„რათ მინდოდა ჩემი ცემის ხარჯზე ბიუჯეტში შესულიყო თანხა, რომელიც ჩემმა მოძალადე ქმარმა გადაიხადა გირაოს სახით და ისევ ჩემს შვილებს მოაკლდათ, რაღა მნიშვნელობა აქვს გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება, როცა საჭირო იყო, მაშინ არ მკითხეს არაფერი და აზრი არ ქონია ამ კანონის“, – ესაა ამონარიდი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მიერ ჩატარებული კვლევიდან „ქალთა მდგომარეობა ქვემო ქართლში“, რომლის პრეზენცაია დღეს, სასტუმროში ,,რუმს თბილისი“ გაიმართა. პრეზენტაცია, მიზნად ისახავდა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაცნობას და ამ კუთხით არსებული პრობლემების ანალიზს.
ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე, პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ანალოგიურ თემებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან (სიფა) პარტნიორობით, 2016 წლის 15 იანვრიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო ქართლში“.
პროექტის მიზანია იურიდიული დახმარების და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით, ეთნიკური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ნაადრევი ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესების დაცვა. პროექტის ფარგლებში, შეთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და სხვადასხვა თემაზე ბენეფიციართა პროაქტიული ინფორმირების მიზნით, გაიმართა შეხვედრები, როგორც მუნიციპალიტეტებსა და „ქალთა ოთახებში“, ასევე სოფლის თავშეყრის ადგილებზე, მაღაზიებსა და სილამაზის სალონებში. ამ ფორმით უშუალო კავშირი დამყარდა ქალებთან პრობლემის აღმოჩენისა და იურიდიული კონსულტაციის გაწევის მიზნით. „სიდამ“ ერთი წლის განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონში სულ 668 ბენეფიციარს იურიდიული კონსულტაცია გაუწი. სასამართლოში წარმომადგენლობა განხორციელდა 38 შემთხვევაში; გარდაბნის, ბოლნისისა და დმანისის 29 სოფელში გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები და ბენეფიციარებს ადგილზე გაეწიათ კონსულტაცია, მოხდა რეგიონული ტელევიზიების მეშვეობით მოსახლეობის ინფორმირება პროექტის მიმდინარეობისა და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციისა და მსგავსი საკითხების შესახებ. გაიმართა არა ერთი შეხვედრა პრობაციის სააგენტოს, პრევენციის ცენტრთან, პროკურატურისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან პროექტის მიმდინარეობისას წარმოჩენილ პრობლემებთან დაკავშირებით.
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებზე „სიდას“ დაკვირვების შედეგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემების საკანონმდებლო რეგულაციაზე. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზებია რეგიონში არსებული ცნობიერების დაბალი დონე, ასევე ბენეფიციარების მხრიდან არსებული უნდობლობა სერვისების მიმღებლობის თვალსაზრისით. სასამართლო წარმომადგენლობის განხორციელებისას მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მარეგულირებელი ნორმები. მაგალითისთვის, „სიდას“ ჰქონდა სამი ერთგვაროვანი საქმე, სადაც მოძალადე მხარეს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. ოჯახში ძალადობის საქმეებზე იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ნორმის არარსებობის გამო, მხოლოდ 1 შემთხვევაში განხორციელდა ნებაყოფლობითი ექსპერტიზა, თუმცა ესეც არ იქნა ბოლომდე მიყვანილი. მიზეზი იყო ის, რომ მოძალადეს ესაჭიროებოდა დამატებით ამბულატორიული ექსპერტიზა, რაზეც განაცხადა უარი და პრობლემა დარჩა მოუგვარებელი პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ფსიქოლოგის და სოციალური სამსახურის ჩართულობა განსაზღვრულია მხოლოდ მსხვერპლთათვის, ხოლო მოძალადე არ გადის არანაირ რეაბილიტაციის კურსს. მართალია, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე –10 მუხლის მე –7პუნქტით განსაზღვრულია მოძალადეთა რეაბილიტაცია რესოციალიზაცია, თუმცა რეალურად ეს ნორმა არ მოქმედებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოძალადე პრობაციონერია. ძალადობის მსხვეპრლის სტატუსის მინიჭების შემდეგ, სახელმწიფო თავშესაფარში მსხვერპლთა განთავსება. ხშირ შემთხვევაში, სრულად ვერ უზრუნველყოფს მათ სრულ რეაბილიტაციას, რადგან გარე საფრთხეები რჩება, რაც კვლავ ძალადობის მსხვერპლად ქცევის რისკს წარმოშობს.
„სიდამ“, ერთი წლის განმავლობაში, 700-მდე ბენეფიციარს გაუწია კონსულტაცია და შეთავაზა იურიდიული დახმარება სასამართლოში წარმომადგენლობის გზით. საქმეები ეხებოდა ოჯახში ძალადობას, ადრეულ ქორწინებას. მათი მუშაობის შედეგად მსხვერპლები დაცულნი არიან და ქლებს აქვთ შესაძლებლობა მშვიდ გარემოში იცხოვრონ,“ – განაცხადა ნილ ვაინსტონმა EWMI-PROLOG პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.
ბენეფიციარები (როგორც ქალები, ასევე კაცები), საუბრობდნენ ეთნიკური, პოლიტიკური და გენდერული ნიშნით არსებულ მათ პრობლემებზე ისე, რომ არ იცოდნენ, რომ ეს იყო დისკრიმინაცია და მათ ჰქონდათ საშუალება მიემართათ სასამართლოსთვის. დისკრიმინაციული მოტივით სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტების არარსებობა ბადებს კითხვას – ხდება თუ არა საერთოდ დისკრიმინაციული ნიშნით საქმეთა გამოკვლევა ან შემდგომში ამგვარი კვალიფიკაცია. ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედ სასამართლოებში 2016 წლის განმავლობაში განხილული ოჯახში ძალადობის 25 აღკვეთის ღონისძიების საქმიდან მხოლოდ 6 შემთხვევაში მოხდა პატიმრობის შეფარდება. 38 დასრულებული სისხლის სამართლის საქმიდან კი მხოლოდ 2 საქმეზე დადგა განაჩენი საპატიმრო სასჯელის გამოყენებით. დანარჩენ შემთხვევაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმის ან პირობითი სასჯელის გამოყენებით. ნაადრევი ქორწინების 15 საქმეზე კი, ყველა შემთხვევაში დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება საპატიმრო სასჯელის გარეშე.
ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ ხშირად პრობლემა მაშინ ვლინდება, როცა მოზარდი ხელს აწერს მომავალ მეუღლესთან, ანდა მშობიარობს, სწორედ მაშინ გადაეცემა სამართალდამცველებს მათი მონაცემები. მისი თქმით, მოუგვარებელია თავშესაფრების პრობლემაც, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს მხოლოდ სამი თვით შეუძლიათ რეაბილიტაციის გავლა, თავშესაფრიდან გამოსულები, ხშირად ისევ მოძალადის ოჯახში ბრუნდებიან, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყონ.
საგულისხმოა, ოჯახში ძალადობის საქმეზე მიმართვისა (საპატრულო პოლიციის სტატისტიკით 348 შემთხვევა) და შემაკავებელი ორდერების დამტკიცების სიმრავლის ფონზე (საპატრულო პოლიციის მონაცემით 102 და სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით 269 შემაკავებელი ორდერი), დამცავი ორდერების სიმცირე; დამცავი ორდერის დამტკიცების მოთხოვნით შესულ 35 განცხადებაზე, სულ 25 დამცავი ორდერი დამტკიცდა. ნაადრევი ქორწინების საქმეებზე დამკვიდრებული პრაქტიკა, პროკურატურის მხრიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმებით და სასამართლოს მხრიდან მისი დამტკიცებთ (მიუხედავად სსკ-ის მუხლის სიმძიმისა. თავისუფლების აღკვეთა -7დან 9 წლამდე ვადით) მიუთითებს დანაშაულის მიმართ არასათანადო დამოკიდებულებაზე.
კვლევის ანგარიში მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის ,,იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო ქართლში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან (სიფა) პარტნიორობით.
xatuna
01/04/2017 at 00:10
ეს ყველაფერი საჭირო და აუცილებელია. მაგრამ,მრჩება შთაბეჭდილება,რომ ზემოთხსენებულ მოსამართლეებსაც არანაკლებ ესაჭიროებათ ამ პრობლემაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება. თუ ეს ასე არაა,მაშ როგორ გავიგოთ მათი რეაგირება ოჯახურ ძალადობაზე?!