RSS

დისველი – უმიწოდ დარჩენილი სოფელი

05 მაისი

disveli 002ოლიკო ცისკარიშვილი

ბოლნისის რაიონის სოფელ დისველში, დილა იმით იწყება, რომ სკოლის მოსწავლეები ყანაში სამუშაოდ მიდიან, მუშაობენ ვიდრე ბოლნისიდან სპეციალური სამარშუტო ტაქსი სკოლის მასწავლებლებს ამოიყვენს, მერე კი გაკვეთილების სწავლას შეუდგებიან. სოფელში, სადაც გარშემო მხოლოდ მინდვრებია და ალაგალაგ ნახევრად აშენებული სახლები დგას, მხოლოდ ერთადერთი სკოლაა. პატარებისთვის ბაღიც არაა. სწორედ, იმ სამარშუტო ტაქსს მიჰყავს ბაღის მოსწავლეები ბოლნისში, საღამოს კი უკან დაბრუნებული პატარებით სავსე მარშუტკა, ისევ მასწავლებლებს ემსახურება და უკან, ბოლნისში მიჰყავს. შვიდ კილომეტრიანი გზა კი, რომლის ყოველდღიურად გავლაც პატარებს და მასწავლებლებს ორჯერ  უწევთ, დასაგებია.

სოფელი დისველი, სადაც, ახლა 90 ოჯახი ცხოვრობს, და მათ შორის 25 ოჯახი სოციალურად დაუცველია, გასული საუკუნის მიწურულს აშენდა. ხულოში მეწყერის ჩამოწოლის გამო, უსახლკაროდ დარჩენილი აჭარლები, მაშინდელმა მთავრობამ, ამ სოფელში გადმოასახლა. თავიდან გათვალისწინებული იყო 220 სახლის აშენება, თუმცა სომხეთში, სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ, როცა საჩხერესაც უამრავი პრობლემა დაატყდა თავს, დისველში მშენებლობები შეაჩერეს და მხოლოდ ასი სახლი აშენდა, ისიც ნახევრად. დღესაც, ასეთ სახლებში ცხოვრობენ.

disveli 006სოფელში, იმის გარდა, რომ უამრავი პრობლემაა, პატარებს დილას ყანაში თოხნის გარდა, გასართობი არაფერი აქვთ, პატარები წიგნებზე ოცნებობენ, დისველის სკოლის დირექტორის განცხადებით, განათლების სამინისტრო ამ პრობლემის მოგვარებას შეპირდა, თუმცა დღემდე ელოდებიან დანაპირების ასრულებას. სკოლის სპორტულ დარბაზში, კი განთავსებულია სოფლის ტერიტორიული ორგანის რწმუნებულის ოფისი, იქვეა სამედიცინო პუნქტიც.

სკოლაში, სადაც 120 მოსწავლე სწავლობს, მასწავლებლები ამაყები არიან, რომ მათი სკოლადამთავრებულების უმრავლესობა, უმაღლეს სასწავლებლებში რეპეტიტორების გარეშე ხვდებიან, თუმცა შემდეგ დაუსაქმებლები რჩებიან, რადგან სოფელში არც ერთი დაწესებულება არაა სკოლის გარდა. სოფელში არც მაღაზიაა და ადგილობრივებს ყოველ კვირა უწევთ, რაიონულ ცენტრამდე ჩასვლა, ხშირად ფეხითაც, რომ კვირის განმავლობაში, მოგროვებული მაწონი და რძე გაყიდონ და სამაგიეროდ, სახლისთვის საჭირო პროდუქტი შეიძინონ.

სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანის რწმუნებული ზურაბ შანიძე გვიყვება: „1989 წელის 19 აპრილს, როცა აჭარაში, სტიქიამ სახლები დაგვინგრია, აქ ჩამოგვასახლეს. აქ, მშენებლობა ვერ დასრულდა, რადგან არეულობა იყო ქვეყანაში, მერე მიწისძვრა მოხდა საჩხერეში და  მშენებლობა მიატოვეს. პრობლემები ბევრია. სოფელში 220 კომლზე იყო გათვალისწინებული და აშენდა ნახევარი, ისიც ნახევრად მოუწყობელი. უკვე ორი წელია,  სასმელი წყლის პრობლემა გადავწვიტეთ.”

მოგვარებული წყლის პრობლემის მიუხედავად, სოფლელებს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება, დღის განმავლობაში, მხოლოდ სამი საათი. სკოლის ეზოში შორიდანვე შენიშნავთ უშველებელ ბაკს, სადაც მოსწავლეებისთვის წყალი გროვდება. მას ან დასალევად იყენებენ ან წვიმიან ამინდში ფეხსაცმლის გასასუფთავებლად, რომ ისედაც შელახული და ამორტიზირებული სკოლის შენობა არ დააზიანონ და გააჭუჭყიანონ.

გარდა იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სახნავ–სათესი მიწები არ აქვთ, საკარმიდამო მიწების დამუშავებაც პრობლემაა, რადგან სარწყავი წყლის პრობლემა, ისევ დღის წესრიგში დგას. მოსახლეოაბას, ის მწირი მოსავალიც ხშირად უფუჭდება და დამოკიდებულნი არიან წვიმის მოსვლაზე. შესაბამისად, მოსავალიც თითქმის არ აქვთ.

„თუ გაწვიმდა, მოსავალი ირწყვება, და გვიხარია, რომ მოსავალი გვექნება, თუ არა და, არ გვაქვს მოსავალი, არც მიწები გვაქვს.“ – წუხან დისველელები და ფიქრობენ, რომ მიწიას სარეზერვო ფონდიდად შეიძლება სახელმწიფომ მათ გადასცენ იჯარით ან შესყიდონ.

bolnisi 001“მიწის სარეზერვო ფონდი სოფელ დისველში არ არსებობს, მთლიანად მიწები ათვისებულია. მაშინ როცა იყო შანსი, რომ მოსახლეობას შეესყიდათ, მათ იფიქრეს რომ ამ მიწებს აჩუქებდნენ და დარჩებოდათ საკუთრებაში და არ შეისყიდეს. შემოვიდა ინვესტორი და ეკონომიკის სამინსიტრომ მას მიყიდა. აქ დავა იმაზე, რომ მუნიციპალიტეტი ჩაერიოს საქმეში, არ მოხდება. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლოში,” – ამბობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დავით ასპანიძე და სოფელში არსებულ სხვა პრობლემებსაც ეხება, – დისველის მოსახლეობას, ის პრობლემები, რომლებიც აქვთ, ჩვენი ხელმძღვანელობის პერიოდში რიგრიგობით მოუგვარდება, ამაზე სერიოზულად ვმუშაობთ. სახელწმიფოს სჭირდება სერიოზული სახსრები. მაქსიმალურა ვიძიებთ სახსრებს რომ ამ სოფლიდან მოსახლეობის მიგრაცია არ მოხდეს. ამ ეტაპზე, სოფლის პროგრამით გათვალისწინებით, შემოღობვა ხდება. სარწყავ წყალთან დაკავშირებით, სერიოზული გეგმები გვაქვს. პროექტი არ არის, მაგრამ სერიოზული მიდგომა გვაქვს”. ამგვარი სერიოზული მიგდომებით გამოიყო 13 ათასი ლარი სოფლის პროგრამის ფარგლებში ღობის შემოსაღვრისთვის თანხები, თუმცა რამდენიმე მეტრიან ღობეში თავისუფლად გადადის საქონელი ნაკვეთებში.

ბესო რეხვიაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურის უფროსი გვარწმუნებს, რომ “იმ ოჯახებს ჩვენ დავეხმარებით, უნდა შემოიტანონ ინტერნეტით განცხადება. დღეს სოფელში იყოს ადამიანი და მიწა არ ქონდეს წარმოუდგენელია.” – გვეუბნება იგი, და ამატებს – თუმცა თავისუფალი მიწის არსებობის შესახებ, ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ”. დავით ასპანიძის მტკიცებით, მოსახლეობამ უბრალოდ, შანსი გაუშვა ხელიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების განყოფილების უფროსის ლევან მდივანის განმარტებით, თუ მიწები არ გააჩნია დისველის მოსახლეობას, მათი ბრალია. მათ არ იზრუნეს თავის დროზე და უკრაინელმა ინვესტორმა შეიძინა.

მოსახლეობა, ძირითადად, მეცხოველეობას მისდევს, თუმცა ერთ ოჯახს ორ სულ ძროხაზე მეტის ყოლის ფუფუნება არ აქვთ, რადგან დისველში, საძოვრების სიმწირეცაა. მათი თქმით, ორზე მეტ მსხვილფეხა პირუტყვს ვერ შეინახავენ.

bolnisi 003სოფლის მახლობლად მდებარე ხეობის რელიეფი ძალიან რთულია, იქვე მოედინება მდინარე ქციაც. იმის გამო, რომ სოფლიდან მუნიციპალიტეტს ნარჩენები არ გააქვს, მოსახლეობა იძულებულია ხევში გადაყაროს, თუმცა მათი მტკიცებით, საბედნიეროდ, ნარჩენები მდინარეში არ იყრება. ხევის რთული რელიეფის გამო, ვერც სარწყავი წყლის ამოყვანა ხერხდება. სოფლის მოსახლეობას წყლის საქაჩის გაკეთება ძალიან ძვირი უჯდება. მუნიციპალიტეტში კი ირწმუნებიან, რომ თანხების მოძიებისთანავე გააკეთებენ მდინარე ხრამიდან წყლის საქაჩ აპარატურას და დისველელებს სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარდებათ.

„გვაქვს მიწის პრობლემაც. 2008-ში მიწები წაგვართვეს. უკრაინელმა ინვესტორმა ასი ჰექტარი იყიდა. მანამდე, სოფელი 245 ჰექტარით სარგებლობდა. ახლა 145 ვსარგებლობთ, ისიც ნაწილობრივ. იმის საშიშროებაცაა, რაც დაგვრჩა, ისიც არ გაყიდონ. გამგებელი ჩართულია, რომ დაგვეხმაროს ამ პრობლემის მოგვარებაზე. მინისტრი, კალაძეც, შეგვპირდა დახმარებას და ველოდებით,“ – გვიყვება ზურაბ შანიძე.

მიწის რეფორმა კარგა ხანია დამთავრდა. მიწის ნაკვეთების გადაცემა მოსახლეობაზე აღარ ხდება. არც შეღავათები ვრცელდება  სოციალურად დაუცველებზე. დისველის მოსახლეობა უკვე იმაზეც თანახმაა ინვესტორისგან გამოისყიდონ მიწები, რომ საშუალება ქონდეთ მიწის დამუშავების.

სოფელში, დაარსების დღიდან, ელექტროენერგია სულ აქვთ, თუმცა ბუნებრივი აირი მათთვის დღემდე ხელმიუწვდომელია, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბუნებრივი აირის მილი, ორ კილომეტრში გადის. სოფლის მოსახლეობის მრვალჯერადი თხოვნის მიუხედავად, სოფელში ბუნებრივი აირი წლებია სანატრელია.

“სოფელში ბევრი პრობლემაა – სოფელს არ გვაქვს საძოვარი, არ გვაქვს გაზი, არადა, ცენტრალური ხაზი, სოფლიდან ორ-სამ კილომეტრშია, ქალის მდგომარეობა ძალიან დაძაბულია. ავტობუსიც კი არაა დანიშნული, რომელიც სოფლიდან რაიონულ ცანტრამდე ივლის, მარტო არჩევნებისთვის ვახსენდებით,“ – გვეუბნება ეკომიგრანტი ხულოდან, ციცინო შანიძე.

„უნდა განვითარდეს მესაქონლეობა, რომ  მოსახლეობამ ამოისუნთქოს. ჩვენ კი საძოვრებიც არ გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი, დიდ გაჭირვებაში ცხოვრობს. აჭარელი გლეხები იმდენად შრომიყვარენი არიან, რომ ხელშემწყობი პირობები რომ ჰქონდეთ, სოფელი აყვავებული იქნებოდა,“ – საუბარში გვერთვება შუახნის ქალბატონიც.

“მერე რა, რომ აჭარლები ვართ, ქართველები ვართ, – გვეუბნება ახალგაზრდა დისველელი. – ყურადღებას არ გვაქცევენ. ამ სოფლიდან 2008 წლის ომში 15 ვაჟკაცი იბრძოდა. ერთი დაგვეღუპა, გმირი გვყავს – შანიძე ასლანი. აქ, არც ერთ მაცხოვრებელს, არაირი პერსპექრივა არ აქვს, რომ ჩაცმის და საჭმლის გარდა, რამე შეიძინოს. ორი ძროხის რძე უნდა გაყიდო, რომ რამე შეიძინო. კარტოფილს ვეღარ ყიდიან, რადგან თავისთვის ვერ ყოფნით. სარწყავი წყალი რომ იყოს, ოჯახებს მაინც მიხედავენ. ტყეც კი არაა გარშემო, რომ ზამთარში გავთბეთ, შეშას ან ვყიდულობთ, ან ფიჩხს ვაგროვებთ. გაზი რომ შემოიყვანონ დიდი შეღავათი იქნება სოფლისთვის,“ – ამბობს 28 წლის როინ ბერიძე,

bisveli 004ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახის კარ-მიდამოს მიახლოებულები ვხედავთ, რომ პირველ სართულზე საქონლის სადგომი აქვთ. ამ მადგომარეობაშია თითქმის ნახევარი სოფელი, რადგამ ბოსელის აშენების სახსრები არ აქვთ და იძულებულნი არიან პირველ სართულზე საქონლის სადგომი გააკეთონ. ოთხშვილიანი ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. “არ უნდოდა ამდენი შვილის გაჩენა, მაგრამ არც ექიმის ფული ქონდა და არც წამლის, რომ თავი დაეცვა, ახლა მეზობლები ვეხმარებით, მაგრამ როდემდე დავეხმარებით, ჩვენ ჩვენი თავი გაგვჭირვებია,” – გვეუბნება სურმანიძეების მეზობელი. ოჯახის შემოსავალი 204 ლარია – სოციალურ დახმარება, თუმცა მრავალშვილიანობის დამხარებას ისინი არ იღებენ. დედას ოთხი შვილის რჩენა ძალიან უჭირს, მამა კი დროებით სამუშაოდ, ჩაის საკრეფადაა წასული. თუმცა ეს სამუშაოც სულ რამოდენიმე კვირა იქნება და მერე ისევ სოციალურ დახმარების იმედად უნდა იყვნენ. ოჯახის უფროსი შვილი, 12 წლის გურამი და მისი და-ძმა გურანდა და ასლანი სკოლაში იყვნენ. დილაობით, ისინიც ეხმარებიან ყანაში. დედა ბაღჩაში ვეღარ მუშაობს, რადგან პატარა, შვიდი თვის რატის უვლის, რომელიც აკვანში ჩაკრული გვეღუღუნებოდა.

“ძნელია ამდენი შვილის რჩენა. ღმერთის დახმარებით ბავშვები წამოიზრდებიან და იქნება მერე გვეშველოს. ზამთარში ფიჩხით ვთბებით. ზაფხულშიც ფეჩს ვანთებთ, რომ ბავშვის საჭმელი გავაკეთო. “პლიტა” კიდე ბევრს წვავს. ვერ ვიხდი,” – გვიყვება ოთხი შვილის დედა, 30 წლის თეა შანიძე.

“ტაძარი რომ აშენდა გაგვიხარდა გზას ააშენებენო, მაგრამ არაფერი არ გაკეთდა. ხმა არის და, ხმასაც იმას ვაძლევთ, ვისაც საჭიროა, და მაინც არაფერი კეთდება. ივანიშვილი რომ გამოჩნდა ხალხს უხაროდა, სოფლებს მიხედავსო, განათება გააკეთეს ქუჩებზე და მორჩა,” – ჩივიან დისველში.

disveli 001

მედიატური ტარდება პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ,,სიდას” ფასილიტაციით ხორციელდება.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s