ორიოდე დღის წინ, თბილისში გამოფენა “ექსპოჯორჯიას” ტერიტორიაზე გაიმართა ქართული ყველის ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო ყველის მრავალი სახეობა, მათ შორის დამბალხაჭო, გუდა, აჭარული ჩლეჩილი, ტენილი, შებოლილი დაწნული, მეგრული სულგუნი, გამჟალია, თაფლში დავარგებული და ა.შ.
ფესტივალის სტუმრებს შეეძლოთ ყველის დაწნა-შებოლვა, ელარჯის და თაშმუჯაბის დამზადებისთვის თვალი ედევნებინათ და სასურველი ყველი დაეგემოვნებინათ.
“საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 2005 წლიდან დავდიოდი ექსპედიციებში და ვიძიებდი ყველის ნიმუშებს. ძალიან ბევრი სახეობის ყველია. იყო ცოტა, აღმოვაჩინეთ ბევრი. ეს პროცესი არ მთავრდება, პირიქით იზრდება და ვითარდება. ყველის გარფა, ფესტივლზე წარმოდგენილია იოგურტები, კარაქი, ყველის შეჭამადი, მაწონი და სხვ.” – გვიყვება ყველის ფესტივალის ორგანიზატორი ანა მიქაძე, რომელიც პროექტ “ქართული ყველის” ხელმძღვანელია.
ფესტივალის ორგანიზებაში ანა მიქაძეს ეხმარეოდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ანა მიქაძის თქმით, წლიდან წლამდე იზრდება ყველის ფესტივალის მონაწილეთა და მომხმარებელთა რაოდენობა. მასშტაბური ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვხდებით ყველის მწარმოებელი ქვეყანა.
“წარმოდგენილი გვაქვს უკანა ფშავის პროდუქცია: დამბალხაჭო, ერბო, კარაქი. მომხმარებელი ძირითადად უპირატესობას ანიჭებდა დამბალხაჭოს, ჩემთვის გასაოცარი იყო ხაჭო-ერბოზე მოთხოვნა,” – გვეუბნება ყველის ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ფშავიდან წარმოადგენდა ყველის სხვადასხვა სახეობას.
“ყველის ფესტივალზე წარმოვადგინე ყველისგან გაკეთებული მეგრული ფაცხა, სულგუნი გემჟალია, დაწნული შებოლილი ყველი,” – გვეუბნება ფესტივალის მონაწილე სამეგრელოდან.
ფესტივალის ორგანიზატორმა, ანა მიქაძემ აღნიშნა, რომ ეს პროექტი, საქართველოში, უფრო გაღრმავდება და განვითარდება. იგი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს, უფრო მეტი მონაწილე და უფრო მეტი ყველის სახეობა იქნება წარმოდგენილი.