RSS

პროფესიონალები ყველა დარგში სჭირდება ქვეყანას…

10 ივლ

koleji 011ოლიკო ცისკარიშვილი

ხშირად გვსმენია, სამდიპლომიანი ტაქსისტის ისტორია. არაა ეს ისტორია მოგონილი, ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დიპლომს ფლობენ, თუმცა მუდმივად სამსახურის ძიებაში არიან. ეს კი, ალბათ, იმის ბრალია, რომ ადამიანები არასწორად ირჩევენ პროფესიას, ანდა საკმაოდ პროფესიონალებად ვერ ყალიბდებიან და მუდმივად სასურველი სამუშაოს ძიებაში არიან, ანდა მიზერულ ანაზღაურებაზე თანხმდებიან.

კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები არის, თუმცა კვალიფიციური სპეციალისტების თვალსაჩინო ნაკლებობაა, რის გამოს, ხშირად კომპანიებს საზღვარგარეთიდან უწევთ მათი მოწვევა.

fexsacmeli 002წლების წინ, მუსირებდა აზრი, რომ ყველაზე სარფიანი ექიმობაა, ამიტომ ყველა ახალგაზრდა სამედიცინოზე თავპირისმტვრევით ცდილობდა ჩაბარებას, მერე ეკონომიკური შემოვიდა მოდაში, ცოტა გვიან საერთაშორისო ურთიერთობები და ასე… განუწყვეტლივ, ყველა რატომღაც ერთი და იგივე სპეციალობას ირჩევდა, ამ ტენდენციამ კი დაჩრდილა ისეთი საჭირო პროფესიები, როგორიც ვთქვათ ფიზიკაა, ანდა მათემატიკა…

ჩემი შვილის, რომელიც ამჟამად აბიტურიენტია, მომავალი, დავგეგმეთ ერთ-ერთი ტრენინგის შემდეგ შეძენილი ცოდნით, რომელიც მასაც გავუზიარე. გამოვიკვლიეთ ბაზარი, ვნახეთ სად და რამდენი პროფესიონალი სჭირდებოდათ, მივხვდით, მისი უნარებისა და ცოდნას შესაბამისი რომელი პროფესია იქნებოდა. მომავალი სტუდენტი, საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა და მიიღო გადაწვეტილება, რომ ესწავლა სწორედ იმ დარგზე, სადაც პროფესიონალთა ნაკლებობაა… და როგორც წესია-ხოლმე არ გაჰყვა მშობლის ნაკვალევს…

biblioTekaკიდევ ერთი მავნე ჩვევა გვაქვს ქართველებს – უმრავლესობას გონია, თუ არა უმაღლესი განათლება, მომავალში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, ხშირად ვერც მომავალს შეჭიდებული ახალგაზრდა და ვერც მისი მშობლები, ვერ ითვალისწინებენ ახალგაზრდის უნარებს და მისწრაფებებს, ხშირად დროსაც (ოთხ წელს ბაკალავრიატის საფეხურს) და უამრავ თანხას, უბრალოდ ჰაერში ყრიან. შედეგი კი სავალალოა, როცა უმაღლეს დამთავრებული დგება სასტიკი რეალობის წინაშე – მისი კონკურენტები უფრო პროფესიონალები, უფრო ჭკვიანები, უფრო მოქნილები, უფრო ნაცნობიანები და ბაზარზეც არ უნდათ ამდენი იურისტი, ჟურნალისტი, ეკონომისტი და ა.შ. მხოლოდ მშენებლობებზე, არაკვალიფიციური კადრების გამო, 5 570-ზე მეტი უცხოელია დასაქმებული.

„პროფესიონალი განათლების მქონე ადამიანების დასაწმების დონე უფრო მაღალია, ვიდრე უმაღლესი განათლების,“ – განაცხადა ორიოდე დღის წინ, კაჭრეთში შტეფან შტორსკიმ, ევროკავშირის წარმომადგენელმა.

davibadeუფრო ხშირად კი, ახალგაზრდებსა და მის მშობლებს პროფესიული განათლების მიღება და რაიმე ხელობის შესწავლა, რომლის დეფიციტიცაა ქვეყანაშიც, მხოლოდ იმიტომ არ სურთ, რომ საბჭოთა დროინდელი სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან და უბრალოდ, არ იციან რას სთავაზობს მათ ეს პროფესიული სასწავლებლები. სახელმწიფომ დაიწყო ზრუნვა პროფესიული განათლების რეფორმაზე.

პროფესიულ სასწავლებლების სისტემას რეფორმა მართლაც სჭირდება, რადგან არასრული სკოლის დამთავრების შემდეგ, თუკი ახალგაზრდა კოლეჯში გააგრძელებს სწავლას, მას არ ეთვლება ეს წლები საშუალო განათლებად. თუკი მომავალში მას მოუნდება სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში, ფაქტობრივად თავიდან უნდა გაიაროს მეცხრე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ყველა ეტაპი. ეს კი ხშირად დამაბრკოლებელი ფაქტორია.

პროფესიული განათლების რეფორმა დაიწყო 2013 წლიდან, გათვალისინებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ფონანსური ხელმისაწვდომობა – სახელმწიფო სრულიად აფინანსებს პროფესიულ სასწავლებლებს და შექმნილია დამატებითი სერვისებიც.

2013-16 წლებში პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულია 30 ათას სტუდენტზე მეტი. დასაქმების მაჩვენებელი კი გაიზარდა 2013 წელს – 42 პროცენტით, 2014 წელს 47 პროცენტით. 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობდა 509 შეზღუდული შესაძლებლობის პირი, მათთვის ადაპტირდა სასწავლებლები, მათი ნაწილი უკვე დასაქმებულია. ქვეყანაში სულ 1108 შშმ პირია დასაქმებული 750 საწარმოში.

კახეთში, კერძოდ, კაჭრეთში, სსის საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“, სწორედ ასეთი კოლეჯია, სადაც შშმ პირებისთვის ადაპტირებულია შენობა, კოლეჯი მრავალ პროფესიის სწავლას სთავაზობს სტუდენტებს – კომპიუტერული პროგრამები, კულინარია, დურგლობა, მეღვინეობა, მინანქრის ხელოვნება,  თექა, მეცხოველეობა, ფარმაცევტობა… სწავლობენ ასევე საგზაო მოძრაობის წესებს, ტრაქტორების მოწყობილობასა და ექსპლუატაციის წესებს. სტუდენტები თავად უვლიან ეზოს, ვაზს, ფრინველებს, ცხოველებს, მოჰყავთ ბოსტნეული… უამრავ საინტერესო და სასარგებლო პროფესიას ეუფლებიან.

კოლეჯს საერთო საცხოვრებელიც აქვს, გასართობი მოედნებიც, ბაღში პაწაწინა, თავისუფალი ბიბლიოთეკებიც…

„ჩვენთან სწავლა უფასოა, მხოლოდ კვების 30 ლარია გადასახდელი,“ – გვეუბნება  65 წლის ნათელა პაპუნაშილი, რომელიც 90-იანი წლების დასასრულიდან კოლეჯში ასწავლის და უკვე წლებია კოლეჯ „აისის“ დირექტორია. ქალბატონი ნათელა, კოლეჯის კუთხე-კუნჭულს გვათვალიერებინებს და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. რამდენიმემ, მათ შორის მეც, გულწრფელად ვინატრეთ ამგვარ სასწავლებელში სწავლა.

ამ სასწავლებლიდან ბევრი პროფესიონალი უკვე დასაქმდა იქვე – სასტუმრო “კაჭრეთში”, ერთ-ერთი მათგანი იმედა კენჭიაშვილი უკვე პროფესიონალი მზარეულია და მისი გაკეთებული გემრიელობები დავაგემოვნეთ.

EUVEGE საქართველოში ახორციელებს პროექტს, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს პროფესიული განათლებისა დ აგადამზადების სფეროს კომპლექსურ მოდერნიზაციასა და შრომის ბაზრის ჯანსაღი პოლიტიკის განვითარებასა და დამტკიცებაში. პროექტის მთავარი მიზანია სიღარიბის დაძლევა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოში. EUVEGE პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტი 2, 78 მილიონ ევროს შეადგენს.

პროექტის ბენეფიციარები და ძრითადი პარტნიორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საბოლოო ბენეფიციარები კი ქართველი ხალხია, ისინი ვინც სამუშაოს მაძიებლები არიან და ახალგაზრდები, რომელთაც შესაძლოა თავიანთი მომავალი პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაზე დააფუძნონ.

ამ სტატიის მიზანი კი ისაა, რომ კარგად დავფიქრდეთ, რატომ ვირჩევთ ამა თუ იმ პროფესიას, იმიტომ რომ მოდაშია? იმიტომ რომ სხვას გაუმართლა? იმიტომ რომ სხვა ბედნიერია? მოგვცემს კი ჩვენი არჩეული პროფესია, უზრუნველყოფილ ცხოვრებას, მოგვანიჭებს კი ბედნიერებას? პროფესიონალები ჩვენს ქვეყანას ყველა სფეროში სჭირდება… აირჩიეთ ის პროფესია, რომელიც თქვენია…

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთ-ერთ ფილმში პერსონაჟს ეკითხებიან: რა არის ბედნიერება? ის კი პასუხობს – ბედნიერებაა, როცა გიხარია სამსახურში მისვლა და სამსახურიდან შინ…

დიდაქტიკურად კი გამომდის, მაგრამ – ქვეყანას სჭირდება ბედნიერი ადამიანები…

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s