RSS

ქობულეთში მცხოვრები ბოშები

11 დეკ

bosha 014ოლიკო ცისკარიშვილი

ქობულეთში,  ვაგზლის მარჯვენა მხარეს პატარა დასახლებაა, სადაც ორმოცდაათამდე ბოშათა ოჯახი ცხოვრობს, ამ ადგილს ბოშათა დასახლებას ეძახიან. რამდენიმე ოჯახში შეგვიპატიჟეს…

75 წლის ბოშა ქალი, რომელიც ავადაა, თუმცა მაინც ბოშურ ტრადიციისამებრ მოწესრიგებული და  მოვლილია, გვიყვება, რომ შვიდი შვილი ყავს, მისი შვილებიც მრავალშვილიანები არიან, თავს, როგორც ყველა ბოშა ვაჭრობით ირჩენენ. ხანდახან მკითხაობითაც. „მკითხაობის ხელოვნებას ბევრი ცოდნა და პრაქტიკა უნდა, ამას ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, ასე გადმოდის შთამომავლობით, შვილიდან შვილზე, ზოგი ხდება, ზოგიც არა…“ – გვიყვება ვალია.

მის მეზობლად შვიდშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია. ფეხშიშველი გოგო-ბიჭები პარკებით აკრულ ფანჯრებიდან თვალებაციმციმებულები გვიყურებენ, მერე კი ჟივილ-ხივილით ჩვენს გარშემო დარბიან… მეორე სართულზე ავადმყოფი დედა უარს გვეუბება ჩაწერაზე, თუმცა მამა ნებას გვრთავს, რომ ბავშვები გადავიღოთ…

კიდევ ერთ ოჯახს ვსტუმრობთ, სადაც 35 წლის ბოშა თავის ოთხ შვილთან ერთად გვხვდება… „ბავშვების დედა სამსახურშია, ვაჭრობს,“ – გვეუბნება და გვიყვება, რომ ამ დასახლებაში 50-მდე ოჯახია ბოშების, მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. „ქრისტიანები ვართ, – გვეუბნება იგი, – მიუხედავად იმისა, რომ  ბევრს უჭირს, ყველა მრავალშვილიანია, ჩვენი რწმენით, ღმერთი რამდენ შვილსაც მოგვცემს, იმდენი უნდა გვყავდეს. ასეთია ჩვენი რწმენა.“ ჩვენი რესპონდენტი ქორწილის ტრადიციებზეც გვიყვება: თურმე, თუკი ვაჟს გოგო შეუყვარდება, გოგოს მამას ფული უნდა გადაუხადოს… მას შემდეგ, შეიძლება მოლაპარაკება შედგეს, თუკი თანხა მისაღებია, ქორწილიც დგება და ოჯახიც იქმნება…

მისი თქმით, ქობულეთში მცხოვრები ბოშები მართლმადიდებლები არიან. თუმცა,  საქართველოში მცხოვრებ ბოშათა ნაწილი თავს მუსლიმად მიიჩნევს, საქართველოში სხვა რელიგიური იდენტობის ბოშათა ჯგუფებიც არიან, მათ შორის ევანგელისტური აღმსარებლობის ქრისტიანები.

ბოშები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ხალხია. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 2,5 – 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ბოშები წარმომავლობით ინდოეთიდან არიან. ბოშების წინაპრებს ინდოეთი პირველი ათასწლეულის ბოლოს დატოვეს. სავარაუდოდ, ისინი პირველად წინა აზიის (ირანის ტერიტორია), ეგვიპტისა და ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში განსახლდნენ. მეორე ათასწლეულის დასაწყისში ისინი ბალკანეთის ნახევარკუნძულისკენაც დაიძრნენ. XV-XVI საუკუნეებში ბოშები უკვე ევროპასა და ჩრდილო აფრიკაშიც სახლდებიან, XIX საუკუნეში კი ამერიკის კონტინენტსა და ავსტრალიაშიც. ევროპაში ბოშების მიმართ თავდაპირველი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მალე მათი დევნით შეიცვალა. ბოშებს კანონგარეშე პირებად აცხადებდნენ და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ასახლებდნენ, მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში 500 ათასზე მეტი ბოშა დახოცეს. ომის შემდეგ, ბევრმა მათგანმა მკვიდრი ცხოვრების წესი აირჩია, მათ შორის ქობულეთში დამკვირებულმა ბოშებმა. მათი თქმით, აქ მათი წინაპრების მიერ აშენებულ სახლებში ცხოვრობენ და აქ დაიმკვირდეს ადგილი.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 1989 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო სულ 1744 ბოშა. მათ შორის: თბილისში — მხოლოდ 53; აფხაზეთში — 412; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში — 126; ქუთაისში — 251; რუსთავში — 32. მაგრამ ეს მონაცემები დღეს უკვე არ ასახავს რეალობას. 2002 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მასალები ბოშების რაოდენობის შესახებ არაფერს გვაუწყებს. თუმცა არც ადრინდელ მონაცემებშია ქობულეთში მცხოვრები ბოშები, მათი მტკიცებით, კი 60 წელზე მეტია ქობულეთში, ეს დასახლება არსებობს.

bosha 002 bosha 010 bosha 012 bosha 018 bosha 022 bosha 023 bosha 026 bosha 029

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s