2015 წლის სექტემბრის დასაწყისში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სისტემის მარეგულირებელი ახალი ნორმატიული აქტის პროექტის მომდევნო, გადამუშავებული ვერსია გამოაქვეყნა[1]. განსახილველად გამოქვეყნებული საკანონმდებლო აქტების პაკეტი მოიცავდა შემდეგ აქტებს:
– გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტი;
– კანონპროექტი “„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; და
– კანონპროექტი “„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტისა (და ზემოთ ჩამოთვლილი ე.წ. „თანმდევი“ კანონპროექტების) განსახილველად, ა.წ. 23-24 სექტემბერს სამინისტროში შედგა დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში. შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს საკანონმდებლო აქტის პროექტის შემუშავებაში ჩართულმა ეროვნულმა და საერთაშორისო კონსულტანტებმა და სამინისტროს თანამშრომლებმა. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ა.წ. 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო კიდევ ერთი საჯარო განხილვა, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შენიშვნებისა და კომენტარების წარდგენის შესაძლებლობა მიეცემოდა; მოგვიანებით, კანონპროექტის დაგეგმილი საჯარო განხილვა გაუქმდა და ამ დრომდე კანონპროექტის სხვა ვერსია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. 23-24 სექტემბერს გამართულ დისკუსიაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა დამატებით აღნიშნეს, რომ კანონპროექტი დეტალურად იქნება განხილული როგორც სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ დანაყოფებთან, ისე სხვა უწყებებთან და დაინტერსებულ მხარეებთან. სამინისტრო კანონპროექტის (საკანონმდებლო პაკეტის) საქართველოს პარლამენტში წარდგენას 2015 დეკემბერში გეგმავდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ვერ ესწრება და სავარაუდოდ, კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენას 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა ველოდოთ. იხილეთ ვრცლად