RSS

გოდერძის უღელტეხილზე – კურორტი გოდერძი

29 აგვისტო

ოლიკო ცისკარიშვილი

აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტულ პოტენციალზე უკვე ბევრს ლაპარაკობენ. რამდენიმე წლის წინ, კი მეგობარი გოდერძის უღელტეხილზე და მწვანე ტბაზე დანანებით მელაპარაკა, რომ ჯავახეთიდან ზემო აჭარამდე გზა რომ ყოფილიყო, ზემო აჭარის სილამაზის ნახვა ყველა მსურველს შეეძლებოდა. გოდერძის უღელტეხილისკენ გზას, პირველად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ ორგანიზებულ მედიტურში დავადექით. მართალი აღმოჩნდა ჩემი მეგობარი, ულამაზესია და ტურისტებისთვის გოდერძის უკიდეგანო მთები მიმზიდველი იქნება. მხოლოდ ის რად ღირს, დილით ჩამოწოლილი ნისლი 2350 მეტრ სიმაღლეზე რომ ვერ აღწევს და ღრუბლებს მაღლიდან დაჰყურებ. თავი სამყაროს მაღლა გგონია და ეს შეგრძნება დაუვიწყარია. ულამაზესი „მწვანე ტბა“, რომელიც „გოდერძიდან 7 კილომეტრშია“, მართლა მწვანეა და ისე ბუნებრივია, ხელშეუხებელი, ტურის მონაწილეებს, 16 გრადუს სიცივეში არ დაგვეზარა მისი ნახვა. ეგ კი არა, წამოსული მცირე წვიმის შემდეგაც, არავის უნდოდა მისი დატოვება.

გზა კი, გზა ისევ გაუკეთებელია, თუმცა, შპს „Goderzi Resort“-ის დირექტორის მოადგილე გოჩა მელაძე გვეუბნება, რომ გზა აუცილებლად გაკეთდება, რადგან კორორტ გოდერძის გრანდიოზული პროექტი, უკვე დაწყებულია. გზა – ხულო-გოდერძი- გოდერძი- გოდერძი ზარზმა 2019 წლისთვის მზად იქნება, ამისთვის ას მილიონზე მეტია გამოყოფილი.

„ეს ბუნებრივი პოტენციალი ყველაზე დიდი სიმდიდრეა და გაფრთხილება სჭირდება. სერვისები რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ტურისტებს, უნდა იყოს ისე, რომ გარემოს მიადგეს ნაკლები ზარალი,“ – ამბობს გოჩა მელაძე, და უნებურად ვეკითხები, მართლა ასე ფიქრობ თუ ეს მხოლოდ სიტყვის მასალაა? და მახსენდება ის პოლიტიკოსები, რომლებიც გარემოს დაცვის ლოზუნგით მოდიან-ხოლმე პოლიტიკაში და ხალხიც უპირობოდ ენდობა და მერე გარემოს აღუწერელ ზარალს აყენებენ… იჭვნეულობა მისმა გაკვირვებულმა თვალებმა გამიფანტა… იმედია, „გოდერძის“ ყველა წარმომადგენელი და თანამშრომელი ასე ფიქრობს… „უნდა გავაუმჯობესოთ სერვისები, სხვა დანარჩენი ბუნებამ თავად შექმნა,“ – ამბობს გოჩა, – „ხიხანის ციხე, შავი ტბა, მწვანე ტბა, ერთ მარშრუტში შევა, სტატისტიკური მონაცემებით ზღვაზე უფრო ნაკლებია მოთხოვნა, ვიდრე მთაში. ტურისტების რაოდენობა 20 ათასზე მეტია წელიწადში.“ გოჩა გვიყვება, რომ კურორტზე უკვე მოქმედებს გამწმენდი ნაგებობა, მოგვარებულია წყლის და კანალიზაციის პრობლემა, ასევე ნარცჩენების პრობლემა. მალე მიიღებს ტურისტებს გოდერძის ექვსი კოტეჯი და მეტეო, რომელშიც სხვათაშორის ჩვენ დავბინავდით. კურორტს ყველაფრის  დასრულების შემდეგ, შეეძლება 7000 მოთხილამურე მიიღოს. „ეს რეალობა სულ რამდენიმე წელში იქნება,“ – ამბობს გოჩა მელაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ წარმომადგენელი ირაკლი მიქელაძე გოდერძის უღელტეხილის პრობლემებზეც გვესაუბრება: ყველაზე სერიოზული პრობლემაა საძოვრები. მესაქონლეობა ერთადერთი შემოსავლის წყაროა, მაგრამ პრობლემაა ტყისთვის. საქონელი ტყეში შედის იკვებება და ფეხით თელავს ახალ მცენარეებს, რომლებიც მომავალში ტყის შემქმნელია. აჭარის სატყეო საგენტომ გარკვეული ტერიტორია შემოღობა და უკვე საუკეთესო ნაყარია წამოღებული.“ „სენის“ ინიციატივით აჭარაში შეისწავლეს ტყეები, კვლევა მიმდინარეობდა რამდენია საშეშე მერქანი, სამასალე მერქანი, ნახშირბადის  რაოდენობა რა მდგომარეობაშია და რეკრიაციული პოტენციალი.

„ყველაზე საუკეთესო საშუალება ტყეზე შევამციროთ სოციალური და ენერგეტიკული ზეწოლა ესაა რეკრიაციული პოტენციალის ათვისება. რაც არ უნდა დავიცვათ. დაცულ ტერიტორიებზე გაჩნდა ალტერნატიული შემოსავალი და უკვე მოსახლეობამ სხვადასხვა წარმოებას მიჰყო ხელი. ასე მოხდება აქაც,“ – ამბობს ირაკლი მიქელაძე „სენის“ რეგიონალური კოორდინატორი.

ბეშუმის მიმდებარედ არსებული ტყე სატყეო ფონდის ტერიტორიაზე  ბეშუმის ტყე-პარკი გაშენდება, რომელიც საკურორტო ზოლის დამხმარე იქნება. ცოტა ხნის წინ, ბეშუმში ტყის ნაპირი სწორედ „სენმა“ გაათავისუფლა თვითნებური ნაგავსაყრელისგან.

„ბოლო ოთხი წელია ბუნებრივი განახლებაზე ვმუშაობთ, 400 ჰექტრამდეა შემოკავებულის ტყის ფონდი ტერიტორიები ხულოს მუნიციპალიტეტში, იქ არ ხდება ადამიანის შესვლა და საქონლის ძოვება,“ – გვეუბნება რენალ ბოლქვაძე ხულოს სატყეოს ადმინისტრაციის დირექტორი და დასძენს რომ კიდევ ბევრი ტერიტორიის შემოკავებას გეგმავენ. ასევე ამბობს, რომ საქონელი ცოტაა და შესაბამისად, ტყეშიც ძალიან ცოტა საქონელი შედის.

„ბეშუმს უკვე დიდი ისტორია აქვს. გზა უკვე გაკეთებულია, წელს დასრულებულია წყალიც და განათებაც მოეწყობა. გაკეთდება ცენტრალური გზაც, ბათუმი ახალციხის დასაკავშირებელი, უკვე მოსახლეობასთან მიდის მოლაპარაკებები ნაკვეთების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც გზამ უნდა გაიაროს. მომავალი წლიდან დაიწყება რეალური სამუშაოები და ამის მერე ერთი-ორად გაიზრდება ტურისტების რაოდენობა. როცა გზა მოგვარდება ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იქნება და სტუმარიც თავს კომფორტულად იგრძნობს,“ – ამბობს  გურამ აბულაძე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის მთავარი სპეციალისტი.

მოგვიანებით ვსტუმრობთ თემურ ვასაძე გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის მენეჯერს. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი  2018 წელს გაიხსნება, სადაც  იქნება ვიზიტორთა ცენტრი, მეფუტკრის სახლი, ბილეთების ჯიხური, საპირფარეშოები და ა.შ.

„ბაღი უკვე შემოკავდა. 2 მილიონი ლარია საჭირო რომ  პროექტი სრულყოფილი იყოს, მხოლოდ გზებსა და ბილიკებს სჭირდება 320 ათასი ლარი. ხის სახლის პროექტი 80 ათასი ჯდება. ადმინისტრაციული შენობა კი 600 ათასი. ფინანსები კიდევ მოსაძიებელია,“ – ამბობს თემური ვასაძე და ამატებს, – ბაღში იქნება სანერგეები, გავაკეთეთ ტერიტორიის ზონირება, ყველაზე დიდი ადგილი დავუთმეთ რეკრიაციულ ადგილებს. რომელშიც შედის ტბები, ხიხანის ციხე და ა.შ. აქ გვაქვს ბუნებრივი წყარო, რომელთანც კეთდება საპიკნიკე სივრცე. ასევე დაგეგმილია ეკოსაგანმანათლებლო ზონა, სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის. პრაქტიკული ლექციების ჩატარებისთვის, სივრცე გამოვყავით, მცენარეების ერთ ადგილზე თავმოყრისთვის. გერმანელი სპეციალისტები დაგვეხმარებიან ქვის ბაღების გაკეთებაში,“ – ამბობს 28 წლის თემური, რომელიც ცოტა ხანში დისერტაციას აჭარის გვიმრებზე დაიცავს და გვიხსნის, როგორი ლამაზი და საინტერესო იქნება გუმბათოვანი ქვის ბაღები სუბალპური მცენარეებით გადამწვანებული…

ბაღში, რომლის ფართობიც ათი ჰექტარია, და უკვე 165 სახეობის მცენარეა აღრიცხული, მხოლოდ აჭარის რეგიონიდან 700 მცენარის შემოტანა იგეგმება. იგეგმება სანერგის მოწყობაც. ბაღში, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებსაც შეეძლებათ მუშაობა. მათთვის კომფორტულ სამუშაო გარემოზეც იზრუნებენ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s