RSS

საქართველოში ტყეები მცირდება

21 ივლ

ოლიკო ცისკარიშვილი

მდინარე თურდოს სათავისკენ დავიძარით გომბორგადმოვლილი ჟურნალისტები, რომლებსაც არასამთავრობო „სენმა“ მოგვიყარა თავი.  სამანქანო გზიდან ორკილომეტრნახევარზე მეტი გვქონდა გასავლელი იმ ადგილამდე, სადაც ნახშირის მოპოვება ხდება, ალაგ-ალაგ მოჭრილი ხეები გვხვდება, მეწყრული უბნებიც უხვადა. მდინარე დამშრალია, ამიტომ უხიფათოდ ქვებზე მაინც ფრთილად გადავდივართ. მდინარემდე უშველებელი ჭალაა, სადაც ადამიანზე მაღალ ბალახში გვიწევს სიარული, მზე ზენიტშია და რომ არა გრძელსახელოებიანი მაისური მხოლოდ მხრების დაწვით ვერ გადავრჩებოდი. აღმართზე ზურგჩანთის და კამერის ტარება გამიჭირდა და კოლეგა მეხმარება – ცოტნე, რომელსაც მერე წამდაუწუმ ვაწუხებ ხან წყლის გამო, ხან რის და ხან რის გამო…

სიარული ძალიან მიყვარს, მაგრამ აღმართებზე როცა ნაბიჯს ვუმატებ გული ყელში მებჯინება და ვეღარ ვსუნთქვა, არადა, მინდა არ ჩამოვრჩე კოლეგებს, მაგრამ არც ის მინდა ბალახებში შემომჯდარი ჭიამაია, ანდა კალია გამისხლტეს ხელიდან, ამიტომ ერთი კადრისთვის დაყოვნება, ჯგუფიდან ჩემი ხუთი ნაბიჯით ჩამოშორებას ნიშნავს… თითქმის გზიდანვე ჩანს, მთებში ამომავალი თეთრი კვამლი, ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ იქ ხეებს წვავენ და ნახშირს აკეთებენ. გულუბრყვილოდ მჯერა, რომ ამ ნახშირს სამედიცინო მიზნებისთვის იყენებენ. ახლოს მისულებს საშინელი სუნი და მჭვარტლი გვხვდება, შუახნის ზვიადი, რომელიც იქ მარტო არ მუშაობს, გვეუბნება, რომ ნახშირი რესტორნებს მიაქვთ… „თვეში ერთ ტონა ნახშირს ვამუშავებთ,“ – გვეუბნება ის და ამატებს, რომ ნებართვა გარემოს დაცვის სამინისტროდან აქვს აღებული და მხოლოდ დაფურუტებულ ხის მასალას მოიხმარენ, თუმცა მდინარე თრუსოს ზევით, სადაც ამჟამად მიტოვებული ნახშირის საწარმოა, აშკარად ჩანს ხის ჭრები.

იმედია, მაქსიმალურად იცავენ უსაფრთხოების ზომებს, რადგან სხვადასხვა მიზეზით ნახანძრალი ტერიტორიები აღმოსავლეთ საქართველოს ტყეებში, 2015 წლის მონაცემებით 39.40 ჰექტარია. პრობლემა მხოლოდ ხანძრები არაა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში სატყეო სექტორში განხორციელებული წარუმატებელი რეფორმების, მომხმარებლური მიდგომების, ალტერნატიული სათბობი საშუალებების გამოუყენებლობის შედეგად ქვეყნის ტყით დაფარული ტერიტორიები ინტენსიურად დეგრადირებული და მნიშვნელოვნად შემცირებულია. სატყეო მეურნეობის გაძღოლის არასწორი პრაქტიკა განპირობებულია ტყის მართვის ორგანოს არაეფექტიანი სტრუქტურით.

„ტყის ფონდის მართვის ორგანო შეზღუდული უფლებების პირობებში ვერ ახორციელებს ტყეების მართვას სახელმწიფოსთვის ეკონომიკური მოგების მიღების კუთხით და ვერც მიღებული შემოსავლიდან განვითარებისათვის საჭირო რეინვესტიციებს დებს. სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდული სუბსიდირების პირობებში ვერ ხორციელდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისკენ მიმართული ღონისძიებები, ვერ ახლდება მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ვერ იქმნება კონკურენტული გარემო კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და მათი პროფესიული ზრდისათვის,“ – ამბობს ნათია იორდანიშვილი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, – „ლიცენზირების სისტემის შემოღება გაუმართლებელი იყო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნდა ზუსტი მონაცემები არსებული ტყის რესურსების შესახებ და კონტროლის სუსტი მექანიზმების გამო სათანადოდ ვერ ახორციელებდა ზედამხედველობას. ლიცენზიანტების საქმიანობების შედეგად ტყეებისათვის მიყენებული ზიანით გამოწვეული ზარალი აღემატება ლიცენზიების გაყიდვით მიღებულ, ერთჯერად, ეკონომიკურ შემოსავალს.“

საქართველოს ტყის ფონდი – 3 005 300 ჰა, 2011 წელს დაზუსტებული მომაცემებით 2 620 676  ჰა. ტყეების დეგრადაცია გრძელდება და წლიური შემატება საშუალოდ 2 მ3-დან ჰექტარზე 1990 წელს, ჯერ შემცირდა 1.8 მ3-მდე ჰექტარზე 2014 წლისათვის და უმოქმედობის შემთხვევაში 2030 წლისათვის იგი კიდევ უფრო შემცირდება 1.6 მ3/ჰა-ზე. მოსახლეობის მიერ ხე-ტყის გამოყენება საშეშე მასალად რჩება იმავე რაოდენობით, როგორც 2014-2015 წლებში აჩვენებს ენერგობალანსი 2.5 მლნ. მ3 წელიწადში;  მშპ-ს და მოსახლეობის ზრდით გამოწვეული მოთხოვნილების ზრდა ენერგორესურსზე (გათბობა-ცხელწყალმომარაგება) კმაყოფილდება შენობებში გატარებული ენერგოეფექტური ღონისძიებებით  დაზოგილი ბუნებრივი აირით, ბიომასის ნარჩენებით დამზადებული ენერგოეფექტური საწვავით და მზის ენერგიით.

გარემოსდამცველ მარინა შვანგირაძის თქმით, 2015 წლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე (სამეურნეო ტყეები და დაცული ტერიტორიები) ბიომასის მარაგი ჯამში შემცირებულია 94 მლნ მ3 (24%), ხოლო დეპონირებული ნახშირორჟანგი შემცირებულია 61 მლნ ტონით (11%). ტყით დაფარულ ფართობებზე მერქნის მარაგების ტრენდი 2015 წლის შემდეგადაც კლებას განიცდის და 2030 წლისთვის 30%-ით იკლებს 1990 წელთან შედარებით, რაც 279.9 მლნ მ3-ია.

„სოციალური მოთხოვნილებების ზრის ფონზე, ეროვნული სატყეო სააგენტო, გადაიქცა უწყებად, რომელიც მხოლოდ მოსახლეობის საჭიროების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. ტყეების მოვლა-აღდგენისათვის განხორციელებული ღონისძიებების მასშტაბები უმნიშვნელოა და ვერ უზრუნველყოფს ტყეების ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას. სატყეო სექტორი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ  აღიქმება მხოლოდ საშეშე და სამასალე მერქნის მიმწოდების საშუალებად, ტყეში ფიზიკურად არსებული რესურსის მოცულობისა და შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე. სოციალური ჭრებით ხე-ტყის დამზადება, ძირითადად, ხორციელდება დაურეგისტრირებელი კერძო პირების მიერ, შესაბამისად, ვერ ხერხდება მათი იდენტიფიკაცია, შემოსავლების აღრიცხვა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდა. სოციალური ჭრით დამზადებული სამასალე მერქანი ხშირ შემთხვევებში გამოიყენება არამიზნობრივად და ხვდება შავ ბაზარზე. ადგილობრივი მოსახლეობა თავად ახდენს ხე-ტყის დამზადებას (მათ შორის უკანონოდაც). ხშირ შემთხვევაში, ასეთი არაკვალიფიციური პირების საქმიანობის შედეგად ტყეს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. ზეწოლა იწვევს ტყის მასივების განადგურებასა და გახშირებულ ბუნებრივ კატასტროფებს მეწყერებისა და წყალდიდობების სახით. ადგილობრივ მოსახლეობას, არ გააჩნია საჭირო აღჭურვილობა და შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება ხე-ტყის დამზადების პროცესის უსაფრთხოდ წარმოებისათვის, რის შედეგადაც საკმაოდ გაზრდილია უბედური შემხვევების რაოდენობა და სხეულის დაზიანებების რისკი,“ – ამბობს ნათია იორდანაშვილი. მისი აზრით, ტყის მართვის უწყებები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ კადრებითა და ტექნიკური საშუალებებით, რათა შეძლონ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულება, მათ შორის: ა) ტყის მართვისთვის პასუხისმგებელი ორგანოების განვითარების გეგმების, მათ შორის, ბიუჯეტის, ტექნიკური დახმარების, ინდიკატური, ფინანსური გეგმის ან/და ბიზნესგეგმის მომზადება და განხორციელება;  ბ) ტყის მართვის უწყებების კადრებითა და უფლებამოსილებებით უზრუნველყოფის სქემის შემუშავება მათთვის დაკისრებული ამოცანების შესაბამისად; საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო წყაროებიდან მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა (პროდუქტებისა და მომსახურების რეალიზაცია, კომპენსაციები და სხვა).

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s