ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური თსუ-ეკო აცხადეს კონკურსს საუკეთესო ესეების გამოსავლენად, რომელიც საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხება. კონკურსი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში მდინარის ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მათი ჩართულობის გაზრდას მდინარეების დაცვით ღონისძიებებში. საკონკურსო ესეს სახელწოდებაა: „საქართველოს მდინარეების ეკოლოგიური პრობლემები;
მდინარე________(მიუთითეთ მდინარის დასახელება)’’. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეს. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას (შრიფტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5; უნდა იყოს word-ის ფრომატში). ნაშრომის ბოლოს მიუთითეთ: ქალაქი, სკოლა, კლასი, ავტორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და ელ. მისამართი. კონკურსის პირველი ეტაპი ესეების მიღება დაიწყება 26 მარტიდან და დასრულდება 17 აპრილს ღამის 12 საათზე. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ესე, რომელშიც განხილული იქნება საქართველოს ერთი მდინარის ეკოლოგიური პრობლემები და მათი გამოსწორების პერსპექტივები. ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 1. სათაურთან შესაბამისობა და საკითხის გააზრება; 2. პრობლემების გადაწყვეტის ავტორისეული ხედვა; 3. ლოგიკური მსჯელობა; 4. ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი); 5. წერის კულტურა. კონკურსის მეორე ეტაპი 21 აპრილამდე კონკურსის ჟიურის მიერ შერჩეული იქნება 10 საუკეთესო ესე. ფინალში გადასული 10 ნამუშევრის ავტორებმა უნდა მოამზადონ და თსუ-ეკო კლუბის ელ. მისამართზე: tsuecoclub@tsu.ge 24 აპრილის ღამის 12საათამდე უნდა ატვირთონ PowerPoint-ის ფორმატში მომზადებული პრეზენტაცია (პრეზენტაციის ხანგრძლივობა – მაქს. 10 წუთი). კონკურსის ფინალი ფინალი გაიმართება 25 აპრილს, თსუ-ს პირველ კორპუსში და გამოვლინდება გამარჯვებული. ესეების კონკურსის ყველა ფინალისტ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო I, II, III ადგილოსანი გამარჯვებულები დაჯილდევდებიან დიპლომებითა და უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზით. გაფრთხილება მოსწავლეებს: 1. ერთი სკოლიდან მიიღება მხოლოდ ერთი ესე. 2. ესეს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი. 3. ესეს ბოლოს სრულად უნდა ჰქონდეს მითითებული: ქალაქი, სკოლა, კლასი, ავტორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და ელ. მისამართი. მოცემული წესების დარღვევის სემთხვევასი ნაშრომი კონკურსიდან მოიხსნება! პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის! ესე შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან. I. შესავალი იმისათვის, რომ ესეს შესავალი ეფექტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა: 1. ტექსტის შესავალ ნაწილში მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე გააცანით მკითხველს განსახილველი საკითხი. 2.დასვით ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძლება ისაუბროთ ესეში; 3. შესავალი დაიწყეთ მკითხველისათვის ნაცნობი, ადვილად აღსაქმელი სიტუაციის (ფაქტი; ამბავი; ინფორმაცია) აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი. II. ძირითადი ნაწილი ძირითად ნაწილში გადმოეცით თქვენი მთავარი სათქმელი, განმარტეთ და დაასაბუთეთ თქვენ მიერ გამოთქმული დებულებები და მოსაზრებები. მსჯელობა ააგეთ ლოგიკურად და თანმიმდევრულად. წარმოაჩინეთ თქვენი პირადი დამოკიდებულება და პოზიცია განსახილველი საკითხისადმი. III. დასკვნითი ნაწილი დასკვნით ნაწილში შეაჯამეთ ესეში გადმოცემული მოსაზრებები, მკითხველს კიდევ ერთხელ დაუკონკრეტეთ თქვენი მთავარი სათქმელი და დაასაბუთეთ შერჩეული თემის აქტუალობა.