რამდენიმე დღის წინ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა საქართველოში ქარსაცავ ზოლებთან დაკავშირებულ კანონპროექტის შემუშავებს. “ტყის დაცვისა და აღდგენის” ფარგლებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მწვავედ დგას ქარსაცავი ზოლების სამართლებრივი მდგომარეობის, მოვლა-პატრონობისა და ფიზიკური დაცვის საკითხი. უკანასკნელ ათწლეულებში განვიტარებული პოლიტიკური და სოციალური რღვევების, ასევე არარსებული საკანონმდებლო ბაზის გამო, განადგურდა ქარსაცავი ზოლები, რომელთა როლი ქვეყნის სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რეკრეაციის, ბიომრავალფეროვნების და მიწის დაცვის საქმეში ძალზე დიდია. დღეს დაუდგენელია ქარსაცავი ზოლების მფლობელობის, პასუხისმგებლობის, ფართობების სიდიდის და აქტუალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
მაგალითისთვის, ავიღოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სტატისტიკა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა 2003 წელს ჩაატარა ქარსაცავი ზოლების ინვენტარიზაცია. 1992 წლის მონაცემებით, ქარსაცავ ზოლს ოზურგეთის რაიონში ეჭირა 503,14 ჰა, (719 562 ხე). 2003 წლის მონაცემებით განადგურებულია 422 537 ძირი ხე (295 48 ჰა, ანუ არსებული ფართობის 58, 72 პროცენტი).
”განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მინდორ საცავ ზოლებს საქართველოსთვის, სადაც ქარების უარყოფითი გავლენით ადგილი აქვს, როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის შემცირებას, ისე ქარისმიერ ეროზიას.
არსებული მდგომარეობის მიხედვით, ძნელია რამე შედეგებზე ლაპარაკი, ვინადიან თითქმის არსადაა ინვენტარიზაცია ჩატარებული. ცალკეული მუნიციპალიტეტების გარდა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მწვავედ დგას ქარსაცავი ზოლების სამართლებრივი მდგომარეობის, მოვლა-აღდგენისა და ფიზიკური დაცვის საკითხი. დაუდგენელია ქარსაცავი ზოლების მფლობელობის, პასუხისმგებლობის, ფართობების სიდიდის და აქტუალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
პირველი სამუშაო ჯგუფის მიზანია: ქარსაფარი ზოლების გაშენების (რეაბილიტაცია და გაფართოვების), საკუთრების, მოვლის, დაცვისა და აღდგენის შესახებ პასუხისმგებელი პირების დაზუსტება”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა შეხვედრაზე პრეზენტაციის დროს.
“გაურკვეველია მინდორსაცავი ზოლების საკუთრების მდგომარეობა. მინდა მადლობა გადავუხადო GIZ წარმომადგენლებს, რომლებიც ხელს უწყობენ ფართობების აღდგენას და ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარებისთვის. შეხვედრის მიზანია გამოვავლინოთ უფლებამოსილი ორგანოები. ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა, რომლის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ უფლებამოვალეობების გამიჯვნაა. პროცესში ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე”, – განაცხადა ნინო შარაშიძემ გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
”ყველაზე დიდი პრობლემა სამართლებრივი პრობლემაა. ქალაქ გორში შეხვედრაზე, რომელიც ეხებოდა მინდორ საცავი ზოლების საკითხს გადაწყდა, რომ შექმნილიყო უწყებათ შორისი კომისია, თუმცა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობდა ამ საკითხზე მუშაობა, პროცესები დროებით შევაჩერეთ. რადგან მიგვაჩნია, პარლამეტთან ერთად მუშაობა უფრო ეფექტური იქნება,” – ამბობს კარლო ამირგულაშვილი, სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
”ეს პრობლემა უფრო დამძიმდა, ვინაიდან ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან და ქარის მომატებასთან,” – აცხადებს ივერი ახალბედაშვილი აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი.
”ჩვენი კონკრეტიკა ქარსაფარი ზოლებია, რისი უმთავრესი ფუნქციაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვა და მიკროკლიმატის შენარჩუნებაა. შევეცადეთ კანონპროექტი არსებული რეალობიდან გამომდინარე გაგვეკეთებინა, რომელიც ამ დროისთვის წარმოადგენს მუშა პროექტს, სადაც შესაძლებელია იყოს გარკვეული ცდომილებები თუ შეცდომები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამჟამად გაშენებული ზოლებიც არასწორადაა გაშენებული. არასწორადაა სახეობები შერჩეული, ადგილები და სხვა. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია აღნიშნულ კანონმდებლობაში”, – ამბობს გიორგი გაგოშიძე საქართველოს სოფლის-მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, რომელმაც თითქმის შემუშავებული კანონპროექტი შესთავაზა სამუშაო ჯგუფში შეკრებილებს.
მარინა შვანგირაძეს თქმით, არის საკითხები, რომლებსაც დეტალურად არ ვიცნობთ და ამის გამო შესაძლებელია ზოგიერთისთვის შედეგი მტკივნეული იყოს. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გავეცნოთ განწყობას ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს ხედვები უნდა ავსახოთ კანონში”.
თამარ ბაგრატიას აზრით (NALAG/USAID პროგრამა), “ჩვენ რაიმე სტატუსის მინიჭებით უნდა შევინარჩუნოთ არსებული ზოლები, რომლებიც არ არის ამორტიზირებული. ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება უნდა გავზარდოთ საზოგადოებისთვის”.
გიორგი გაგოშიძეც (საქართველოს სოფლის-მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია) აზუსტებს: ”არის რეგიონები, სადაც ქარსაფარ ზოლებს სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია და ამის გამო, განწყობები სხვადასხვანაირია. ამ კანონპროქტში ჩადებულია ძველი გამოცდილება და პრაქტიკა. ეს კანონპროექტი წარმოადგენს პრეცენდენტს, რადგან, პირველად დაიწერა ქარსაფარი ზოლების კანონპროექტი”.
- მომავალი სამუშაო შეხვედრისთვის, გაიწერა სამოქმედო გეგმა: ინფორმაციის გამოთხოვა სხვა უწყებებიდან (მათ ბალანსზე არსებული ფართობების შესახებ)
- 15 ივნისამდე კანონპროექტის შინაარსის წარმოდგენა (პარლამეტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან) და გადაგზავნა ჯგუფის წევრებისთავის
- 30 ივნისამდე კომენტარების მიღება
- 30 ივნისს კომენტარების გადაგზავნა პარლამეტში (პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი)
- ადგ. მუნიციპალიტეტების ხედვა და გადაჭრის გზები
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს როლის განსაზღვრა)
აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმა ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში მომზადდა.