თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ასევე გამოცხადდა უქმედ, თბილისში მოქმედი ორგანიზაციებისთვის. ეკოფაქტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
შეგახსენებთ, რომ არსებული მონაცემებით, მდინარე ვერეს ადიდებისა და წყალდიდობის გამო, დაღუპულია 12 ადამიანი, ხოლო 24 დაკარგულად ითვლება და მიმდინარეობს მათი ძებნა.
სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი დაახლოებით 40 მილიონს შეადგენს. მონაცემები საგანგებო შტაბის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარმოადგინა.
ხადურის თქმით, თბილისის მერიისთვის პირველ ეტაპზე გამოიყოფა 10 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბაზაზე გააჩნია გარკვეული საოჯახო ინვენტარი, რაც მერიას დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით გადაეცემა.
ხადურის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა დონორებთან და 2-3 დღეში თანხების მობილიზება იქნება შესაძლებელი.