დედამიწის საერთაშორისო დღეს, 22 აპრილს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სატყეოს ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი წერტილის – სამშრალიის (ზღვის დონიდან 1088 მ) ძირში ე. წ. ვაკნარის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 800 მეტრზე 2200 ძირი აკაციის ნერგი დაირგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და იმერეთის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, ,,თსუ-ეკო-კლუბის“ კოორდინატორი გიორგი დვალაშვილი მონაწილეობდა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა აღნიშნა ,,აქციის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, ეს ღონისძიება ამავდროულად ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას ემსახურება. აქციის ფარგლებში სახელმწიფო ტყის ფონდში 1 ჰა ფართობის განაშენიანება მოხდა“.
იმერეთის რეგიონში ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა ცინცაძე აღნიშნავს: ,,ზესტაფონის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილას, იმერეთის რეგიონის ტყის სექტორის საგაზაფხულო სეზონის გამწვანების პროცესი სიმბოლურად დედამიწის დღეს დასრულდა. მრავალ უწყებასთან ერთად, ღონისძიებაში მომავალი გეოგრაფები და ეკოლოგები, თსუ-ს სტუდენტები იყვნენ ჩართული, რამაც აღნიშნული ღონისძიება მასშტაბური გახადა. დიდი მადლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს განსაკუთებლი მხრადაჭერის და თანამდგომისთვის, შემოდგომით გამწვანების აქცია უფრო მასშტაბური და გრანდიოზული იქნება. ჩვენ იმედი გვაქვს, უფრო მეტი დაინტერესებული პირი შემოგვიერთდება და აქტიურად ჩაერთვებიან მოხალისეები და სპეციალისტები. უფრო მეტი ადგილი იქნება გამწვანებული და ეკოლოგიურად მდგრადი ტერიტორიების ფართობი მკვეთრად გაიზრდება“.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი ამბობს: ,,დედამიწის დღეს, თსუ-ეკო-კლუბმა საინტერესო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. დიდი მადლობა იმერეთის რეგიონში ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს მხარდაჭერისთვის. სტუდენტებს საშუალება მიეცათ დაერგოთ ხეები სატყეო სექტორის ზონაში, აგრეთვე, გაეცნენ ზესტაფონის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილს ვაკნარს, საიდანაც მდინარე ყვირილას აუზის, კოლხეთის დაბლობის, რაჭის ქედისა და სვანეთის კავკასიონის მწვერვალების უნიკალური პანორამა იშლება. მომავალში იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწყობილ ღონისძიებებში თსუ-ეკო-კლუბი კვლავ აქტიურად იქნება ჩართული“.