
2014 წლის მონაცემებით, საქართველოს 3633 სოფელში, 1 591 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 42%-ა; აქედან 223 სოფელს, მოსახლეობის გრაფაში უწერია – 0, ანუ იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს.
გამოცემის ცნობით, 2014 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ნასოფლარი მცხეთა-მთიანეთშია: გუდამაყარში 22 სოფელია, მაგრამ ზამთარში სოფლების უმეტესობა იცლება. ბევრგან 2-3 ან მაქსიმუმ 10 ოჯახია. მთელ გუდამაყარში ერთი სკოლაა, რომელშიც 11 მოსწავლე დადის; სოფელ ლუთხუბში ოფიციალურად რეგისტრირებულია 23 ადამიანი. 2002 წლის აღწერით, აქ 80 კაცი ცხოვრობდა. დღეს გუდამაყრის ხეობაში ლუთხუბს მოსახლეობით მხოლოდ მაქართა და კიტოხი აღემატება. იქ 25-40 კაცი ცხოვრობს.
აჭარაში 3 ნასოფლარია (თითო-თითო ქობულეთში, შუახევსა და ქედაში), სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7 (აქედან 4 მესტიაში), იმერეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე სამცხე-ჯავახეთში – 10-10, ქვემო ქართლში – 13 (ყველა თეთრიწყაროში), შიდა ქართლში – 44 (21 გორში), კახეთში – 53 (აქედან 51 ახმეტაში, უმეტესობა თუშეთში), მცხეთა-მთიანეთში – 75 (აქედან 40 დუშეთის მუნიციპალიტეტში, 21 – ყაზბეგში).
ქვეყნის მხარეებიდან მიგრაციის მაჩვენებლით და მოსახლეობის სიმცირით პირველ ადგილზე რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია. ახლა იქ სულ 31 ათასი კაცი ცხოვრობს.
გამოცემა წერს, რომ 120 წლის წინ, 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა 1 919 000 იყო და აქედან ქალაქში მხოლოდ – 16% ცხოვრობდა. 1926 წელს – 22 %, 1939 წელს – 30 %, 1959 წელს – 42%, 1979 წელს – 52%, 1989 წელს – 56%, 2002 წელს – 52% და 2014 წლის აღწერით, მოსახლეობის 57% ქალაქში ცხოვრობს.