არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტეგრაცია-გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ“ გამართა საზაფხულო სემინარები NATO-ს შესახებ ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის. სემინარებში მონაწილეობდნენ ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონ-ლაინ მედიის ჟურნალისტები. ნატოს საზაფხულო სემინარები ჩატარდა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში რუმინეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო), საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამსახურისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით.
ორი დღის განმავლობაში სემინარების მონაწილეები გაცნენ და მიიღეს ნატოს შესახებ ამომწურავ ინფორმაცია. სემინარების ძირითადი თემატიკაა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პრინციპები, გაფართოების პოლიტიკა, პარტნიორობის პოლიტიკა, ვარშავის სამიტის დღის წესრიგი და კომუნიკე, საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო-რუსეთის ურთიერთობა, ნატოს სამხედრო მისიები და საქართველოს მონაწილეობას ალიანსის ოპერაციებში, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაცია იყო. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) , მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაციაა. ეს არის პოლიტიკური და სამხედრო ალიანსი, რომელიც 28 წევრ ქვეყანას აერთიანებს ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში. ეს ქვეყნები ატარებენ შეხვედრებს, რომელთა მიზანია თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროშ. ამ თვალსაზრისით, ნატო უნიკალური მაკავშირებელი რგოლია ამ ორ კონტინენტს შორის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის საქმეში.
სემინარს უძღვებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, რუმინეთის ელჩის მოადგილე, ნატოს საკონტაქტო საელჩოს წარმომადგენელი რადუ გორინციოი, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორის მოადგილე ქრისტინა ბელეშიტე და სხვები.
ფოტო: თაკო სურგულაძე