ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი საქართველოს მთიან რეგიონებში უდიდესია, მაშინ როცა დღევანდელ პირობებში, საქართველოში, მოსახლეობა, გასათბობად გამოიყენებს შეშას. შეშის მოხმარება საქართველოს ენეგერტიკული მოთხოვნის 10-12%-ს აკმაყოფილებს, სწორედ შეშა შეადგენს მთლიანი ადგილობრივი მიწოდების 30-35%-ს, მისი ძირითადი მომხმარებლები – სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა და გამოიყენებენ გათბობის, საჭმლის მომზადებისთვის და ცხელი წყლის მისაღებად. ეკოლოგების თქმით, შეშის წლიური მოხმარება რამდენჯერმე აღემატება შეშის იმ მოცულობას, რომლის გამოყოფაც ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ არის შესაძლებელი. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ წლიურად გამოყოფილი საშეშე რესურსი – 600,000 მ³ – საერთო მოთხოვნის 25%. ამიტომ მოსახლეობის მიერ შეშის ძირითადი ნაწილის მოპოვება ხდება უკანონოდ. მნიშვნელოვანი რაოდენობის შეშა გამოიყენება საჯარო და კერძო სექტორშიც > 500,000 მ³. სახელმწიფო კანონიერად ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი ენერგიის მიწოდების 30%-ს.
სამწუხაროდ, შეშის დამზადება ხდება არარაციონალურად (მერქნის 35-40% რჩება ადგილზე); შეშის მოხმარება არის უკიდურესად არაეფექტური – დაბალი ეფექტურობის მქონე ღუმელები, რომლებიც საზიანოა ჯანმრთელობისათვის; სპეციალისტთა თქმით, 2 მიკრონის სიდიდის მყარი ნაწილაკები გადის ორგანიზმის ყველა დამცავ ბარიერს და აღწევს ტვინში; მოსახელობა ხშირად გასათბობად მოიხმარს ახალმოჭრილი ხეს, რომლის წვის ეფექტურობა ნაკლებია; პრობლემაა დაუთბუნებელია სახლებიც, ამიტომ სითბოს დიდი ნაწილი იკარგება
ტყეების დარჩენილი გამეჩხერებული კორომების უკანონო ჭრები კი, იწვევს მომეტებულ მეწყერებს, წყალმოვარდნებს, ეროზიას და ა.შ. იზრდება მოსახლეობის სათბობი რესურსის გარეშე დარჩენის და ენერგეტიკული შიმშილის რისკი, რაც იწვევს მოსახლეობის მიგრაციას ქალაქებისკენ.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად ეკოლოგები ორ ალტერნატიულ გზას გვთავაზობენ: 1. შეშაზე მოთხოვნილების შემცირება ეფექტურობის გაზრდით; ეფექტური შეშის ღუმელების დანერგვა; შენობების დათბუნება და სითბოს დაზოგვის მარტივი ღონისძიებების გამოყენება; მომხმარებლების ინფორმირება შეშის დროული დამზადების შესახებ და სველის ნაცვლად მშრალი შეშის გამოყენება. სტანდარტულ ღუმელებზე ჰაერის მიწოდების რეგულირება. და მეორე: შეშის ჩანაცვლება ალტერნატიული სათბობით: ბუნებრივი გაზი; ნარჩენი ბიომასიდან დამზადებული ბრიკეტები, პელეტები და ნაფოტები ; ქვანახშირი (თუკი ხარისხი ევროკავშირის სტანდარტებს დააკმაყოფილებს).
საქართველოს ბიომასის ასოციაციამ, CENN-მა, ახალი ტენოლოგიების ცენტრმა, ავსტრიულ კომპანია Herz Energietechnik-მა და ფინური კომპანია Nocart-მა, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებთან ერთად, თიანეთის კულტურის სახლში გამართა ერთობლივ სამუშაო შეხვედრა: „ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი საქართველოს მთიან რეგიონებში“. შეხვედრის მიზანი საქართველოს ბიომასის ასოციაციის ოფიციალური წარდგენა და მონაწილეებისათვის გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების გაცნობა იყო. კერძოდ, პროექტით გათვალისწინებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროსკარში მდებარე სასკოლო პანსიონის აღჭურვა ავტომატური რეჟიმის ბიომასაზე მომუშავე მიკროთბოსადგურით, და თიანეთის მუნიციპალიტეტში 30 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიბრიდული (მყარი ბიომასა, მზის ენერგია, ჰიდროენერგია) ენერგოცენტრალის ორგანიზების წინასწარი მიზანშეწონილობის კვლევის განხორციელება.
„ეს პროგრამა პრიორიტეტს ბიომასის რესურსის სწორედ გამოყენებას ანიჭებს,“ – ამბობს არასამთავრობო „სენის“ წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი.
„ჩვენი ქვეყანა სარგებლობს ყველა ენერგორესურსით და საქართველოსაც შეუძლია ეს გააკეთოს,“ – ამბობს რაიმონდს იანკოვსკი, კომპანია Herz Energitechnik-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ექსპორტის მენეჟერი ავსტრიიდან, – „უმნიშვნელოვანესია ბიომასის გამოყენება. ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია ბიომასის ავტომატურად გადამუშავება.“
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მოსახლეობის 90 % თბება შეშით. მაღალმთიან რეგიონებში ტემპერატურის ცვლილება დღე-ღამის განმავლობაში კი 10-12 გრადუსია, რის გამოც სახლები იშლება და ნაგდურდება. მისი თქმით, თუ ბიომასას გამოიყენებს მოსახლეობა ბევრი პრობლემა მოგვარდება. „ეს ენერგია ჩვენ გვაქვს, რომელსაც ფაქტობრივად ვყრით. კომფორტი, უსაფრთხოება, სიიაფე – ამიტომ მომწონს ეს იდეა. თან ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ბიომასა,“ – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი, – „ბიომასის გადამუშავებით არა მარტო გვთბილა, ენერგიასაც ვიღებთ.“
საქართველოს ბიომასის ასოციაცია, რომელიც ამ შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, 2017 წლის მარტში, UNDP-ის პროექტის – „ბიომასის წარმოებისა და უტილიზაციის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით დაფუძნდა. საქართველოს ბიომასის ასოციაციამ მიიღო გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსება საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში (თიანეთი და დუშეთი) ბიომასის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული პროექტის განსახორციელებლად. პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ბიოსაწვავის, როგორც ტყისა და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან მიღებული ალტერნატიული და მდგრადი საწვავის გამოყენების პრომოციას.
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟეპოტის მკვიდრი, მათე დოლიაშვილი ამბობს, რომ ზამთარში შეშით თბებიან. „კუბომეტრი შეშა 6 ლარი ღირს, ბიომასის გამოყენება კარგი იქნება. ზამთარში 15 კუბომეტრი შეშა გვჭირდება. ვისაც გაზის ყიდვის თავი არ აქვს ისინი მოიხმარენ შეშას,“ – ამბობს 21 წლის მათე, რომელიც 540 კომლიან სოფელში ცხოვრობს, – „გვპირდებიან ბუნებრივი აირის გამოყვანას სექტემბერში მოვრჩებითო, თუმცა ბიომასის მოხმარების საშუალებაც რომ იყოს, კარგი იქნებოდა.“ თუმცა ფიქრობს, რომ ბიომასის მოხმარებისთვის, მაშინ დანადგარი ყველა ოაჯხს უნდა ჰქონდეს, და ამასთან მინიმუმ სამი სული საქონელი, რომ საჭირო ენერგია გამომუშავდეს, მისთვის კი ეს წარმოუდგენელია.
საქართველოში შეშის მოხმარებასთან დაკავშირებული კრიზისის დაძლევისთვის და ბიომასის ენერგეტიკული გამოყენების მოწესრიგებისთვის, აუცილებელია ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების ძალისხმევას და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მუშაობას. აუცილებელია ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და მიღება!
WEG და CENN-ის რეკომენდაციები კი ასეთია: კრიზისის დაძლევის მოკლე და საშუალოვადიანი გეგმების გაწერა; გაზიფიცირების მიზანშეწონილობის შესწავლა; ალტერნატიული მყარი ბიოსაწვავის სამოქმედო გეგმის შესრულება; ტყის მეურნეობის განვითარების სტრატეგია; ტყიდან ნარჩენი ბიომასის გამოტანა და მოსახლეობისათვის განაწილება ხელმისაწვდომ ფასად. განახლებად ენერგიის განვითარებაზე და ტექნოლოგიებზე მომუშავე ბიზნესების სტიმულირება; შეშის რესურსის სრულფასოვანი გათვალისწინება ენეგრეტიკულ სტრატეგიაში.შეშის მოპოვების ორგანიზება და უკანონო ჭრაზე კონტროლის გამკაცრება; ტყიდან ნარჩენი ბიომასის გამოტანის და სათბობის ნედლეულად გამოყენების ხელშეწყობა; დეგრადირებულ ტყეებში ქვეტყის მოშორებისა და გამოხშირვის სამუშაოების გააქტიურება; ჩამოყალიბდეს და ამუშავდეს სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო შესაბამისი სამინისტროების და მოწყვლადი მუნიციპალიტეტების მონაწილეობით