„სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი“, „მე რეპორტიორი“ და „ეკოფაქტი“, სოლიდარობას ვუცხადებთ TV25-ს და ვწვეტთ მუშაობას…
ხელისუფლებას მოვუწოდებთ დროულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე შანტაჟისა და შეურაცხყოფის ფაქტები. რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე ყოვლად დაუშვებელია ადამიანის პირადი ცხოვრების დეტალებით სპეკულირება. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით გახშირდა სხვადასხვა მიმართულებით შეტევა მედიაზე, ცალკეული ჟურნალისტებისადმი შეუარცხმყოფელი გამოთქმები და ზეწოლის მცდელობა.
ასევე, ვუერთდებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებას და განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს:
“რუსთავი 2-ის” ფარული ჩანაწერებისა და “მაესტროს” წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ჟურნალისტების მიმართ საჯარო უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მან მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს სიცრუის ტირაჟირებაშიც კი დასდო ბრალი;
გასულ თვეში ბათუმში მყოფმა პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ადგილობრივი ჟურნალისტების შეკითხვებს აგრესიითა და საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი ტონით უპასუხა;
მოგვიანებით, ერთ ერთი კორპორაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ფეისბუქ გვერდზე დაიწყო ღირსების შემლახავი კამპანია ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ, რომელშიც ოლქის პროკურორიც იყო ჩართული;
რამდენიმე დღის წინ, “ტელეარხ 25-ის” მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ჩანს, როგორ ემუქრება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს; ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა გვერდი, სადაც ,,ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტების ღირსების შემლახავი ახალი განცხადებები, ასევე ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა.
ასევე, რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო პორტალის „მე რეპორტიორის“ ჟურნალისტს ამალია ამბარცუმიანს უცენზურო და დამამცირებელი გამოთქმებით მიმართა დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ. რედაქციის პროტესტის შემდეგ, გაბედავას ახლობლებისგან და მხარდამჭერებისგან, სოციალურ ქსელებში გაგრძელდა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მიმართვები ჟურნალისტის მიმართ.
სხვა ჟურნალისტებთან ერთად, მოვითხოვთ, შესაბამისი სტურქტურებისგან, მოახდინონ რეაგირება ყველა მსგავს ფაქტზე და ასევე მაქსიმალურად დაიცვან ჟურნალისტთა უსაფრთხოება, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ისე არჩევნების დღეს.