RSS

ხე, რომელმაც აპოკალიფსი გადაიტანა

06 აგვისტო

32 ოლიკო ცისკარიშილი

ზუსტად 69 წლის წინ, 1945 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა იაპონიის ქალაქის ატომური იარაღით დაბომბვის განკარგულება გასცა: დაიბომბოს 2 აგვისტოს შემდეგ, როგორც კი ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს.

ბრძანების შესრულების საშუალება 6 აგვისტოს მიეცათ. ხიროსიმის უღრუბლო ცაზე მზე ანათებდა. ქალაქი სასწაულით იყო გადარჩენილი ომის კოშმარს, თუმცა მისი მცხოვრებნი ყოველ ღამით შიშით აყურადებდნენ ქალაქის თავზე მფრინავ ამერიკელთა თვითმფრინავებს.

 “პაწაწინა” ბომბის აფეთქება

6 აგვისტო, ორშაბათი, ხიროსიმაში მცხოვრებთათვის ისევე ჩვეულებრივად დაიწყო, როგორც ომის დანარჩენი დღეები. პირველი განგაშის ზარი გამთენიისას გაისმა, როცა ასობით თვითმფრინავმა მათ თავზე გადაუქროლა. დაახლოებით, დილის 8 საათზე იაპონელმა მზვერავებმა სამი თვითმფრინავი დააფიქსირეს, მაგრამ განგაში არ აუტეხიათ. ზედიზედ ორი ტყუილი განგაშის შემდეგ ცოტა თუ მიაქცევდა ყურადღებას მესამეს. თვითმფრინავი `ენოლა გეი~ კი, ბომბით, რომელსაც მოფერებით `პატარას~ ეძახდნენ, იაპონიის თავზე დაფრინავდა… მას შემდეგ კაცობრიობის ისტორია სამუდამოდ შეიცვალა. იაპონიის დროით დილის 8 საათსა და 16 წუთზე ატომური ბომბი 8 ათასი მეტრი სიმაღლიდან პარაშუტით ჩამოვარდა და მიწიდან 550 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. გამოჩნდა მანამდე არნახული სოკო. აფეთქება ყველამ დაინახა, მაგრამ ხმა არავის გაუგია. უხმაურო აფეთქებამ ცა გააპო და ხიროსიმა მბოლავ ქურად გადააქცია. აფეთქების ხმა მხოლოდ 30-40 კილომეტრის დაშორებით გაიგეს, უფრო სწორად, ჭექა-ქუხილის მაგვარი ხმა, რომლის შემდეგაც დაინახეს დამაბრმავებელი ალი. აფეთქების ეპიცენტრიდან 300 მეტრის რადიუსში ადამიანები პირდაპირ აორთქლდნენ. ისინი გადაიქცნენ ჩრდილებად ხიდებზე, ქუჩებში, კედლებზე; ისინი ისე კვდებოდნენ, იწვოდნენ, ორთქლდებოდნენ, რომ მიწაზე დაცემასაც ვერ ასწრებდნენ. მათ, რომლებიც ეპიცენტრიდან კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ, სასიკვდილო დასხივება მიიღეს. აფეთქების ადგილას არ გადარჩნენ ისინიც კი, რომლებიც მიწისქვეშა სანგრებში აფარებდნენ თავს. უფრო შორს ადამიანები შენობების ნგრევის გამო იღუპებოდნენ. წარმოშობილმა ცეცხლის ქარბუქმა 10 კილომეტრის რადიუსში ყველაფერი დაწვა, ცხოველები, მცენარეები – ყოველი ცოცხალი ორგანიზმი დაიღუპა.

ხიროსიმა – წყნარი სასაფლაო
შემდეგ დღეებში ხიროსიმა `წყნარ~ სასაფლაოს ჰგავდა. კაცობრიობამ თითქოს საკუთარი თავი გაანადგურა.
რობერტ ლუისს, ერთ-ერთი თვითმფრინავის პილოტს, დაბომბვის დროს განწირული ხმით აღმოხდა: `ღმერთო ჩემო, რა ჩავიდინეთ!~ მის წინ ჩაფერფლილი ხიროსიმა იყო, ქალაქი, რომელიც მოგაგონებდა `ტაშტში მდუღარე შავ ნავთობს~. მოგვიანებით ყველა მფრინავს თან სდევდა დამწვარი ადამიანების სუნი.
ეს იყო ტკივილისა და ტანჯვის ქალაქი, სადაც დღე და ღამ წუთითაც არ ჩერდებოდა უმწეო ადამიანების ყვირილი და კვნესა. ვისაც ოდნავ მაინც შეეძლო მოძრაობა, წყალს ეძებდა ანდა რაიმე საჭმელს, ექიმს, წამალს… ეძებდნენ ახლობლებს, რომელთაც ხშირ შემთხვევაში მკვდრებსაც ევრ პოულობდნენ.
ორი დღის შემდეგ, დილის ათ საათზე, იაპონიაში, ამჯერად ქალაქ ნაგასაკში მეორე ატომური ბომბი ჩამოვარდა. მანამდე ქალაქის თავზე ამერიკელთა თვითმფრინავები კვლავ გამოჩნდა. გამოცხადდა განგაში. ცოტა ხნის შემდეგ ორი თვითმფრინავი დაინახეს, რომლებისთვისაც ყურადღება არავის მიუქცევია…
სასიკვდილოდ განწირული მეორე ქალაქი
ნაგასაკი დიდი ქალაქია და ორ ნაწილადაა გაყოფილი – ახალ და ძველ ქალაქად. ბომბი ჩამოვარდა ახალი ქალაქის  თავზე. ძველს აფეთქება ნაკლებად შეეხო, რადგან სასიკვდილო გამოსხივებას ხელი მთამ შეუშალა.
აფეთქების ცენტრში ტემპერატურა 10 000 გრადუსამდე ავიდა. ამ ტემპერატურაზე ქვებიც კი დნებოდა. ქალაქს ხანძარი სწრაფად ედებოდა. პანიკით მოცული ხალხი უმიზნოდ გარბოდა. ცეცხლოვან ლავას კი სიკვდილი მოჰქონდა და წამში 700 მეტრი სიჩქარით ვრცელდებოდა, მაშინ როცა ყველაზე ძლიერი ტაიფუნის სიჩქარე 60-80 მეტრს აღწევს.
ადამიანები საშინელი ტანჯვით იხოცებოდნენ. ისინი იღუპებოდნენ, თუკი იმ დღესვე სვამდნენ წყალს ანდა, თუ წყლით ჭრილობებს უმუშავებდნენ. რადიაცია ძვლის ტვინშიც კი აღწევდა. ადამიანებს, რომლებიც ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ, კატასტროფიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი მოულოდნელად ცვიოდათ თმები, ეწყებოდათ სისხლდენა, კანი ეფარებოდათ მუქი ლაქებით და კვდებოდნენ. ურანის მოქმედებით სისხლში წითელი უჯრედები იშლებოდა…

სტატისტიკა, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს
ატომური ბომბის აფეთქების დრო ხიროსიმაში 430 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. 1946 წლის თებერვალში სტატისტიკური მონაცემები ასეთი იყო: დაიღუპა – 78 150 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა – 13 983, მძიმედ დაიჭრა – 9 428, მსუბუქი ჭრილობა მიიღო 27 997-მა ადამიანმა, სხვა სახის დაზიანებები – 176 987. სულ დაზარალდა 306 545 ადამიანი. ნაგასაკში 200 ათასი ადამიანიდან 23 573 დაიღუპა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა – 1 924, დაიჭრა – 23 345, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად დაიღუპა იაპონიის არმიის 200 ათასი ჯარისკაცი.

`ომის გმირების~ ომის შემდგომი ცხოვრება
ამერიკელი მფრინავი კლოდ უზერლი, რომელმაც იაპონიაში ერთ-ერთი ატომური ბომბი ჩამოაგდო, ამ ფაქტის შემდეგ სახლში ჩაიკეტა, გაურბოდა ახლობლებთან კონტაქტს, დაემართა მძიმე დეპრესია. 1947 წელს სამსახურიდან დაეთხოვა, უარი თქვა კუთვნილ პენსიაზე, ვერ იტანდა საუბრებს, სადაც `ომის გმირად~ მოიხსენიებდნენ. მას არ უნდოდა არც ფული და არც დიდება. უარი თქვა მის შესახებ ფილმის გადაღებაზე და 10 000 დოლარ ჰონორარზე. ამერიკის მთავრობამ მისი დანაშაული არ აღიარა. მაშინ მან გადაწყვიტა, დანაშაული ჩაედინა და დამნაშავეთა ჯგუფს `შეეკრა~. რამდენჯერმე ძარცვაში მიიღო მონაწილეობა. როგორც `ომის გმირი~, ორჯელ გაათავისუფლეს. 1960 წელს ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იგი სამუდამოდ მოეთავსებინათ ფსიქიატრიულ კლინიკაში – განუკურნებელთა პალატაში…

ხე, რომელმაც აპოკალიფსი გადაიტანა
1945 წლის აგვისტოს კატასტროფის შემდეგ ყველა ირწმუნებოდა, რომ იქ დაახლოებით 70 წლის განმავლობაში ცოცხალი ორგანიზმი ვერ გაიხარებდა. აფეთქებიდან მეორე წელს, გაზაფხულზე, ეპიცენტრის ადგილას მცენარე აღმოცენდა, რომელიც დროთა განმავლობაში მძლავრ, 15-მეტრიან ხედ გადაიქცა. მცენარე გინგო ჩვენს პლანეტაზე ჯერ კიდევ დინოზავრების გამოჩენამდე ცოცხლობდა. იაპონელები ამ ხეს ასე უწოდებენ: `ხე, რომელმაც აპოკალიფსი გადაიტანა.~

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s