თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, სპილოს, რომლის სახელიცაა გრანდი, დღეს ოპერავია გაუკეთეს. ოპერაცია დასრულდა. მოტეხილ ეშვთან ერთად ექიმებმა ქვები, ხრეშისა და ქვიშის ნარჩენები და უზარმაზარი კისტა ამოიღეს, რომელიც ჩირქის წარმოქმნისა და მთელ ორგანიზმში ინფექციის გავრცელების წყარო იყო. ჯერ-ჯერობით გრანდის გაღვიძება ვერ ხერხდება.
მოცემული მომენტისთვის მდგომარეობა ასეთია: გრანდის გულისცემა და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, ნარკოზის მოქმედება ამ დროისთვის მთლიანად შეჩერებულია, ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, პრობლემა ისაა, რომ გრანდს სძინავს, ამ მდგომარეობაში კი ძილი მისთვის ძალიან სახიფათოა. სპილო, რომელიც დაახლოებით 6 ტონას იწონის, მწოლიარე მდგომარეობაშია და მისი სხეული მთელი სიმძიმით აწვება ფილტვებს. ამგვარი სიძლიერის დაწოლამ შეიძლება ფილტვების შეშუპება და სუნთქვის შეჩერება გამოიწვიოს. სპილოს ოპერაცია 10:00 საათიდან მიმდინარეობს. “გრანდი თითქმის 10 საათია ერთ პოზიციაში წევს, ამის გამო მისი სხეული დაბუჟებულია და დასუსტებულ ცხოველს წამოდგომა უჭირს. ამ წუთებში ინგლისელი ვეტექიმები მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ სპილოს წამოდგომაში,” – აღნიშნავენ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში.
ფოტო აღებულია თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ვებგვერდიდან