მე-12 საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც დუშეთის მუნიციპალიტეტში ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ჰესის პირველი აგრეგატი 1985 წელს ამუშავდა. სოფელი ჟინვალი მთლიანად წყალსაცავის ქვეშ მოექცა.
გიორგი დვალაშვილი – გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი: “ჟინვალის წყალსაცავის თანამედროვე ქვაბული 1984 წლამდე დატბორილი არ გახლდათ, განსხვავებით წალკის წყალსაცავისგან, რომლის დატბორვაც 1947 წლიდან დაიწყო. თუმცა გარდა ბაზილიკური ტიპის ტაძრისა, აქ ძალიან ბევრი ნანგრევი ჩანს. 80-იან წლებამდე, ვიდრე ეს ტერიტორია დაიტბორებოდა, ეკლესია დიდი მნიშვნელობის წმიდა სალოცავსა და ისტორიულ ძეგლს წარმოადგენდა. ტაძრის წყლისგან გათავისუფლებისას მიმდინარეობს მისი კედლების შლა. ტაძრის ქვების გამოფიტვის პროცესი, იმდენად სწრაფად ხდება, უახლოეს პერიოდში შეიძლება ჩამოიშალოს ის თაღიც, რომელიც ბაზილიკურ ტაძარს თავზე ჯერ კიდევ ადგას. ჟინვალის ეკლესიის იდენტური ტაძარი ამ ტერიტორიის სიახლოვეს აშენდა, სადაც 6 წელია წირვა-ლოცვაც მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ეს სიძველეები 9 თვე წყალშია მოქცეული, 3 თვე კი ზოგიერთი წყლისგან თავისუფლდება. ამ დროს რთულია ტაძართან მისასვლელი გზაც. ბოლო 5 წელიწადია რეგულაულად ვაკვირდებით ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებს და თვალნათლივ ჩანს განსხვავებები, იშლება ტაძრის კედლებიც და აგრეთვე იცვლება გარემოც.
სამწუხაროდ, წყალსაცავის წყლით ავსების დროს, ამ მიდამოებში ბევრი ნარჩენები გროვდება, რომელიც წყალმცირობის დროს, მიმოფანტულია ტაძრის გარშემო, ჩვენი ძალებით ვცადეთ და დავასუფთავეთ მიმდებარე ტერიტორია, ასობით პლასტმასის ბოთლი და სხვა ნარჩენები ეკლესიის ნანგრევების გარშემო იყო მომოფანტული.”