RSS

რეკრიაციული ზონები – აჭარის ტყის გადარჩენის ხერხი

28 აგვისტო

ოლიკო ცისკარიშვილი

გოდერძის უღელტეხილიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ დაგეგმილ მედია ტურში,  ქედისკენ ვეშვებოდით, როცა მდინარის ნაპირზე დაყრილი ხეები შევნიშნე… 1408 ძირი წითელ წიგნში შეტანილი ხე, შარშან, აჭარისწყლის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებას შეეწირა. გასულ წელს, სწორედ ეს ხეები გადავიღე კოლეგასთან ერთად. საქართველოს მთავრობამ “აჭარისწყალ ჯორჯიას” მათი მოჭრის უფლება მისცა. ამის სანაცვლოდ, კომპანიამ საკომპენსაციოდ სხვაგან უნდა დარგოს იგივე სახეობის ხეები. სოფელ „კვატიას“ მოსახლეობამ შარშან კომპანიის წარმომადგენლებს არ მისცა ხეების დარგვის უფლება, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ კომპანიის მხრიდან ეს ფუჭი ქმედება იქნებოდა, რადგან სწორედ კვატიას მიმდებარე ტერიტორიაზე იქმნებოდა უზარმაზარი წყლის სარკე, რომელიც ამ ხეებს დაფარავდა.

აჭარისწყლის კასკადი შედგება ოთხი ჰესისაგან: ზომლეთის, ვაიოს, დანდალოს და ჭოროხის. ჰესების კასკადის ინფრასტრუქტურის ობიექტები განთავსებულია ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორებზე, შესაბამისად ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება მოსალოდნელია ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში.

ჯერ კიდევ, 2004 -2010 წლებში ისეთი ბუნებრივი სტიქიის გამო, როგორიცაა ძლიერი წვიმებითა და თოვლის სწრაფი დნობით გამოწვეული წყალდიდობა და მეწყერი აჭარიდან (მათ შორის ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან) 763 ოჯახი განსახლდა. აჭარის ეკომიგრანტების პრობლემების საკოორდინაციო ჯგუფის ოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივი სტიქიის ზემოქმედების არეალში აღრიცხულია 4,144 ოჯახი, რომლებიც ელოდებიან დახმარებას. პროექტის გავლენის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტების უმრავლესობა მაღალი სენსიტიურობით გამოირჩევა საშიში გეოლოგიური პროცესების მიმართ. ასეთივე სენსიტიურობით გამოირჩევა, 370 კომლიანი სოფელი მერისიც, რომელსაც ჩვენ ვსტუმრობდით, თვალნათელია მეწყრული პროცესები. ადგილობრივების თქმით, ხშირად სოციალური ჭრების ნაცვლად, ხეებს გასათბობად ახლომდებარე ტყიდან ეზიდებიან, რადგან გამოყოფილი ტყე-კაფები ხშირად მოიდგომელია. ზამთარში სოფელში დარჩენილი 280 კომლი ვერ ახერხებს გათბობისთვის შეშის მოტანას. გაჩეხილი ტყის გამო კი ხშირია ღვარცოფები, რის გამოც, სოფელი ხშირად ორი-სამი დღით წყდება გარე სამყაროს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, წყლისა და მეწყრული პროცესების დასაკავებლად ასხავენ ბეტონს, თუმცა ეს უფრო წყლის ნაყვას გავს.

აჭარაში  მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას და მოყვათ კარტოფილი და თამბაქო. მთიანი აჭარის დასახლებული პუნქტები მცირემიწიანია.

გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის თქმით, „ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ხშირია ბუნებრივი კატასტროფები, მეწყერი და ეროზია, რაც ბუნებრივ პირობებთან ერთად, ისეთ ანთროპოგენურ საქმიანობებს უკავშირდება, როგორიცაა გადაძოვება, ტყის გაჩეხვა და სხვა. მეწყრული და ეროზიული პროცესები პირდაპირ კავშირშია სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებისა და საძოვრების დაკარგვასთან. მცირემიწიანობა, ეროზიული პროცესები, ასევე რთული რელიეფი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორებია.“

აჭარაში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად შეიძლება გზებსა და ხიდებს პრობლემა შეექმნას. არსებობს გზების გადაკეტვის და ხიდების ამორტიზაციის და მწყობრიდან გამოსვლის რისკები, რამაც შესაძლებელია სოფლებთან კომუნიკაციის გაწყვეტა გამოიწვიოს. პროექტის უშუალო ზეგავლენის ქვეშ მოქცეული დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც პრაქტიკულად ზემოაღნიშნული პრობლემების მიმართ მოწყვლადი არიან, წარმოადგენს სოფლები კვატია, დიდაჭარა, მახალაკიძეები, დაბა ხულო, დაბა შუახევი და დაბა ქედა.

ჰესის უარყოფით გავლენაზე საუბრობს ჯაბა ლორთქიფანიძეც, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ წარმომადგენელი და ამატებს, რომ პრობლემა იქმნება ასევე მაღალი ძაბვის ანძებისგანაც, რომლებიც ხშირად პირდაპირ მოსახლეობის კარმიდამოზე გადის.

აჭარის მთიან ზონაში განვითარებული მეწყერები ხასიათდებიან მეტად რთული გენეზისით, დინამიკით და მოძრაობის მექანიზმებით. მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენებიდან დომინირებენ კონსისტენტური (კლიმატოგენური) მეწყრები, რომელთა წარმოშობა-გააქტიურება დაკავშირებულია ატმოსფერული ნალექების რაოდენობრივ მაჩვენებელთან (ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელია 1228 მმ, საშუალო ფარდობითი ტენიანობა 70%) და ტექტოსეისმოგრავიტაციული მეწყრები, რომელთა წარმოქმნა უშუალოდ უკავშირდება ტექტონიკური აშლილობების ზონებს და მათ პროვოცირებაზე მთავარ როლს ასრულებენ სეისმური ბიძგები. ყველა მათგანს ახასიათებს მკვეთრად გამოკვეთილი საზღვრები, შემოსაზღვრულია მოწყვეტის ფლატეებით და მეწყრული საფეხურებით. ამ სახის მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები ხასიათდებიან მასშტაბური განვითარებით, ღრმა დეფორმაციით და დიდი მოცულობებით.

„ტყის გაჩეხვა ხელს უწყობს მეწყრულ პროცესებს,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ წარმომადგენელი ირაკლი მიქელაძე და ფიქრობს, რომ გამოსავალი ტურისტულ და რეკრიაციულ ზონების შექმნაშია. „უამრავი ტურისტი შეიძლება მოიზიდოს აჭარის ტყეებმა,“ – ამბობს ის.

აჭარა თავისი განუმეორებელი ბუნებრივი ლანდშაფტით ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია საქართველოში. აქ, ზღვისპირეთიდან დაწყებული ალპური ზონის ჩათვლით თავმოყრილია ლანდშაფტურ-გეოგრაფიული ზონალობის ყველა სპექტრი, რაც სოფლის მეურნეობის (განსაკუთრებით სუბტროპიკული) და საკურორტო-რეკრეაციული დარგების განვითარების მეტად ხელსაყრელ პირობებს იძლევა. მაგრამ ამ დარგების გეგმაზომიერ მართვას ძლიერ უშლის ხელს ბუნებრივი და ადამიანის ხელშეწყობით წარმოქმნილი სტიქიური პროცესების (ეროზიულ-აბრაზიული მოვლენები, მეწყრები, კლდეზვავები, ღვარცოფები, თოვლის ზვავები) განვითარება და მათი პერიოდული აქტივაცია. რეგიონის ხანგრძლივმა და უსისტემო ათვისებამ გამოიწვია  ბუნებრივი გარემოს ძლიერ ანთროპოგენიზაცია, დაიწყო დინამიკურად ისედაც მეტად არამდგრად წონასწორობაში მყოფი შეუქცევადი რღვევა, ცვლილებები და სტიქიური პროცესების არნახული სიძლიერით წარმოქმნა-აქტივიზაცია, რის გამოც აჭარა საგანგებო ბუნებრივი კატასტროფული სიტუაციების ხშირი განმეორებადობის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მოექცა. მწყობრიდან გამოდის დიდძალი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ზინადება სატრანსპორტო კომუნიკაციები, საშიშროების ზონაში ექცევა ათობით დასახლებული პუნქტი და, რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, მათ გააქტიურებას თან სდევს ადამიანთა მსხვერპლი. პრობლემაა ტყეში დაავადებული ხეების გამოტანაც. დაავადებული ხეები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ჯანსაღ ხეებს.

„სენის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, თუკი ტყეს მიეცემა რეკრაციული ფუნქცია და ტურისტები დაინტერესდებიან, ტყეც გადარჩება და ადგილობრივების ეკონომიკური შემოსავალი გაეზრდება. სწორედ, ამიტომ დაიწყო „სენმა“ პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისთვის“, რომლის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია. ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა.

„გამოყოფილია მილიონი ევრო, უკვე შემოსულია ასამდე განაცხადი,“ – ამბობს „სენის“ წარმომადგენელი ნინო გაფრინდაშვილი. მისი თქმით, ადგილობრივები თავად გადაწვეტენ, რომელი სოფლისთვის რა დარგია პრიორიტეტული. ზოგი ტურიზმს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი ცნობილი ყურძნის ჩხავერის მოყვანას, რომლისგანაც უგემრიელესი ღვინო დგება, ზოგი რას და ზოგი რას…

სოფელი მერისი კი ერთ-ერთია, სადაც შეიძლება ტურიზმის განვითარება და რეკრიაციული ზონების გამოყოფა. მანამდე კი სამუშაო ბევრია: დასაგეგმია პროექტები, მოსანიშნია ტურისტული ბილიკები და ა.შ.

 

 

დატოვე კომენტარი