კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა, ე.წ. საზღვრისპირა და შიდა ქართლის სხვა სკოლებმა და მოსწავლეებმა ცენტრი “აფხაზეთისგან” 10 000 ლარის ღირებულების ქიმიისა და ფიზიკის დეფიციტური ლაბორატორიული აღჭურვილობა, 3 600 ლარის ოდენობის მცირე გრანტები და 1000 ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს. სკოლის დირექტორებსა და მოსწავლეებს საჩუქრები და საგრანტო სერთიფიკატები ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გვალიამ გადასცა.
შემეცნებითი კვირეული, რომელიც ახალგაზრდების სოციალურ ინტეგრაციას, მხარდაჭერას, ჩართულობას, განათლებას, ტექნიკური საგნების პოპულარიზებას, ნდობის აღდგენის გაძლიერებასა და განვითარებას მოიცავს, შიდა ქართლში 18 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა.
კვირეულის ფარგლებში გარემოს დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით სხვადასხვა კონკურსი და ღონისძიება ჩატარდა. ერთ-ერთი პროექტი, რომელმაც საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, ტყვიავის სკოლის მოსწავლებმა მოამზადეს და გარემოს დაცვას უკავშირდება. მოსწავლეების თქმით, მათი იდეა სოფლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებასა და გამწვანებას უკავშირდება, რომელშიც სკოლის მოსწავლეებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებაც ჩაერთვება.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გვალია აცხადებს, რომ პროექტი გათვლილია ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე: “პროექტი წარმატებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 120-ზე მეტი ღონისძიება უკვე ჩატარდა. ბავშვები წერენ პროექტებს, იღებენ გრანტებს და აქტიურად არიან ჩართულები სამოქალაქო საზოგადოებრივ ცხოვრებაში.”
პროექტი “ახალგაზრდობის ჩართულობა და განვითარება”, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ტარდება. კვირეულზე ბავშვებმა საკონფერენციო ნაშრომებიც წარადგინეს. მათ შორის გარემოს დაცვის საკითხებზეც. კერძოდ: „ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკი და ეკოლოგიური მნიშვნელობა“.
პროექტის შემდეგი ეტაპი მარტიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.