პროექტი „ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გეო-ეკო ალიანსის“ მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რომლის პარტნიორებიც არიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების ფონდის, მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. ქარსაცავი ზოლების გაშენების მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო აგვისტოდან და ახლა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს აქტივობების განხორციელება. პროექტის მიზანია ქარსაცავი ზოლების შექმნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საგზაო ტერიტორიებზე, რათა ქარიან ამინდებში სატრანსპორტო გადაადგილება გახდეს შესაძლებელი, ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და მათი ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეკო-ბანაკების ორგანიზება, რომელიც უშუალოდ ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში, ხეების ამორგვასა და გადარგვის აქტივობების განსახორციელებლად.
პროექტის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა 17-18-19 ოქტომბერს, ჭიათურობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, როდესაც აღინიშნა კაცხის ეკლესიის 1000 წლის იუბილე. ამ დღესთან დაკავშირებით, ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის გასწვრივ 3 უბანზე, სოფელ ჯოყოეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,5 კმ სიგრძეზე, ორგანიზაცია ,,გეო ეკო ალიანსთან” ერთად ,,თსუ ეკო კლუბის” წევრების და ჭიათურელი მოსწავლეების მიერ სიმბოლურად დაირგო 1000 ძირი ფიჭვი 2-2 მწკრივად.
40 აქტიური ახალგაზრდა, რომელიც წინასწარ შერჩეული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან, აგრეთვე თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები მთელი საქართველოდან გაემართნენ სოფელ ჯოლხეეთში გამართულ ეკობანაკში, სადაც ჩაუტარდათ სამუშაო-სემინარები და მიეწოდებათ ინფორმაცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. 3 დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა ტრენინგებთან ერთად განახორციელეს პრაქტიკული საველე სამუშაოები ზესტაფონი–ჭიათურის ავტომაგისტრალის გასწვრივ ქარსაცავი ზოლის მიდამოებში.
საუკეთესო და ყველაზე აქტიური მოსწავლე გამოვლინდა ჟიურის მიერ, კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლე ელისო ცერცვაძე, ერთი დღე იქნება ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი და შეასრულებს გამგებლის მოვალეობებს. ასევე მონაწილე ბავშვებს გადაეცათ სერთიფიკატები და პრიზები.
ქარსაცავი ზოლის გაშენებაში აქტიურად მონაწილეობდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულო, ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება, ადგილობრივი სკოლები, ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, საპატრულო პოლიცია და სხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, აგრეთვე მოსახლეობა, რომელიც ქარსაცავი ზოლის დარგვის მომენტში მოძრაობდა საავტომობილო გზატკეცილზე.