აჭარისწყლის ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 2,900 კმ2-ია და რომელსაც სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მესხეთ-ჯავახეთის რეგიონი, ჩრდილოეთიდან გურიის რეგიონი, ხოლო დასავლეთიდან შავი ზღვა. აჭარის მოსახლეობა დღეისათვის შეადგენს 400, 000 ადამიანს, რომელთა 48% ცხოვრობს ურბანულ ცენტრებში (ბათუმი, ქობულეთი და სხვა). აჭარისწყლის კასკადი შედგება ოთხი ჰესისაგან: ზომლეთის, ვაიოს, დანდალოს და ჭოროხის. ჰესების კასკადის ინფრასტრუქტურის ობიექტები განთავსებულია ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორებზე, შესაბამისად ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება მოსალოდნელია ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში.
მოკლედ კომპანიაზე:
შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ დაფუძნებულია კომპანია Clean Energy Invest-ის (CEI) აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელების მიზნით. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ პროექტს ახორციელებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის, საერთაშორისო საფინასო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით (InfraVentures პროგრამის ფარგლებში), რომელიც უზრუნველყოფს პროექტის ინვესტირებას.
კომპანიის მფლობელები:
ჯგუფი Clean Energy წარმოადგენს კომპანიების Clean Energy Invest AS-ის და Clean Energy Group AS-ის ბრენდის სახელწოდებას. Clean Energy Invest AS 2010 წლის თებერვალში შეიქმნა, რათა განევითარებინა აჭარისწყლის ჰიდროენერგეტიკული პროექტები საქართველოში. Clean Energy Invest-ის სათავო ოფისი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მდებარეობს. Tata Power ინდოეთის უდიდესი ინტეგრირებული ენერგოკომპანიაა, რომელიც სულ უფრო მეტად აფართოებს საკუთარ როლს საერთაშორისო მასშტაბით. IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ექსკლუზიურად კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. 2014 ფინანსურ წელს, ინვესტიციებმა 22 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
შუახევჰესის პროექტი:
შუახევი ჰესის პროექტი ითვალისწინებს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას და ოპერირებას, საერთო დადგმული სიმძლავრით 185 მვტ. გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაცია უპირატესად მოხდება თურქეთის ენერგობაზარზე, ხოლო ენერგოდეფიციტის პერიოდში (დეკემბერში, იანვარში და თებერვალში) ელექტროენერგიის მიწოდება მოხდება საქართველოს ენერგოსისტემაში. შუახევის ჰესის პროექტი ითვალისწინებს ორი კაშხლის, შესაბამისი წყალსაცავებით და ერთი დამბის მოწყობას მდ. აჭარისწყალზე, მდ. სხალთასა და მდ. ჩირუხისწყალზე. პროექტის მიხედვით ჰესი მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს ელექტროენერგიაზე მაღალი მოთხოვნის პერიოდებში, როცა თურქეთის რესპუბლიკაში მაღალი ფასებია (ამ ქვეყანაში დღის სხვადასხვა პერიოდში ელექტროენერგიაზე დაწესებულია სხვადასხვა ფასები). პროექტის გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს 2017 წელს. ხოლო მისი ოპერირება მოხდება, 45 წელი, ანუ 2066 წლამდე.
საქართველოში, დღეისათვის 35,204 ოჯახია რეგისტრირებული, რომლებიც ბუნებრივი სტიქიის საშიშროების ზონაში მდებარეობენ, მათგან 11,000 ექვემდებარება უსაფრთხო ადგილას განსახლებას. განსახლების სახელმწიფო პროგრამებში კლასიფიცირებულია დაზარალებული მოსახლეობა, რომელთა ნაწილს წარმოადგენს აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობაც (ე. წ. „ეკომიგრანტები“). 2004 -2010 წლებში ისეთი ბუნებრივი სტიქიის გამო, როგორიცაა ძლიერი წვიმებითა და თოვლის სწრაფი დნობით გამოწვეული წყალდიდობა და მეწყერი აჭარიდან (მათ შორის ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან) 763 ოჯახი განსახლდა. აჭარის ეკომიგრანტების პრობლემების საკოორდინაციო ჯგუფის ოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივი სტიქიის ზემოქმედების არეალში აღრიცხულია 4,144 ოჯახი, რომლებიც ელოდებიან დახმარებას. პროექტის გავლენის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტების უმრავლესობა მაღალი სენსიტიურობით გამოირჩევა საშიში გეოლოგიური პროცესების მიმართ.
ხულოს მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლება შეადგენს 36,835 კაცს, მდებარეობს პროექტის ზემოქმედების არეალის უკიდურესი აღმოსავლეთით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში შედის 77 სოფელი, რომელთაგან 31 პროექტის პირდაპირი ზემოქმედების არეალშია და შედის უშუალო ზემოქმედების ზონაში. მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი სტიქიური მოვლენებთან დაკავშირებით (მეწყერი, ზვავი) პერიოდულად ხდება მოსახლეობის მიგრაცია (ეკომიგრანტები).. ხულოს მუნიციპალიტეტის დასავლეთით მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტი, რომელშიც შედის 68 სოფელი, მათგან 17 პროექტის პირდაპირი ზემოქმედების არეალშია და შედის უშუალო ზემოქმედების ზონაში. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს 22,800 კაცს. უმუშევრობის დონე მაღალია. მაღალმთიან დასახლებებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგალითად სოფ. ოლადაურში (75%), რომელიც ჩირუხის წყლის კაშხლის ქვემო დინებაში მდებარეობს. ზამლეთისა და ოლადაურის თემები მოქცეულია შუახევი ჰესის პროექტის გავლენის ზონაში. მაღალმთიან რეგიონებში საკუთარ მეურნეობაში წარმოებული პროდუქცია წარმოადგენს მოსახლეობის ძირითად საარსებო საშუალებას. მოსახლეობის მცირე ნაწილი დასაქმებულია პირადი მოხმარებისათვის გამიზნული თევზჭერით. ანალოგიური მდგომარეობაა კორომხეთი ჰესის და ხერთვისი ჰესის პროექტების გავლენის ზონაში მოქცეულ დასახლებულ პუნქტებშიც. დასაქმებული შრომისუნარიანი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს სკოლებში, ადგილობრივ მმართველობით ორგანოებში, სამედიცინო დაწესებულებებში და მაღაზიებში დასაქმებული პირები.
პროექტის მიმდინარე სამუშაოები, აზარალებს როგორც მოსახლეობას, გარემოსაც. „ვამბობდით, რომ აფეთქებები მოახდენდა გავლენას ჯანმრთელობაზე, ფლორაზე, ფაუნაზე, წყლებზე… მუხის ხეები გახმა. ცხრა წყარო დაშრა. სასმელი წყლის პრობლემაც გვაქვს, წყაროების დაშრობის შემდეგ, მხოლოდ ექვს მოსახლეს გაუყვანეს წყალი და მასაც მხოლოდ სასმელად თუ გამოიყენებს ადამიანი, ისე ცოტა მოდის,“ – ამბობს ბადრი მახარაძე სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრი და სოფლის მოპირდაპირე მხარეს გვაჩვენეს გამხმარი ხეების რიგს, მოგვიანებით დამშრალ წყაროზეც გაგვიძღვება, – „მოვითხოვეთ კომისიები, მაგრამ როგორც ჩანს მთავრობა და კომპანია ერთი ბირთვია, კომისია დებდა დასკვნას, რომ საშიში არაფერია, არადა სამჯერ შეგვიმცირდა მოსავლიანობა – თამბაქო, სიმინდი, ლობიო… მეფუტკრეობაზეც იმოქმედა, სპეციალისტმა შიმშილის ბრალიაო, თუ გაწყდა ყვავილი, როგორ გამოიკვებება ფუტკარი?“
„მიწის სარგებლობისთვის კომპანიამ სოციალური პროექტები უნდა განახორციელოს, ეს ხელშეკრულება სახელმწიფოსთან ქონდათ დადებული,“ – გვიყვება ბადრი, – „რაც შეეხება კომპენსაციებს სოფელში – მოვიდა რაიონის არქიტექტორის სამსახური და ხარჯთაღრიცვა გააკეთეს დაზიანების მიხედვით, და მოსახლეობას შესთავაზე მიზერული თანხები – ათასი დოლარიდან მაქსიმუმ 2000 დოლარის ფარგებში. მეტის საშუალება არ გვექნებაო და მერე შეუცვალეს სახელი და მოსახლეობას ხელშეკრულებაში ჩაუწერეს, რომ ამის შემდეგ მოსახლეობას არ შეეძლო რაიმე საჩივარი გაეკეთებინა. კომპანია დასკვნას აკეთებს რომ ეს დაზიანებები მეწყრული პროცესების შედეგად არისო და იხდის რაიონი და არა კომპანია. ჩვენც ხომ ვხვდებით, ეს რისი ბრალია, მაგრამ სახელმწიფო და კომპანია ერთ ბირთვადაა შეკრული და რომ ეღიარებინათ რომ კომპანიის ბრალია, მაშინ საერთაშორისო სტანდარტებით უნდა გადაეხადათ და არა მიზერულ ლარებში,“ – ეჭვობს ბადრი, თუმცა ხელშეკრულებები გაფორმდა და მოსახლეობის ნახევარმა აიღო ეს თანხები, რადგან ძალიან უჭირდათ. მოსახლეობის ნახევარი კი უბრალოდ, დააიგნორეს.
„ჩემს შვილს რომ სადღაც სახლი აქვს ეს გახდა პრობლემა. აქ ვცხოვრობ, 25 წელია მასწავლებელი ვარ, და ჩემი ხელით მაქვს დარგული ხეხილი… სასჯელი მეკუთვნის იმისთვის, რომ აქ დავბერდი?“ – ამბობს 75 წლის ნადია დუმბაძე. იგივეს ადასტურებს, სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრი 56 წლის მაყვალა დიასამიძე.
„სოფლის მოსახლეობა ბევრი მიმართულებით ითხოვს კომპენსაციას. ერთადერთი არის სოფ. წაბლანა, რომელიც მეწყერსაშიშია. მიუხედავად იმისა, არანაირი ზეგავლენა არ მოგვიხდენია ამ პროცესებზე, კონტრიბუცია გავუწიეთ სახელმწიფოს და აუშენებენ მათ სახლებს ბათუმის ტერიტორიაზე,“ – გვეუბნებიან კომპანიაში და გვიმტკიცებენ, რომ სოფ. ჩანჩხალოს მოსახლეობის პრეტენზიები არ იციან. თუმცა აღიარებენ რომ სოფ. ჩანჩხალო მათი გავლენის ზონაშია. მათ არც სოფელ კვატიას პრობლემებზე იციან რამე.
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს, არ იყო სათანადოდ სოფელი ჩანჩხალო შესწავლილი. შესაბამისად, კომპანიას არ უნდა აღიაროს, რომ ამ მშენებლობას აქვს რაიმე ტიპის ზეგავლენა. რადგან კომპენსაციების რაოდენობა მეტი იქნება და თავის შესაძლო ინვესტორებთან (კომპანიებს, როგორც წესი ფული არ აქვს და სხვას ართმევს ფულს, მაგ. ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკთან) ექნება პრობლემა. როდესაც ფონური ინფორმაცია არ არსებობს, რა მდგომარეობაში იყო მშენებლობის დაწყებამდე, მათ უადვილდებათ თქვან, რომ ეს ბზარები, წყლის დაკარგვა, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის შემცირება მათი ბრალი არაა… წინასწარი შეფასება რომ ყოფილიყო, ეს გააძნელებდა მათი მხრიდან ტყუილის თქმას. ხშირად მიმართავენ-ხოლმე დიდი კომპანიები ასეთ „ტრიუკს“. რეალურად ზეგავლენა ექნება, თუმცა რეგიონი მაინც ტენიანია, და ამით „ჟანგლიორობენ“-ხოლმე. მთავარი ისაა, რომ გეოლოგიური შესწავლა უნდა დასრულებულიყო და მერე მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება ნებართვა-არ გაცემის მიღებაზე. სავარაუდოდ, ის, რომ აქამდე არ მოხდა შესწავლა და წინასწარ არ დაისვა დიაგნოზი, არის გაუთვალისწინებელი შედეგების საწინდარი. გაუთვალისწინებელი შედეგები დგება მაშინ, როცა წინასწარ მნიშვნელოვან ფაქტორებს არ ითვალისწინებენ, მით უმეტეს სოფლის ქვეშ ამხელა გვირაბის გაკეთება, როდესაც მშენებელი კომპანიის ყურადღების მიღმა რჩება და სახელმწიფოს დიდად არ შეტკივა გული. მით უმეტეს, რომ საკმაოდ ძლიერი სოფელია, 170 კომლიანი სოფლის მოსახლეობას, ფაქტობრივად, აიძლებენ საცხოვრებელი დატოვონ. მხოლოდ ეკოლოგიური მიგრანტები კი არა, აქ შეიძლება ეკონომიკური მიგრანტებიც გაჩნდნენ. ადამიანები იძახიან, რომ დაკარგეს ფუტკარი, მოსავლიანობა შეუმცირდათ, ანუ შემოსავალი შეუმცირდათ,“ – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი „მწვანე ალტერნატივის“ ასოციაციის ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი.
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას და მოყვათ კარტოფილი და თამბაქო. მთიანი აჭარის დასახლებული პუნქტები მცირემიწიანია. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ხშირია ბუნებრივი კატასტროფები, მეწყერი და ეროზია, რაც ბუნებრივ პირობებთან ერთად, ისეთ ანთროპოგენურ საქმიანობებს უკავშირდება, როგორიცაა გადაძოვება, ტყის გაჩეხვა და სხვა. მეწყრული და ეროზიული პროცესები პირდაპირ კავშირშია სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებისა და საძოვრების დაკარგვასთან. პროექტის განხორციელების არეალში არსებული მცირემიწიანობა, ეროზიული პროცესები, ასევე რთული რელიეფი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორებია.
250 დასახლებულ პუნქტზე მეტი (20,000 მოსახლემდე) მდებარეობს მაღალი რისკისა და სტიქიური უბედურების ზონაში. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში 1,900 საცხოვრებელი სახლი და დაახლოებით 350 დანიშნულების შენობა დაინგრა მეწყრული პროცესების შედეგად. განხორციელდა დაახლოებით 6,000 ოჯახის განსახლება მათი საკუთრების დაზიანებისა და მეწყრული პროცესების მიმართ მათი მოწყვლადობის გამო. დაახლოებით 40 ხიდისა და გადასასვლელის დანგრევის შედეგად ბევრი სოფელი მოწყდა გარე სამყაროს. 1989 წელს სოფ. სხალთასთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტი მეწყრის შედეგად მიწით დაიფარა და ყველა მოსახლე დაიღუპა. აჭარაში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად შეიძლება გზებსა და ხიდებს პრობლემა შეექმნას. არსებობს გზების გადაკეტვის და ხიდების ამორტიზაციის და მწყობრიდან გამოსვლის რისკები, რამაც შესაძლებელია სოფლებთან კომუნიკაციის გაწყვეტა გამოიწვიოს. პროექტის უშუალო ზეგავლენის ქვეშ მოქცეული დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც პრაქტიკულად ზემოაღნიშნული პრობლემების მიმართ მოწყვლადი არიან, წარმოადგენს სოფლები კვატია, დიდაჭარა, მახალაკიძეები, დაბა ხულო, დაბა შუახევი და დაბა ქედა.
“აქ თუ მართლა წყალი დაგუბდა, სად წავიდეს აქაური ხალხი? მეზობელ სოფელს თუ ეკუთვნის ბინა, ჩვენ რატომ არ გვეკუთვნის? მეტი ზიანი ჩვენს სოფელს აქვს,” – გვეუბნება გურამ ბერიძე სოფელ კვატიას მკვიდრი.
სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესში წარმოიქმნება დიდი რაოდენობის გამონამუშევარი ქანები და ამოღებული გრუნტი (გვირაბების გაყვანა, შენობების საძირკვლების ამოღება, კაშხლების საძირკვლების ამოღება და სხვა), რომლებიც საჭიროებენ უსაფრთხო განთავსებას და გარკვეულ დონეზე მართვას მთელ მშენებლობის ფაზის განმავლობაში. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დონეზე დაანგარიშებული გამონამუშევარი ქანების და ამოღებული გრუნტის მოცულობა (რომლის მეორადი გამოყენება არ მოხდება) დაახლოებით შეადგენს 4 729 000 მ 3-ს. ნაშალს ყრიან სოფლიდან სოფელში მიმავალ გზების ხევებში, სადაც, ნადგურდება ხეები, ნაშალი ასევე ეყრება პაწაწინა მდინარეებსა და რუებს… ხევებში ჩაყრილი ნაშალი, რომელიც პირდაპირ პაწაწინა მდინარეებს ფარავს აუცილებლად დაიძრება და წინაპირობაა მეწყრული პროცესების. ჰესების მშენებლობისას განადგურდა 1408 წითელ წიგნში შეტანილი ხე. შუახევი-ჰესის მშენებლობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ “აჭარისწყალ ჯორჯიას” მათი მოჭრის უფლება მისცა. ამის სანაცვლოდ, კომპანიამ საკომპენსაციოდ სხვაგან უნდა დარგოს იგივე სახეობის ხეები.
ამ პრობლემებს ემატება ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ კომპანია „აჭარისწყალ ჯორჯიას” 600 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისგანაც გაათავისუფლა და კომპანია გამალებით მუშაობს… როგორც ამბობენ, ამ ეტაპზე მოპოვებულია 170,000 კუბური მეტრი.
ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობა კომპანიას აჭარის მთავრობამ გაუწია. ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიისგან პირის ან კომპანიის გათავისუფლება ნიშნავს, რომ პირს/კომპანიას კანონის ფარგლებში შეუძლია წინასწარ, მთავრობის მიერ გადაწყვეტილი ოდენობის რესურსის დედამიწიდან ამოღება აუქციონში მონაწილეობის მიღების და კონკურენტულ ბაზარში ჩართვის გარეშე.
ჰესების მშენებლობის გავლენა გარემოზე
მდ. აჭარისწყალზე ჰესების კასკადის მშენებლობის გავლენის ზონაში სენსიტიურ ადგილსამყოფლებად შეიძლება ჩაითვალოს ტყიანი მონაკვეთები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან დატბორვის ან კაშხლის შემდგომ უბნებს, ან უშუალოდ იტბორებიან. სენსიტიურია ასევე კაშხლებისა და გვირაბების შესასვლელი და გამოსასვლელი ნაწილების მშენებლობის ადგილები, რადგან მათი მშენებლობა მოითხოვდა ტყის გაჩეხვას. მდ. ჩირუხისწყლის დამბის ზემოქმედებით გამოწვეული ზარალი არ იქნება მაღალი (ზედა ბიეფში მოეწყობა მცირე შეგუბება). პირიქით მცირე წყალსაცავებმა შეიძლება მოიზიდონ წყლისა და წყლის მახლობლად მობინადრე ფრინველები და წავი. კაშხლების ქვევით, სადაც წყლის რაოდენობა არსებულზე ბევრად მცირე იქნება ძლიერ შეცვლის მდინარისპირა ფაუნისტურ კომპლექსებს და განსაკუთრებით ცხოველთა რიცხოვნებას, რომელიც დაეცემა წყლის სიმცირის გამო. დაბალ ადგილებში შეიცვლება ტყის სტრუქტურა, გამეჩხერდება, უტყეო ზონები მეტი გახდება, ამიტომ ღია ლანდშაფტებისათვის დამახასიათებელი სახეობების რიცხოვნობა იმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ჩარევის გამო, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე შეიცვლება მდინარე აჭარისწყლისა და მდინარე ჩირუხისწყლის ხეობის ფაუნის სახე, მაგალითად გაქრება ის მცირეოდენი წყლისპირას მაცხოვრებელი სახეობები, რომლებიც ოდითგანვე არსებობდა, რადგან ის პატარა მდინარის კუნძულები რომლებზეც ისინი ბუდობენ ადვილად მისადგომი გახდება მტაცებლებისათვის. დიდაჭარის და სხალთის წყალსაცავების დატბორვის შედეგად, განადგურდება ფრინველთა და ძუძუმწოვართა თავშესაფრები, ასევე განადგურდება ფაუნისტური კომპლექსები, მთელ დატბორილ ადგილებზე. ტყისპირა და წყლისპირა კომპლექსები ძირეულად განსხვავდება უშუალოდ ტყის კომპლექსებისაგან თავისი სახეობრივი სიმდიდრით. მშენებლობამ შესაძლოა იმოქმედოს ცხოველთა ბიომრავალფეროვნებაზეც: სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას გაიზარდა ხმაური და ვიბრაცია, მცენარეები დაიფარა მტვრით, რაც გავლენას იქონიებს ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველთა საკვებ ბაზასა და მათ გამრავლებაზე; გაიზარდა შეწუხების ფაქტორი გზატკეცილის მახლობლად მობუდარი ფრინველებისათვის და ხელფრთიანებისათვისა; ტყის დატბორვა და ნაწილობრივი გაჩეხვა გამოიწვევს ცხოველთა ადგილსამყოფელის განადგურებას, განსაკუთრებით ეს შეეტყობა ტყის ხელფრთიანებს, რომლებიც ძირითადად ბინადრობენ ტყისპირა ფუღუროიან ხეებში. ასეთი ხეების განადგურება გამოიწვევს ხელფრთიანების რაოდენობის კლებას, რაც აწევს კოღოების რიცხოვნობას და პერსპექტივაში გააძლიერებს მალარიის გაჩენის საშიშროებას, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მდგარი წყალი გაზრდის მალარიის კოღოს გაჩენის წინაპირობებს. გარემოში მავნე ნივთიერებების მოხვედრის შემთხვევაში, დაზარალდებიან ამფიბიების, წყლის მახლობლად მობინადრე ფრინველების, წავის პოპულაციები, აგრეთვე ამ ნივთიერებათა დაღვრის ადგილზე და მის მახლობლად მობინადრე ცხოველები. ნიადაგისა და წყლის მოწამვლამ შეიძლება მრავალი წელი გასტანოს, რაც გამოიწვევს ცხოველთა სახეობების უმეტესობის რიცხოვნობის ძლიერ კლებას, იშვიათი სახეობების გაქრობას.
ექსპერტები პროექტის შესახებ:
„ჰესები არ არის ცუდი, ჰესები უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მათი გზშ უნდა იყოს კარგი,“ – ამბობს მამუკა გვილავა, გარემოს დაცვის სპეციალისტი. არადა, როგორც ბუნების დამცველები ამბობენ, გარემოზე ზემოქმედების შეფასება, საქართველოში, 60 მშენებარე ჰესიდან, მხოლოდ 20 გზშ გაანალიზებული. „გზშ-ს დაბალი დონე პოლიტიკური ნებაა,“ – ამბობენ ისინი, არც ისაა ცნობილი გზშ-ს დამწერს ამოწმებს თუ არა ვინმე.
„აჭარა თავისი განუმეორებელი ბუნებრივი ლანდშაფტით ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია საქართველოში. აქ, ზღვისპირეთიდან დაწყებული ალპური ზონის ჩათვლით თავმოყრილია ლანდშაფტურ-გეოგრაფიული ზონალობის ყველა სპექტრი, რაც სოფლის მეურნეობის (განსაკუთრებით სუბტროპიკული) და საკურორტო-რეკრეაციული დარგების განვითარების მეტად ხელსაყრელ პირობებს იძლევა. მაგრამ ამ დარგების გეგმაზომიერ მართვას ძლიერ უშლის ხელს ბუნებრივი და ადამიანის ხელშეწყობით წარმოქმნილი სტიქიური პროცესების (ეროზიულ-აბრაზიული მოვლენები, მეწყრები, კლდეზვავები, ღვარცოფები, თოვლის ზვავები) განვითარება და მათი პერიოდული აქტივაცია. რეგიონის ხანგრძლივმა და უსისტემო ათვისებამ გამოიწვია ბუნებრივი გარემოს ძლიერ ანთროპოგენიზაცია, დაიწყო დინამიკურად ისედაც მეტად არამდგრად წონასწორობაში მყოფი შეუქცევადი რღვევა, ცვლილებები და სტიქიური პროცესების არნახული სიძლიერით წარმოქმნა-აქტივიზაცია, რის გამოც აჭარა საგანგებო ბუნებრივი კატასტროფული სიტუაციების ხშირი განმეორებადობის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მოექცა. მწყობრიდან გამოდის დიდძალი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ზინადება სატრანსპორტო კომუნიკაციები, საშიშროების ზონაში ექცევა ათობით დასახლებული პუნქტი და, რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, მათ გააქტიურებას თან სდევს ადამიანთა მსხვერპლი.
აჭარაში სტიქიურ-გეოლოგიური პროცესების მასშტაბურ განვითარება-აქტივიზაციას ბუნებრივ-ლანდშაფტურ პირობებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადამიანის ზედმეტად ჩარევამ ბუნებაში და ხშირად წინდაუხედავმა საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობამ, განსაკუთრებით მთიან ზონაში, სადაც მოსახლეობის 70%-ზე მეტი გეოეკოლოგიური კრიზისის ზონაშია. აქ ტექნოგენური წნეხის კოეფიციენტი 0,7-0,9 აღწევს, მაშინ, როდესაც ოპტიმალურად ასათვისებელი მიწების უკიდურესად შეზღუდულობის გამო, ანთროპოგენური დატვირთვის დასაშვები ღვარი 0,4-0,5 კოეფიციენტს არ უნდა აღემატებოდეს.
მდინარე აჭარისწყალზე ჰესების კასკადის პროექტის, რეგიონში ოპტიმალურად ასათვისებელი მიწების უკიდურესად შეზღუდულობის გამო, ტერიტორიის ათვისება მიმდინარეობს საინჟინრო-გეოდინამიკურად მეტად სარისკო ფართობზე, რაც თავის მხრივ, იწვევს პროცესების უჩვეულო გააქტიურებას, რითად კიდევ უფრო იზღუდება სოფლის მეურნეობისათვის ვარგისი მიწების ფართობები. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში სახნავი მიწების ფართობი 3-ჯერ შემცირდა, ხოლო მრავალწლიანი ნარგავებისა – 0,1 ათასი ჰექტარით.
საერთოდ, ბუნებაში დარღვეული წონასწორობის აღდგენა და სტიქიური პროცესების მართვის პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ხანგრძლივ პერიოდზე ნავარაუდევი უახლეს მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული კომპლექსური კვლევების განხორციელებით, მით უმეტეს ისეთი განსაკუთრებული რეგიონის მიმართ, როგორც აჭარის ტერიტორიაა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, პროცესების განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ადამიანის უსისტემო, ხშირად დაუფიქრებელმა ჩარევამ გარემოში, რაც გამოიხატება შემდეგში: ტერიტორიის განსაკუთრებულად მჭიდრო ურბანიზაცია საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით მეტად სარისკო ფერდობებზე (მოსახლეობის სიმჭიდროვე, 501,5 კაცი 1 კვ. კმ-ზე); ხის შენობების შეცვლა მძიმე ტიპის კაპიტალური ნაგებობებით, რომელით იწვევს ფერდობების განსაკუთრებულ გადატვირთვას; რთული რელიეფის პირობებში, საინჟინრო ნაგებობისათვის და მისასვლელი გზების გაყვანასთან დაკავშირებით ფერდობების ჩამოჭრა; სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის დიდი დახრილობის ფერდობების ათვისება; ტყის უსისტემო გაჩეხვა-გამეჩხერება და საძოვრების გადატვირთული ძოვებით კორდის დარღვევა; მთის სოფლებში გაუმართავი წყალმომარაგება და ფერდობების გასარწყავიანება.
აჭარის მთიან ზონაში განვითარებული მეწყერები ხასიათდებიან მეტად რთული გენეზისით, დინამიკით და მოძრაობის მექანიზმებით. მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენებიდან დომინირებენ კონსისტენტური (კლიმატოგენური) მეწყრები, რომელთა წარმოშობა-გააქტიურება დაკავშირებულია ატმოსფერული ნალექების რაოდენობრივ მაჩვენებელთან (ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელია 1228 მმ, საშუალო ფარდობითი ტენიანობა 70%) და ტექტოსეისმოგრავიტაციული მეწყრები, რომელთა წარმოქმნა უშუალოდ უკავშირდება ტექტონიკური აშლილობების ზონებს და მათ პროვოცირებაზე მთავარ როლს ასრულებენ სეისმური ბიძგები. ყველა მათგანს ახასიათებს მკვეთრად გამოკვეთილი საზღვრები, შემოსაზღვრულია მოწყვეტის ფლატეებით და მეწყრული საფეხურებით. ამ სახის მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები ხასიათდებიან მასშტაბური განვითარებით, ღრმა დეფორმაციით და დიდი მოცულობებით. ასეთ მეწყრულ სხეულებში მეორადი რეციდივების სახით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აგრეთვე კლიმატოგენური მეწყრები და წარმოგვიდგებიან რთული მეწყრების სახით. ამ სახის მეწყრების კლასიკური წარმომადგენელია დანისპარაულის მეწყერი; კიდევ რამდენიმე ათეული მეწყერ და ღვარცოფსაშიში ტერიტორია,“ – გვეუბნება გიორგი დვალაშვილი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორი, რომელიც 17 წელი ექსპერტია.
http://oc-media.co/the-downsides-of-hydroelectric-power-stations-in-adjara/