ვაკის ყველაზე დიდი პარკი, ვაკის პარკია, რომელიც თრიალეთის ქედის ჩრდილოეთის ფერდობის გარკვეულ მონაკვეთში ჭავჭავაძის პროსპექტის №76-ში მდებარეობს. მისი მშენებლობა 1946 წელს დაიწყო. საქართველოს ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით, მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ბუნებრივია, პარკის შესასვლელები და თვით მისი ძირითადი ნაწილი (კომპოზიციურ ღერძზე განლაგებული კიბეები, აუზი და სხვა გეგმარებითი ელემენტები) დასახლებული ტერიტორიების დამამთავრებელი ქუჩებისა და საზღვრების მიმდებარედ, მათთან ორგანულად და ტერიტორიულად დაკავშირებულად დაპროექტდა. შემდგომ ეტაპზე მოხდა მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი დიდების მემორიალის დაგეგმარება-მშენებლობა, რომელმაც მთის ფერდობზე გააგრძელა არსებული კომპოზიციური ღერძი (წყლის სარკე-ჩანჩქერების შადრევნებისა და დამამთავრებელი მოცულობითი თემატური ქანდაკების სახით).
მემორიალმა, სადაც უცნობი ჯარისკაცის ნეშტია დაკრძალული (იგი ქერჩიდან ჩამოასვენეს ქართველთა სასაკლაოდან) თანდათან იერი შეიცვალა. იგი თავდაპირველად ქანდაკებათა კომპლექსს წარმოადგენდა, იქედან თანდათან ქრებოდნენ “ჯარისკაცები,” დღეისთვის ერთი იდაყვებზე დაყრდნობილი “დაჭრილიღაა” შემორჩენილი. მემორიალთან დღემდე პატივს მიაგებენ უცნობი ჯარისკაცის საფლავსა და მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილ ჯარისკაცთა ხსოვნას, ქართველი დიდი სამამულო ომის ვეტერანები.
პარკში განლაგებულია სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტი: მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ღია კინო-თეატრი, საბავშვო ცენტრი, ატრაქციონები, საჩოგბურთო მოედნები, კაფე-რესტორნები და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მწვანე ზონისთვის გამოყოფილი ტერიტორია 200 ჰა-მდე ფართობს ითვლიდა, თვით პარკის ფორმირებისას ბუნებრივად მოხდა პარკის სამხრეთით, მთის ფერდობზე გატარებული გზით ტერიტორიის ნაწილის შემოფარგვლა, რაც, სახელდობრ, მრავალფუნქციური პარკის ორგანულ ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ. ამ ტერიტორიის (ანუ თვით პარკის ორგანული ნაწილის) საერთო ფართობი 469 500 მ2-ია.
ვაკის პარკს განსაკუთრებულ ხიბლს წითელი ქვიშა მატებს, რომლითაც მოპირკეთებულია სავალი გზები.
ვაკეში პატარა ბაღიცაა, რომელიც გეგეშიძის ბაღის სახელითაა ცნობილი. იგი ვაკის პირველი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბაღის შუაში ამაყად დგას დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი.
ამ ბაღში ხშირად დადიან ადგილობრივები და იქვე მდებარე კაფესთან ყავასაც მიირთმევენ.
კიდევ ერთი, პატარა ბაღი, მრგვალი ბაღის სახელითაა ცნობილი. ვასილ ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის და მცხეთის ქუჩა მრგვალ ბაღთან ხვდება ერთმანეთს. მრგვალი ბაღის სახელი იმიტომ ეწოდა, რომ მისი განაშენიანება წრიულია. ადგილობრივების თქმით, ამ და სხვა ბაღების გაშენებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლავრენტი ბერიას.
მრგვალი ბაღის ცენტრში 1989 წელს ანტუან დე სენტ ეგზიუპერის პატარა უფლისწულის ქანდაკება-შადრევანი დგას, რომლის ავტორი ირაკლი ჟვანიაა.
1982 წელს გახსნილ პარკს, რომელიც მზიურის სახელითაა ცნობილი, გამოჩენილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი, მზიურში მისივე ნაწარმოებების საფუძველზე შექმნილი ძეგლები ამშვენებს… მწერალი 1884 წელს გარდაიცვალა და საბავშვო ქალაქ მზიურის ტერიტორიაზე დაკრძალეს, მოგვიანებით, მისი ნეშტი მთაწმინდის პანთეონს მიაბარეს. მზიურში დღემდე უამრავი ახალგაზრდა ისვენებს და დღემდე იდგმება სპექტაკლებიც ღია ცის ქვეშ.