25 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკოკლუბის მიერ ორგანიზებული კონკურსის „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“ გამოფენა და დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას თსუ რექტორიის მოადგილე მერაბ ელიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, კონკურსის მონაწილეები, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს სკოლის მოსწავლეების მიერ ნარჩენებისგან შექმნილი საახალწლო ხელოვნური ნაძვის ხეების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შესარჩევი ეტაპების შედეგად გამოვლენილი 53 ნაშრომი. კონკურსში სულ საქართველოს 211 სკოლის 761 ნამუშევარი მონაწილეობდა. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს – მოსწავლეებს, პედაგოგებს და სკოლებს პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეეძლო. კონკურსის მიზანია საახალწლოდ ტყეების განადგურებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერება. საამისოდ კონკურსის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს სკოლის მოსწავლეები წაეხალისებინათ და ხელოვნური ნაძვის ხეების საკუთარი ხელით შექმნა შეეთავაზებინათ. მოსწავლეებს ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან უნდა დაემზადებინათ. საამისოდ მათ უნდა გამოეყენებინათ ყველაფერი – ნაძვის ხის და მისი ტოტების გარდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საბავშვო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით გამარჯვებულები გამოვლინდა შემდეგ ნომინაციებში:
1. მოწონებების (facebook) კონკურსში გამარჯვებული – თბილისის 76 საჯარო სკოლა.
2. გამოფენაზე დამსწრე საზოგადოების რჩეული – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლა.
3. სულ ნარჩენებისგან შექმნილი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლა.
4. ეთნოგრაფიული ნაძვის ხე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა.
5. ზღაპრული სამყარო – ქ. თბილისის 99 საჯარო სკოლა.
6. მინი გენიალურობა – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლა.
7. ყველაზე კრეატიული და არომატული – ქ. ხაშურის მე-3 საჯარო სკოლა.
8. კომისიის რჩეული – ქ. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა.
9. უნივერისტეტის რჩეული – ქ. გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა.
10. ინოვაციური (კონკურს გარეშე) – ქ. თბილისის 112-ე საჯარო სკოლა.11. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რჩეული – ჭიათურის 1 საჯარო სკოლა. 12 თსუ ეკო კლუბის რჩეული – ქუთაისის 24 საჯარო სკოლა.
გეომორფოლოგიის „ facebook” –გვერდმა და ეკო კლუბმა გვერდმა ჩაატარა ფოტო კონკურსი სახელწოდებით „გეომორფოლოგიური ფენომენები„. კონკურსი გაგრძელდება ამა წლის 24 დეკემბრამდე, ერთი გამარჯვებული გამოვლინდა ლაიქების მეშვეობით, გამარჯვებული გახდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის სკოლის 10 კლასის მოსწავლე გიორგი გვიჩიანის ფოტო: სვანეთი უშბა, სოფელი ლატალი
ხოლო ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსში გაიმარჯვა ოლიკო ცისკარიშვილის მიერ გადაღებულმა ფოტომ, რომელზეც კაცხის სვეტი და მისი მიმდებარე ტერიტორია არის აღბეჭდილი. მოწონებების (facebook) კონკურსში გამარჯვებულ თბილისის 76 საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცა ა–2 ფორმატზე დაბეჭდილი ოლიკო ცისკარიშვილის მიერ გადაღებული ფოტო. გამარჯვებულებს ფოტო გადასცა ეკა სოსელიამ, თბილისის 157-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ.