დაჩი, 15 წლის იყო, როცა გავიცანი. თუ არ ვცდები ზედაზნის მონასტერში ვიყავით, მერე შიომღვიმეშიც… მაშინ მისგან გაოცებული ვისმენდი, როგორ უყვარდა ცხოველები, როგორ ზრუნავდა ფრინველებზე… როგორ უყვარდა ბუნება…
დაჩი შოშიტაშვილი ახლა 20 წლისაა, 11 წლიდან თბილისის ზოოპარკში მოხალისეობდა და ცხოველებზე ზრუნავდა. ახლაც არ ღალატობს ზოოპარკს… და დაჩის ელოდებიან გალიებს მიღმა არწივები, ფერადოვანი თუთიყურშები, ბუები და ახლახანს ზოოპარკში დასახლებული პინგვინებიც…
დაჩი ფრინველების სიყვარულს სხვებსაც ასწავლის, უცხოელ ტურისტებს კი ხან ვაშლოვანში და ხან ყაზბეგის ტყეპარკში დაჰყვება, რომ კავკასიური ფრთოსნები გააცნოს. სხვათაშორის ტურიზმის ეს სახეობა ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში და საქართველოშიც შეიძლება მისი განვითარება.
დაჩი მომრავლებულ ჰესების მშენებლობასაც დარდობს, რადგან ელექტროენერგიის გადამცემი ანძები ხშირად ზუსტად იმ მარშრუტზე იგება, სადაც გადამფრენი ფრინველების გზა გადის. ამიტომაც, ხშირად ფრინველები ანძების მსხვერპლი ხდებიან.
ზოოპარკში სტუმრობისას დაჩი რუდუნებით გვიყვება რომელ თუთიყუშს დეპრესია აქვს, რომელი ბუ სად იკეთებს ბუდეს… რომელი ფრინველია ლგბტ (ფრინველებსა და ცხოველებში ეს სავსებით ნორმალური მოვლენა ყოფილა) და რომელს აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა…
საღამოსკენ, ქვეწარმავლების ვახშამსაც დავესწარით, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო სანახავი იყო, თუმცა ფრიად საინტერესოა, როგორ აგემოვნებდნენ ცოცხალ თაგვებს.
მერე აქლემ ვილის შევხვდით და ვილიმაც დიდხანს იპოზიორა, რქამოტეხილ მარტორქის წინ…
წამოსვლისას, დაჩის ოთახში შევიარეთ, სადაც პაწაწინა მატლები გამოჰყავს. ამ მატლუკებს ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყებისთვის იმარაგებს… გაზაფხულია და მალე დაიწყებენ ფრინველები ბარტყების გამოჩეკვას…
დავყვებით ზოოპარკის ვოლიერებს… გავურბივართ ვერის ტრაგედიაზე ლაპარაკს, მაგრამ მგლებთან ჩასულები ვერის ტრაგედიის ნაკვალევს ვეფეთებით… ვდუმვართ, თუმცა ეს დუმილი უფრო ტკივილიანია.
nod
26/04/2017 at 01:39
შოშიტაშვილია ეგ კარგი კაცი! 🙂 🙂 🙂