RSS

SOS – ფოთის მუზეუმს სასწრაფოდ სჭირდება რეაბილიტაცია

06 სექ

muzeumi 002ოლიკო ცისკარიშვილი

დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დამეწერა ამ თემაზე, საიდან დამეწყო… იქიდან, რომ ამ შენობას ვერ გაარკვევ რა ფუნქცია აქვს, იქ მდებარე არქეფაქტებივით უძველესად რომ გამოიყურება და ფეხაკრეფით სიარულისაც კი კედლები ისე ზანზარებს, რომ გგონია, რომ ვიტრინებიდან თავზე დაგემხობა ყველაფერი. თუ დამეწერა, რომ ძალიან მაგარი წარსულის ერი ვართ და ამაყად მეთქვა, რომ ამ შენობაში, სწორედ აქ, ინახება არქტეფაქტები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ითვლის ასაკს… და რომ მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ამგვარი ნივთების მათ ქვეყანაში გამოფენას… რომ ტურისტებისთვის, სამეცნიერო თანამეგობრობისთვის, სტუდენტებისთვის, მოწაფეებისთვის საოცნებო ნივთები ინახება…

არ ვიცი სიამაყემ შემაწუხოს, თუ სირცხვილმა, თუ დარდმა… ვერც ერთ გრძნობას ვერ მოვერიე. ამიტომ უბრალოდ აღვწერ:

muzeumi 001გიორგი ჩიტაიას სახელობის კოლხური კულტურის მუზეუმი, საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. კიბეებზე გაფენილი წითელი ხალიჩა, შენობის ამორტიზირებას ვერ ფარავს, ვერც იმას, რომ იატაკი სიარულის დროს ზანზარებს და კედლებიც მათთან ერთად, ვიტრინებში გამოფენილი არტეფაქტები გეშინია შენ თუ არა, გამვლელს არ დაემხოს თავზე. ჭერიც შესაკეთებელია, რადგან წვიმის დროს წყალს ვერ აკავებს. საერთო ჯამში შენობა ადამიანის სიცოცხლისთვის შეუსაბამოა, თუმცა იქ, ყოველდღე, ორშაბათის გარდა, მუზეუმის 14 თანამშრომელი დადის.

კიბეებიდან ხელმარჯვნივ წარწერა გვამცნობს: “თუ როგორ სახელგანთქმული იყო ძველად ეს ქვეყანა. ამას მოწმობს თქმულებები ჯერ ფრიქსეს და შემდეგ იაზონის ლაშქრობაზე… ამ ქვეყნის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლით, სპილენძითა და რკინით გვიხსნის ამ ლაშქრობათა ნამდვილ მიზეზებს…”

ასე წერდა ძველი სამყაროს უდიდესი მეცნიერი – ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი კოლხეთზე, რომელიც ელინურმა სამყარომ უძღვნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახელგანთქმული მითი არგონავტების ლაშქრობაზე ოქროს საწმისისათვის.

ბერძენ და რომაელ მწერალთა – ჰეკატე მილეტელის, ჰეროდიტეს, ფსევდო-სქილაქსის, სტრაბონის, პლინიუსის, პომპონიუს მელას და სხვათა მითითებით კოლხეთი მდებარეობდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, იქ, სადაც მოედინებოდა და ზღვას ერთვოდა “დედამიწის ერთ-ერთი და უბრწყინვალესი და უდიდესი მდინარე” – ფაზისი. ეს უკანასკნელი მდინარე რიონთან და მის შენაკად ყვირილასთანაა იდენტიფიცირებული. ამრიგად, ისტორიუი კოლხეთი დღევანდელ დასავლეთ საქართველოის მიწა-წყალზე მდებარეობდა. ანტიკურ მწერლობაში კოლხეთის ქალაქებად იხსენიებენ პიტიუნტი (დღევანდელ ბიჭვინთასთან), დიოსკურია (სოხუმის უბეში), ფასისი (ფოთთან), აფსარონი (ბათუმის მახლობლად, სოფელ გონიოში), ტრაპეზუნტი (ტრაპიზონი), კუტაია (ქუთაისთან), სარაპანა (შორაპანი).

muzeumi 010ძალიან დიდხანს ითვლებოდა, რომ კოლხეთი, სადაც ოქროს საწმისი ინახებოდა, იყო მითიური, არარეალური ქვეყანა, მხოლოდ არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ წარმოაჩინა, რომ ბერძნულ მითებსა და მწერლობაში აღწერილი კოლხეთი რეალურად არსებული ქვეყანაა.

არქეოლოგიური კვლევა-ძიება თანდათანობით მიწის საფარქვეშითან ამზეურებს ძველი კოლხეთის კულტურისა და მისი ისტორიის სულ ახალ და ახალ ფურცლებს. ჩვენს წინაშე ჩნდება ძვ. წ. მესამე-მეორე ათასწლეულების მაღალგანვითარებული ბრინჯაოს კულტურა, რომლის წიაღში აღმოცენდა ანტიკური ეპოქის კოლხეთის თვითმყოფადი და ბრწყინვალე კულტურა. იგი შექმნა ძველმა ქართველმა ტომმა – კოლხებმა, რომელთა შტამომავალნი დღესაც ცხოვრობენ დასავლეთ საქართველოში. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ძველი კოლხეთის ზღვისპირეთისა და  მის მიმდებარე ტერიტორიაზე – მისტორიული ოდიშისა და სამურზაყანოს (დღევანდელი ფოთის, ზოგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ხობის, გალის რაიონების) მიწა-წყალზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები.

მუზეუმში დარბაზებში, ფეხაკრეფით სიარულისას გვიყვება მუზეუმის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე ელენე გაბლიანი. ამ შელახულ კედლებში არტეფაქტები გვიყვებიან, რომ მაშინ როგორ იყო განვითარებული მეტალურგია, ოქროს მოპოვების უნიკალური ტექნიკა. პირველ დარბაზში წარმოდგენილია მეორე-მესამე ათასწლეულით დათარიღებუილი არტეფაქტები სუფრის ჭურჭელი, სამეურნეო დანიშნულების ჭურჭელი, კოლხური ჭურის ყალიბები და ა.შ. მრავალფეროვანიკერამიკის ჭურჭელი. ამ პერიოდში უკვე განვითარებულაი საფეიქრო მრეწველობაც, მიწათმოქმედებაც.

ელენე გაბლიანის თქმით, მეცნიერი ოთარ ლორთქიფანიძე ცდილობდა შეექმნა ტურისტული მარშრუტი ბათუმი, ფოთი-ვანი, რათა  შემოსულ მაყურებელს მთლიანად შექმნოდა შთაბეჭდილება კოლხური ცივილიზაციის შესახებ. მისივე განცხადებით, ამ სამი მუზეუმის ერთ ჯაჭვში და ერთ მარშრუტში ჩასმა ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე დარბაზი არგონავტების მითის დარბაზია. ტიმ სევერინმა რომელმაც გაიარა იგივე მარშტური, 40 კაციანი ნიჩბიანი მშრალი ხის წყობის გემით, საქართველოში ჩამოსვლისას. როცა სვანეთში ნახა ოქროს მოპოვების ის მეთოდი, რომელიც მითშია აღწერილი, ვანისა და ქუთაისის მუზეუმების ხილვის  შემდეგ განაცხადა რომ მას უკვე სჯერა მითის რეალობის.

muzeumi 005მესამე დარბაზში წარმოდგენილია ძვ, წ აღ  8-7 საუკუნეეების არტეფაქტები. აღმოჩენილია რკინის ქურა-სახელოსნოები, აღმოჩენილია სკვითური ხმალიც, რომელიც სკვითების შემოსევას ადასტურებს. ამ პერიოდში ჩნდება უკვე ქალის სამკაულები, მაშები, დიადემები, ეს პერიოდი  კოლხეთის განვითარებას მიანიშნებს.

გვხვდება ცულებიც, კოლხური მენტალობის იდენტობის ერთ-ერთი ნიშნის მატარებელია. როგორც სამეურნეო დანიშნულების, ასევე რიტუალური ფუნქციის და საბრძოლო დანიშნულების. კოლხური ცულისთვის დამახასიათებელი ზედაპირის გრავირებული დამუშავება, გრაფიუკული დამუშავებულ ცულები გვხვდება.

მუზეუმში წარმოდგენილია ძვ. წ.აღ 8-7 საუკუნის სასაფეთქლეები და ა.შ. ზოომორფული ფიგურები ძვ.წ.აღ. მეექვსე საუკუნით თარიღდება – ამორძალის ფიგურა, რომელიც სულ სამია ნაპოვნი მსოფლიოში – ერთი საბერძნეთში, ერთიც ცაისის მიდამოებში და მესამე ჩვენთან. რელიგიური რწმენის მიხედვით, წმინდანებს დაყვებოდათ წმინდა ცხოველები, ძაღლი, ხარი, მტრედი, თევზი.  ესენი დედაღვთაების თანმხლები ცხოველები იყვნენ.

მუცელგაბერილი დრაკონი კი ერთადერთია საქართველოში.

წარმოდგენილ ნიმუშებში ზარი ინტენსიურად გვხვდება, ასევე აბზინდები, დიადემები, ქინძისთავები ყველა ეს ნივთი გრავირებულია.

ვერძი ერთერთი წმინდა ცხოველია და ჭურჭლის უმეტესობაზე ისაა გამოსახული.

ელენე გვაბლიანის თქმით, დღემდე არ არსებობს პასუხი სად მდებარეობდა ფაზისი. თუმცა უტუარი ცნობა არსებობს რომ ქალაქი ფაზისი არსებობს, სადაც მდინარე რიონი ჩამოედინება, იქვე არსებობს ზღვა და ტბა. სწორედ, აქ, ფოთის ადგილას უნდა ვეძიოთ ფაზისი. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ნინო ხოშტარიამ ჩაატარა დაზვერვითი სამუშაოები. დღევანდელი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა. არსებობს 16 ვერსია და ერთ-ერთი ვერსიით, ფაზისი ფოთის აღმოსავლეთით მდებარეობდა, ეს შემდგომი კვლევის საგანია. არქეოლოგებისთვის, ერთ-ერთი საინტერესო უბანი პალიასტომის ტბაა. 1985 წელს ჩატარდა არქეოლოგიური კვლევა, აღმოჩენილი იყო ნაკეთების უბანზე  900 კვადრატული მეტრის ნასახლარი, როგორც სამარხები, ისე დასახლების ტიპის სივრცე.

მუზეუმის დირექტორის თქმით, 1997 წელს მუზეუმი განახლდა. იმ პერიოდში, ზურაბ ჟვანიას თაოსნობითა და ფოთის მერის თაოსნობით ეს ექსპოზიცია ჩამოიტანეს ქალაქში. მის შემდეგ, 2007 წელს, მხოლოდ კულევის გამოფენა დაემატა.

მუზეუმში წარმოდგენილი მასალა,  კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალაა, რომელიც 90-იანი წლების გამო, საცავებში ინახებოდა. ექსპონატები მოსახლეობიდანაც შემოდიოდა. მაგალითად, ერთ-ერთმა ადგილობრივმა შვიდი მონეტა მიიტანა მუზეუმში, მან ძველი სახლის დანგრევის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის მონეტები აღმოაჩინა საძირკველში. ფოთში არქეოლოგიური არტეფაქტები ნაკლებადაა მოძიებული.

“ყველაზე მნიშვენლოვანი პრობლემა მუზეუმში არის ორი რამ ინფრასტურქურის გამხორციელება, რომ შესაძლებელი იყოს ამ ესპონატების თანამედროვედ წარმოდგენა და რეესქპოზიცია. ასეთი სახით ექსპოზიციის გამოტანა ძალიან წამგებიანია. ორი-სამი ვიტრინის საკმატისია, რომ კარგად წარმოჩენის შემთხვევაში, უამრავი ვიზიტორი მოიზიდოს. მუზეუმს აქვს ორი შენობა, ესაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მეორე ნიკო ნიკოლაძის კოშკი,  გამაგრებითი სამუშაოები იქაც საჭიროა. პროექტი შემუშავდა მაგრამ პროცესი გაჩერდა. აქ სახურავი, ჭერი, კედელი, იატაკი ყველაფერი ძალიან რთულ მდომარეობაში. აუცილებელია გადახურვის სამუშაოები ჩატარდეს.” – გვეუბნება მუზეუმის დირექტორი ელენე გვაბლიანი, – თბოიზოლაციაზე აღარაა საუბარი, უკვე შენობის მდგრადობაზეა ლაპარაკი. ამ მუზეუმის მნიშვენლობა გააზრებული აქვს ყველა სამეცნიერი ნაწილს, ყველა არქეოლოგს. მაგრამ ფაქტი სახეზე, მუზეუმი კატასტროფის პირასა და მათ შორის მუზეუმში დაცული არტიფაქტები.”

მისივე თქმით, მუზეუმი ბევრ საგანმანათლებლო პროგრმას ახორციელებს, ძირითადი მათი ვიზიტორები არიან სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, სამეცნიერო ვიზიტები. მუზეუმი ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორანტს ორი წელია ზედიზედ ღებულობს. მაგრამ მუზეუმში არ მიდინ ჩვეულებრივი ტურისტები, არც ადგილობრივები და არც უცხოელები. თუმცა მისი კეთილმოწყობისა და რეკლამირების შემდეგ, გვერდს არავინ ჩაუვლის და დიდი სიამოვნებით გაეცნობიან კოლხეთის უძველეს ცივილიზაციას.

თუმცა მხოლოდ მუზეუმს კი არა, ინფრასტრუქტურის გამართვა, მთლიანად ფოთს სჭირდება, რომ ტურიზმი განვითარდეს, რადგან უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ აქ, ამ ქალაქში, ეკოტურიზმისა და კულტურული ტურიზმის სინთეზი მოხდეს. უცხოელებს კი არა, ადგილობრივებსაც წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენი რამ შეიძლება გაიგონ და ნახონ ამ ქალაქში.
p.s. დიდი მადლობა დავით მაღლაფერიძეს დახმარებისთვის 🙂
 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s