20 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გაცნობის მიზნით საინფორმაციო ინფოტური შედგა, რომლის მიზანი ჭიათურის ტურისტული პოპტენციალის – ბუნების არაორგანული ძეგლების პოპულარიზაცია იყო. ტურში მონაწილოება მიიღეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკომოლაშქრეთა კლუბმა, ბაღდათის საინფორმაციო და ტურიზმის განვითარების ფონდთან არსებულ მოლაშქრეთა კლუბმა „დიდმაღალმა“, აგრეთვე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ვალერი კაპანაძემ. მოლაშქრეებს მეგზურობას უწევდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი.
მოლაშქრეები ჭიათურაში შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებს, რომლებიც ჭიათურაში საინტერესო საჰაერო საბაგირო გზების, კლდოვანი ქარაფების და მღვიმეში ეკლესიების სანახავად ჩამოვიდნენ. მათთან გასაუბრის დროს აღინიშნა, რომ ვიზიტორებმა ძალიან მწირი ინფორმაცია ჭიათურის უნიკალური ბუნების შესახებ ინტერნეტის საშუალებით მიიღეს. ქუთაისის დავით ამაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ ჭიათურისკენ გამოემგზავრენ და დასვენების დღის გატარება ჭიათურაში გადაწყვიტეს. ერთ-ერთი პოლონელი ტურისტი მოლაშქრეებმა თავიანთ ტურში ჩართეს, საინტერესო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ერთობლივად დაათვალიერეს და შემდგომი თანამშრომლობის მიზნებიც დასახეს. პოლონელი ტურისტი ინფო ტურის მონაწილეებს დაპირდა, რომ თავის შთაბეჭდილებებს გაუზიარებს პოლონელებს და ჭიათურის უნიკალური ბუნების პოპულარიზაციას მოახდენს.
ინფო ტურის მარშრუტი დაიწყო ქალაქ ჭიათურის ხედების დათვალიერებით, შემდეგ გაემგზავრნენ მღვიმევის მონასტრისკენ, რომელიც კარსტულ მღვიმეში აგებული გამორჩეული მონასტერია. მოლაშქრეებმა საფეხმავლო მარშრუტით დალაშქრეს ძუძუანას მღვიმე, რომელიც მსოფლიო მნიშველობის ობიექტია, ამ მღვიმეში აღმოჩენილია მსოფლიოში ყველაზე ძველი ძაფი. პოლონელ ტურისტთან ერთად მოლაშრებმა იმგზავრეს გამორჩეული ტრანსპორტით – საჰაერო საბაგირო გზით. სოფელ ზედა რგანის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭიათურის პანორამული ხედები დაათვალიერეს.
მოლაშქრეების მარშრუტი გაგრძელდა სოფელ წირქვალის მიმართულებით, სადაც მდინარე თაბაგრევისღელის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს შესანიშნავი არქეოლოგიური ობიექტი ბონდის მღვიმე, აქ არქეოლოგ ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით აღმოჩენილი იქნა ენეოლითის, რკინის, ბინჯაოს და ფეოდალური ხანის უნიკალური მასალები.
ტურის ბოლო ობიექტი იყო მდინარე თაბაგრევისღელის მარცხენა ნაპირზე მდებარე კარსტული მღვიმე საქაჯკარი. ეს მღვიმე, იმით არის გამორჩეული, რომ, აქ ადგილობრივი მაცხოვრებლის რამაზ კენჭოშვილის ინიციატივით მღვიმის ბუნებრივი რესურსები კარგად არის ათვისებული, მღვიმიდან გამომავალ ნაკადზე, კუთვნილ საკამიდამო ნაკვეთში მოწყობილი აქვს სატბორე (სათევზე) მეურნეობა, აგრეთვე მღვიმის შესასვლელთან მოწყობილია საპიკნიკე ადგილი, სადაც მოლაშქრეებმა მიღებული შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს. შეთანხმდნენ, რომ, ეს უნიკალური ბუნებრივი საოცრებები სხვა მოლაშქრეებმა და ვიზიტორებმა აუცილებლად უნდა ნახონ, უახლოეს მომავალში დაიწყებენ, ამ ობიექტების პოპულარიზაციას და ტურისტულ მარშრუტებში ჩართვას.