“დღეს, ბედნიერი დღე გვაქვს,” – იტყვის ხშირ-ხშირად 22 წლის მარი და მესამე სართულიდან პირველ სართულზე ჩარბის, რომ სტუმრებს დახვდეს. სტუმრებიც ნელ-ნელა მოდიან და „სმენისა და მეტყველების მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ ბენეფიციარების ნამუშევრებს ეცნობიან. თუმცა ეს ბედნიერი დღე, მხოლოდ იმით არაა გამორჩეული, რომ სტუმრები მათ ხელნაკეთ ნივთებს ათვალიერებენ. დღეს, მოსკოვის პროსპექტის 18 ნომერში გაიხსნა ხის სოციალური საწარმო „სხივი“, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს შეეძლებათ დაეუფლონ ხეზე მუშაობას და პატარა, მაგრამ სასარგებლო ნივთები გააკეთონ: ხის საათი, სათვლელი, ანბანი და ა.შ. რომელიც მერე მაღაზიებში გაიყიდება.
პროექტის მიზანია, საქართველოში არაფორმალური განათლების მეთოდებითა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმების სისტემის პილოტირება, რომელიც მიმართული იქნება მათი ცოდნისა და კომპეტენციების განვითარებაზე, შრომით ეფექტიანობაზე, კონკურენტუნარიანობასა და შრომით ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობაზე.
„ძალიან კარგი წამოწყებაა, შეუძლებელია ასეთი რთული საქმის ერთი ხელის მოსმით მოგვარება, იმედი მაქვს ეს საწარმო განვითარდება,“ – ამბობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე. მისი თქმით, 51 პროექტიდან, რომელსაც სამინისტრო აფინანსებს, ერთ-ერთი მნიშნელოვანი სწორედ ეს პროექტია.
შენობა, რომელიც თბილისის მერიის დახმარებით, მოემსახურება ოცამდე ბენეფიციარს, ადაპტირებულია. მესამე სართულზე, კარიდორის ბოლოს, ოთახში ის საჭირო დანადგარებია, რომლითაც შშმ პირებმა ხეზე უნდა იმუშაონ.
„ტექნიკურ უსაფრთხოებას ვასწავლი. ძალიან დაინტერესებულები და მონდომებულები არიან და სასიამოვნოც კია მათთან მუშაობა,“ – გვეუბნება 50 წლის, ბესო ჭელიშვილი, რომლის თქმითაც მთელი ცხოვრება ხეზე მუშაობს და ამჯერად გადაწვიტა, რომ შშმ პირებს დაუდგეს გვერდში და ხელობა შეასწავლოს. აქ გოგოებიც და ბიჭებიც ერთნაირად უნდა დაეუფლონ ხერხსაც და დაზგასაც. „აქ ყველაფერი მომწონს, მომწონს რომ ხერხავენ,“ – ამბობს 22 წლის მარი ცხოვრებაშვილი და ცდილობს ხისგან „ა“ და „ი“ გამოხერხოს.
„ჩვენი ორგანიზაცია, უკვე ათია წელია საქართველოში, ჩვენი მიზანია სახელმწიფოსა და ორგანიზაციებს შორის კოორდინაცია. გვჯერა, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს შშმ პირების ინტეგრაციას“, – ამბობენ ჩეხეთის განვითარების საგენტოსა და ჩეხური ორგანიზაცია- „ადამიანი გაჭირვებაში“ წარმომადგენლები.
„პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის’’ დაფინანსებითა და თბილისის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და „ახლგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალური ინკლუზიის/ჩართულობის მხარდაჭერის’’ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის პარტნიორობით, ჩეხეთის განვითარების საგენტოსა და ჩეხური ორგანიზაცია- „ადამიანი გაჭირვებაში“, ერთად. ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა სახელობო გადამზადება და დასაქმება დღეს სერიოზული პრობლემაა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ამ კატეგორიის ადამიანებს ექმნებათ სერიოზული პრობლემა, ისინი მოუმზადებელნი არიან რეალური ცხოვრებისთვის, არ აქვთ პროფესია, რომ მიაღწიონ ეკონომიკურ განვითარებას და ფინანსურ თვითუზრუნველყოფას. სამუშაო ბაზარზე მაღალი კონკურენციის გამო, დამსაქმებლებს ურჩევნიათ, სამუშაოზე აიყვანონ ის ადამიანები, ვისაც მეტი შესაძლებლობები აქვთ. ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირები ყველაზე მოწყვლადი ფენაა, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ დასაქმება, მათ ესაჭიროებათ დამხმარე ალტერნატიული სერვისები , ფუნქციონალური მიდგომის პრინციპით ინდივიდის ძლიერ მხარეზე დაყრდნობით, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე სამუშაოს ოპერაციებად დაყოფა, პროფესიული გადამზადება, მხადაჭერით დასაქმება და ამ გზით გასვლა შრომით ბაზარზე. აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ხის საწარმოს შექმნა, სადაც შშმ პირები ინტელექტის განმავითარებელი სათამაშოების დამზადებას ისწავლიან. საწარმოს ძირითადი მიზანი იქნება მოგების რეინვესტირება შშმ პირთა თემში არსებული პრობლემების მოგვარებისა და სოციალური მიზნების მისაღწევად,“ – გვეუბნება „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი მაია ასაკაშვილი.
ხის სოციალური საწარმოს ამოქმედება იქნება ორმხრივ სასარგებლო პროცესი, საწარმოში დაიწყება ადგილობრივ დონეზე ხის სათამაშოების წარმოება, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის სოციალური მიზნების მოგვარებასა და შშმ პირთა დასაქმებას, შესაძლებლობების წარმოჩენას, საზოგადოების ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლას მათი დასაქმების შეუძლებლობაზე.