დაგროვება გრენლანდიის მყინვარებში მუდმივად იზრდებოდა. XX საუკუნის 40-იანი წლებიდან ეს პროცესი გაძლიერდა და დღემდე გრძელდება.

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s