,,სიდამ” საერთაშორისო ასოციაცია „PREPARE: Partnership for Rural Europe”-თან ერთად გამართა საინფორმაციო ტური საქართველოსა და სომხეთში.
ტური ორგანიზებული იყო „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) პროგრამის ფარგლებში. პროექტი 2015 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეყობასა და განვითარებას. მედიატური საქართველოსა და სომხეთში ხორციელდება „Charles Stewart Mott Foundation”-ისდა Peace Corp-ის ფინანსური მხარდაჭერით.
საინფორმაციო ტურის მონაწილეები 26-28 ოქტომბერს სომხეთს ეწვივნენ, სადაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან – განვითარების პრინციპები(DP), ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ჩრდილოეთის ფილიალი (EPF NB), განვითარების საზოგადოებრივი ცენტრის (CCD) ორგანიზებით მოსაზღვრე რეგიონში ადგილობრივი საწარმოები დაათვალიერეს.
Top of Form
„Prepare (პარტნიორობა ევროპული სოფლისთვის), ამ ეტაპზე ოპერირებს ევროპის რამდენიმე ათეულ ქვეყანაში, მისი ამოცანაა გაავრცელოს თავისი დაფარვის ზონა შავი ზღვის ქვეყნებზე, ამიტომ ამ შეხვედრაზე მონაწილეობენ ამ ორგანიზაციის წევრები და პოტენციური წევრები. შეირჩა საქართველო-სომხეთი, როგორც ერთად შეკრების ადგილი სოფლის განვითარების გააზრების სივრცედ, საბოლოო დისკუსია იმაზე იქნება, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნების მიერთება ამ ორგანიზაციის ქსელთან და რა შემდეგი ნაბიჯები უნდა დაიგეგმოს,“ – გვეუბნება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი და გვიყვება, რომ საინფრომაციო ტურში მონაწილეობას იღებდა 12 ქვეყნის დელეგაცია, ევროკავშირის, ბალკანეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლები.
საინფორმაციო ტურის მონაწილეებმა მოინახულეს და გაეცნენ ადგილობრივი საწარმოების, კოოპერატივების, მცირე მეწარმეების საქმიამობებსა და პრობლემებს.
სომხეთის სოფელ გარგარში კოოპერატივი „Apagan Merno“ 2012 წლიდან არსებობს, სადაც რძეს ამუშავებენ, თუმცა ჩვენი ვიზიტისას საწარმო არ მუშაობდა. მისი თანამშრომლების თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რძეც აღარაა იმდენი და ამიტომ იძულებულნი არიან გაზაფხულს დაელოდონ. როცა საწარმო მუშაობს, რძეს ადგილობრივი მოსახლეობიდან იბარებენ, ლიტრის ღირებულება 108-110 დრამია (სომხური ვალუტა), გარშემო სოფლებიდანაც აქ აკეთებენ რძის რეალიზაციას. აქ ამოწმებენ რძის ხარისხს, ცხიმიანობის დონეს, პროტეინის პროცენტულ შემადგენლობას და ა.შ.
საწარმოში რძის გამაგრილებელი სპეციალური დანადგარიც აქვთ, რომელიც +2 გრადუსზე ინახავს რძეს. გადამუშავებული რძე კომპანიებს მიაქვთ და რძის პროდუქტს ამზადებენ. კოოპერატიცის თანამშრომელთა აზრით, რძის ფასი საკმაოდ დაბალია და იმის საფრთხეც არსებობს, რომ გლეხმა საერთოდ მიატოვოს ეს საქმიანობა, რადგან შენოსავალი ძალიან დაბალია. მათივე თქმით, საწარმო გადამუშავების პროცესში რომ არ იღებს მონაწილეობას, შემოსავლის 40 პროცენტს კარგავენ.
სოფელ გარგარის კოოპერატივი, სადაც 25 ადამიანია გაერთიანებული, მხოლოდ რძის გადამუშავებაზე არ მუშაობს. 67 წლის ფირუმზიკ ზალინიანი გვიყვება, რომ კოოპერატივში კარტოფილიც მოჰყავთ, ბროკოლიც და სხვა ბოსტნეული. კოოპერატივმა ადგილობრივი მოსახლეობიდან მიწა იქირავეს. „ჰექტარში 4-5 ათას დრამს ვიხდით, ვამუშავებთ, მოსავალს ვყიდით ადგილობრ ბაზარზე ან ვინაწილებთ. შარშანდელი წელი უფრო მოსავლიანი იყო.“ – გვიყვება ფირუმზიკ ზალინიანი და სათბურისკენ მიგვიძღვება, სადაც პამიდორი, მწვანე წიწაკა და კიტრია მოყვანილი. „ადრე 80 ჰექტარს ვამუშავებდით, ახლა 100 ჰექტრამდე ავედით, თუმცა მუშაობა არავის უნდა. ახალგაზრდობა ემიგრაციაშია, ვინც აქაა დარჩენილი, ცდილობს გაეცალოს აქაურობას, ჩემი შვილიც მოსკოვში მუშაობს და იქ ჰყავს ოჯახი, მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიან სტუმრად შვილიშვილები. ზამთარში მეუღლესთან ერთად მეც იქ მივდივარ-ხოლმე,“ – გვეუბნება ფირუმზიკი, რომელსაც ხუთი შვილიშვილი ჰყავს.
სოფელ გარგარში 1700 მოსახლეა, 40 წელს ქვემოთ მხოლოდ 800 ადამიანია დარჩენილი. მკვიდრი 52 წლის არმენ ჩმარიწიანიც მიგრაციის პრობლემაზე სწუხს. „ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვაა-რეალიზებაა პრობლემა, არაა ტექნიკაც, ბიზნესის დასაწყებად ფულიც არაა“, – ამბობს იგი.
„კოოპერატივი იმიტომ შვქმენით, რომ სოფელი შეგვენარჩუნებინა,“ – ამბობენ სოფლის საბჭოში შეკრებილი გლეხები, თუმცა მუდამ დონორების იმედზე არიან. სათბურიც ENPARD-ის დაფინანსებულია. მიწის სარწყავი წყალიც არასამთავრობო ორგანიზაციის გაკეთებულია, თუმცა მწვავე პრობლემად ისევ დგას გზების საკითხი.
ვეტერინარული კლინიკა, აირავანქში მდებარეობს, სევანის ტბის პირას. მისი მენეჯერი სიმონ მარტეროსიანია, რომელიც მოსახლეობას ეხმარება დაავადებული ცხოველების მკურნალობაში.
„ადამიანებს არ შეუძლიათ კარგად გამართონ ფერმები, კრედიტებს იღებენ, რომლის პროცენტებიც ძალიან ძვირია. გლეხებს აქვთ მიწები, მაგრამ ვერ ამუშავებენ, არ აქვთ ტექნიკა. აქ მხოლოდ მეცხოველეობას მისდევენ, კარტოფილი მოჰყავდათ, ახლა ამასაც ვეღარ ახერხებენ,“ – გვიყვება 63 წლის ნატელა კაზანჩიანი, რომელიც ხუთი შვილის დედაა, – „ერთი სული ძროხა მყავს და იმასაც ძლივს ვუვლი, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ვცხოვრობთ, აქ ძნელია მოსავლის მოყვანა“, – ამბობს ჰაირაბაკ ბერთკუნგელი 11 შვილიშვილის ბებია.
„საქართველოში სახელმწიფოსგან ძალიან კარგი დახმარება აქვთ ფერმერებს, სომხეთში ნაკლებად. ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ სომხეთს არსად აქვს გასაყიდი ბაზარი. სახელმწიფოს საზღვრები ღია არაა.პროდუქტების ექსპორტი არ ხდება. ერთადერთი ბაზარი რუსეთია, იქაც ტრანსპორტირება ძვირია. სომხეთში მოსახლეობას ძირითადად არასამთავრობო სექტორი და დონორი ორგანიზაციები ეხმარებიან. ქვეყნიდან მიგრაციის დიდი პროცენტია, ეს გარკვეულწილად კავშირშია აზერბაიჯანის კონფლიქტთანაც. არამომგებიანია მცირე მიწების დამუშავებაც. ალბათ კარგი იქნება კოოპერატივების შექმნა.“ – გვეუბნება 50 წლის ტიგრან გოვანესიანი შვეიცარული კომპანია ECLOF -ის წარმომადგენელი.
„მიმდებარე ტერიტოტიაზე 50 დიდი ფერმაა, წვრილ-წვრილი ფერმები გაცილებით მეტია.“ – გვიყვება, 20 წლის ხორენ მარტიროსიანი, რომელიც მამას ეხმარება კლინიკაში. ხშირად მამასთან ერთად დადის ფერმებში და ცხოველებს მკურნალობს. „თუ ადამიანები კარგად იმუშავებენ, კარგი შემოსავალიც ექნებათ, ზარმაცებს არ აქვთ შემოსავალი,“ – ასე ფიქრობს მომავალი ფერმერი, რომელიც ამჟამად აგრარულ უნივერსიტეტში სწავლობს, – „მხოლოდ ერევანში დუღს სიცოცხლე, აქ კი მხოლოდ ფერმები და ტბაა,“ – ამბობს იგი.
„საქართველოში ნატურალური რესურსია. ეკონომიურადაც უფრო მაღლაა და გახსნილი სხვა ქვეყნებისთვის, თუმცა ორივე ქვეყანაში, მაინც დონორების იმედად არიან. მენეჯმენტია გასავითარებელი ორივე ქვეყანაში,“ – ამბობს ბალკანელი ბობინ ილიჩი, ტურის მონაწილე.
მაიკლ დაუერი Prepare-ს კოორდინატორი კი ორივე ქვეყანაში ვიზიტს ასე აჯამებს: „აღფრთოვანებული ვართ მოსახლეობის შემართებით ორივე ქვეყანაში. ორივე ქვეყნის მოსახლეობას უყვარს თავისი სამშობლო. ეს ძალიან კარგია. იმ შემთხვევაში, თუ შენი ქვეყნით ამაყობ, გაქვს თავდაჯერებულობა, რომ მომავალი შეიცვლება უკეთესობისკენ. ძალიან გვიხარია, რომ ორივე ქვეყნის მოსახლეობას ან უკვე აქვს ან უკვე ჩამოყალიბების პროცესშია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიები. შევამჩნიეთ, რომ სომხეთის მთავრობა არ ეხმარება მოსახლეობას, თუმცა მხარდაჭერა მიდის კოოპერატივებზე. კოოპერატივის შემთხვევაში აქცენტი კეთდება ურთიერთთანამშრომლობასა და ძალების გაერთიანებაზე, სადაც ბევრი პატარა მიწის მფლობელი ერთიანდება და ერთ მიზანს ისახავს. ამ შემთხვევაში შედეგები უფრო მასშტაბურია. რაც შეეხება ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადადგან: კოოპერატივებმა არა მარტო მიწა უნდა დაამუშაონ, სხვადასხვა საქმიანობაც უნდა განახორციელონ. მხოლოდ ნედლეულით არ უნდა დაკმაყოფილდნენ, მაგალითად მხოლოდ რძე კი არ უნდა გადაამუშაონ, უნდა აწარმოონ ყველიც. როგორც ჩანს საქართველოში ამართლებს კოოპერატივები, თუმცა ახალი ხილია სოფლის მეურნეობაში. მცირე ფერმერებს ვურჩევდი გაერთიანდნენ, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და შექმნან კოოპერატივები, ანდა იფიქრონ გაფართოვებაზე.“
ზვიად დევდარიანი ,,სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ქართული და სომხური მხარეების ურთიერთობებიდან გამომდინარე, ის შეხვედრები, რომელიც გაიმართა რეგიონებში, სადაც კონკრეტულ მაგალითებს ვნახულობდით, საინტერესო იყო. “მსგავსებასთან ერთად, გვაჩვენებდა მნიშვნელოვან განსხვავებებსაც. საქართველოს შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის განვითარებაში აშკარად ჩანს ლიდერობა, ის მართავს პროცესს, განსაზღვრავს სტრატეგიებს, ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს. ეს ნაკლებად ჩანს სომხეთის შემთხვევაში, უფრო სათემო ინიციატივების დონეზეა ყველაფერი. ჩანს საერთაშორისო პროგრამები, რომელსაც ადგილობრივი თემი პასუხობს და იყენებს. საქართველოს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თვითონ თემის ჩართულობა გაიზარდოს სოფლის პრობლემების გააზრებაში და შემდეგ ამ პრობლემების განხორციელებაში და ადგილობრივ მნიშვნელობის ინიციატივებში. სომხეთის მხარეს ხელისუფლების როლი სოფლის განვითარებაში უნდა გაიზარდოს. ეს ყველაფერი რაც ამჟამად იქმნება, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს, რომ თამამი ნაბიჯები გადადგან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ. ეს პარტნიორობა სასარგებლო და ხელშესახები უნდა იყოს ადამიანებისთვის სოფლების დონეზე. იქ, სადაც იქმნება პროდუქტი და იქ, სადაც თანამშრომლობის გაძლიერებას განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრი პრობლემაა რომელიც ორივე ქვეყნისთვის საერთოა, ამ საერთო პრობლემების გადაჭრისთვის, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის საერთო გეგმები არსებობდეს,“ – ამბობს დევდარიანი.