ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ყოფილ 53 სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. გოგონა შეუძლოდ გახდა და ადგილობრივებმა ვერ მოახერხეს მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. აქ ხშირად დადის სასწრაფო, ნერვიულ შეტევებსა და გულის უკმარისობებს, თუ არ ჩავთვლით, ავადმყოფობისგან საწოლს მიჯაჭვულებიც არიან. აქ ხომ ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ცხოვრების ორომტრიალს და უსამართლობას ვერ გაუმკლავდნენ.
ყოფილი სამხედრო ნაწილის ტეროტორია 19 ჰექტარზეა გადაჭიმული, აქ შარშან, მუყაოს და ცელოფნის პარკებისგან შეკოწიწებულ ქოხმახებში 300 ოჯახი ცხოვრობდა. წელს, კი მათი რიცხვი 600-მდე ავიდა. უკვე ბევრი პატარაც დაიბადა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებაში ჩვილ ბავშთა რაოდენობა 30-ს აჭარბებს.
მუყაოს “ოცნების ქალაქში” ადამიანები, 2012 წლის ოქტომრიდან ცხოვრობენ. მათი უმრავლესობა ეკომიგრანტია, ზოგიც დევნილია აფხაზეთიდან, ზოგიც კი უბრალოდ, ძალიან გაჭირვებული, ანდა მოძალადე ოჯახის წევრებს გამოქცეული.
ქოხებს შორის, უშველებელი ნაგავსაყრელად ქცეული ორმოა, რომელიც ანტისანიტარიის წყაროა და იქ მცხოვრებ არა მარტო პატარების, დიდების ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის. წყალი შარშან, რეზინის მილებით გამოიყვანეს და ისიც მხოლოდ რამოდენიმე საათით აქვთ.
ამ ხნის განმავლობაში, მუყაოს “ოცნების ქალაქის” მკვიდრებმა, იმას მიაღწიეს, რომ დასახლებაში ელექტროენერგია გამოიყვანეს და ახლა სანთლის შუქზე აღარ უწევთ საღამოს გატარება. ზოგს ტელევიზორიც კი აჩუქეს კეთილმა ადამიანებმა.
“შუქი შემოგვიყვანეს და მორჩა, არაფერი არ შეცვლილა. ჯერ თვითნებურად გამოვიყვანეთ შუქი, კაბელი ვიყიდეთ და ჩვენ თავად ჩავაბით. მერე ენერგოკომპანია შეგვეწინააღმდეგა, უმაღლეს საბჭოში შუამდგომლობა მოვთხოვეთ. შუამდგომლობა გაგვიწიეს და ახლა სინათლე გვაქვს. მრიცხველებიც დაგვიდგეს. ეხლა უკვე 600 ოჯახამდე ვართ, ნაგავიც ისევ ყრია ხრამში. ნაგვის ბუნკერები გვინდა, მივმართეთ მერიას და ჩვენ არ გვეხებაო, წყალის პრობლემა კიდევ გვაქვს, გრაფიკით გვაწვდიან. დილის 12-ზე შეწყდება და ღამის 7-8 საათზე მოდის.” – მიყვება 22 წლის როინი გუნდაძე, რომელიც შარშანაც ჩემი გიდი იყო მუყაოს “ოცნების ქალაქში”. როინი ხულოს რაიონი, სოფელი ზედა თხილვანიდანაა და “მუყაოს ოქნების ქალაქში” ოჯახთან ერთად, 2012 წლის ოქტომბროდან ცხოვრობს. ხულოს რაიონი, სოფელი ზედა თხილვანი. თავის პატარა დაც გაგაცნო, სამი წლის ზეინაბი.
“დასახლებაში, უკვე 20-30 პატარაა. მეზობლები ვეხმარებით, ვუგროვებთ და ვეხმარებიუთ, ზოგი ბაღჩას ბარავს ზოგი რას აკეთებს, ზოგი რას…” – ამბობს კოჩაძე გაბრიელი.
როინი ერთ-ერთ ქოხში მიგვიძღვება, იქ, პატარა, შვიდიოდე თვის ბიჭს მუყაოს კელდებში მშვიდად სძინავს. “ქობულეთიდან ვარ, პირობები ისეთი გვქონდა, რომ სხვა გზა არ გვქონდა, აქ მოვედით,” – გვეუბნება 24 წლის ქეთი ხოზრევანიძე.
“ბათუმელები ვართ, 90-იან წლებში გავყიდეთ, მერე მდგურად ვცხოვრიობდით, ეხლა აქ ვცხოვრობთ, – მეუბნება დას ქოხში მიმიძღვის, იქ მისი ბებო წევს, – ეს ბებოა ჩემი, – მაცნობს, უკვე წლებია მწოლიარეს უვლის, საჭმელს ხელით აჭმევს, – ბებოს ინსულტი სამჯერ აქვს გადატანილი. მთელი ზამთარი ასეთ მდგომარეოაბში გაატარა ბებომ, – გვიყვება 23 წლის მაისურაძე როზეტა, – ბინის ქირას ძლივს ვიხდიდით და ბებია გახდა ავად. საკვების ფული არ გვქონდა, ინსულტიანი ბებო, შიმშილით გვიკვდებოდა, ჩვენც სასადილოში ვიყავით ჩაწერილი, და ჩვენი წილი მასთან მოგვწონდა. მერე კი, აქ მოვედით, აქ ვცხოვრობთ 2013 წლიდან.”
“არ გვქონდა სახლ-კარი და ექიმებმა მითხრეს არ იცოცხლებსო, – გვიყვება მეზობელ ქოხში მცხოვრები 41 წლის მამაკაცი ქედიდან, მას 10 წლის გიორგი, უმძიმესი დიაგნოზით ჰყავს ავად, მისი გამოჯანმრთელების იმედიც აღარ აქვს, – მეოთხე წელია ასეა, გვყავდა ექიმთან ჯანმრთელობის სამინისტროშიც მყავდა. იქ მითხრეს 25 ათას მოგცემთ და 25 თქვენ იშოვეთო…”
ერთი წლის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გვითხრა: “დარჩება ის რაოდენობა, ვინც მართლა მისახედია. მაქსიმუმ 50 ოჯახი იყოს, რომელსაც მართლა ეკუთნის სახელმწიფოსგან მიხედვა.” რეალობა კი სხვაგვარია, არც იმ 50 ოჯახს მიხედა ხელისუფლებამ, რომლებსაც მათივე თქმით, “მართლა ეკუთვნოდა” დახმარება. მუყაოს “ოცნების ქალაქი” კი იზრდება.