RSS

მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში

19 იან

tao 005ოლიკო ცისკარიშვილი

სამ დღიანი მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში, რამდენიმე კვირით ადრე, შემომთავაზა გეოგრაფმა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა. სამ დღიან სამეცნიერო ტურში ხუთი ადამიანი ვიღებდით მონაწილეობას – თეა ხარშილაძე, ძალიან თბილი და ტაო-კლარჯეთზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანი, თსუ-ს მაგისტრანტი, სანდრო, ასევე თსუ-ს მაგისტრანტი მირიანი, რომელიც მძღოლობასაც გვიწევდა, მე და თავად გიორგი დვალაშვილი. გზას დილაუთენია გავუდექით. orozaqi 006ვალეს საქართველოს სასაზღვრე პუნქტიდან გამოსულებმა, ისტორიულ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ხელმარჯვნივ შევნიშნეთ ძველი ქართული ძეგლების ნაშთები – ოროზაქის კომპლექსი. აქ მრავალჯერ ნამყოფი გიორგი დვალაშვილი გვეუბნება, რომ ეს ერუშეთის წყლის ხეობაა. ერუშეთის წყალი იღებს სათავეს ერუშეთის ქედის ხანიორის მასივიდან, მდინარის მარჯვენა მხარეს კი კომპლექსია – ოროზაქის კომპლექსი. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მეცხრე საუკუნით თარიღდება, თუმცა როგორც  ბევრი ქრისტიანული ძეგლი, მათ შორის, ეს ძეგლიც, მე 11-12 საუკუნეში უდიდეს ციხე-სიმაგრეს და სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. ამ ძეგლიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში რამოდენიმე ეკლესიის ნაშთია.  ამ ადგილს, ამჟამად, თურქეთის (ჯავახეთის ) ტერიტორიაზე აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის არტაანის პროვინციის ხანაკის რაიონის ჩაიაზღის დასახლება ქვია. ოროზაქის კომპლექსის მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. გიორგი დვალაშვილის აზრით, კომპლექსი აფეთქებულია, სავარაუდოდ, რუსეთ-თურქეთს ომის დროს, როგორც ტაო-კლარჯეთში ტაძრების უმრავლესობისა, ხოლო შედგომ პერიოდში მიწისძვრებმა გაანადგურა.  ცენტრალური გზიდან აშკარად ჩანს, ძველი გზის ნაშთები. ოროზაქის კომპლექსის, ქვევით დასახლებაა –  ატლაში, სადაც ურის ციხე–კომპლექსის ფრაგმენტია. ეს გზა, უერთდება მდინარე მტკვარს და შედის ვარძიაში.

თურქეთის ტერიტორიაზე გამალებული გზების მშენებლობა მიმდინაროებს. ზღვის დონიდან 1850 მეტრზე ისტორიულ არტაანის ტერიტორიაზეც, ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ჭინჭრობის ბაზილიკური ტაძრის ნანგრევებიდან ორიოდ მეტრშიც საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს და ისედაც დაზიანებულ ტაძარს აზიანებს. ტაძრის ნანგრევები კი ნაგავსაყრელადაა ქცეული. ეს გზა არტაანის შემოვლითი გზაა, რომელიც აკავშირებს ქალაქ ყარს არტაანთან და ერზერუმთან და სხვა პროვინციებთან. “აქ მიმდინარეობს საკმაოდ მძლავრი სამუშაოები და არაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში, ტაძრის მახლობლად მოხდეს ინერტული მასალების ჩაყრა და ტაძარი, ფაქტობრივად, ამ ნაშალი მასალების დაგროვების შედეგად შეიძლება, მთლიანად თუ არა ნაწილობრივ, მაინც დაიფაროს,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი. ტაძრის შესახებ მწირი ინფორმაციაა. თუმცა, ქართული ხუროთმოძღვრების კვალი აშკარადაა და სამწუხაროდ, ნანგრევების სახითაა დღეს შემორჩენილი, შეინიშნება ,,განძის მაძიებლების“ მიერ ტაძრის გადათხრის კვალიც. ასეთი გადათხრის კვალი, თითქმის ყველა ტაძარში ვნახეთ, არა მარტო ჩვენი მოგზაურობის პირველ დღეს.

ტაძარის საძირკველთან, გზის გაყვანამდე  ხევი გადიოდა, რომელიც  გზის მშენებლობისას ჩაიკეტა. ხევში  წყალმოვარდნის გამო, დაზიანებულია ტაძრის ბალავარი. და თუ არ გამაგრდა, დარჩენილი საკურთხევლის კედელიც ჩამონგრევის საფრთხის ქვეშაა.

იმედია, თურქეთის ხელისუფლება, გზის გამო, ტაძარს საბოლოოდ, დასაღუპად არ გაწირავს.

tbeTi 003ტბეთი

ულამაზესი ხედების შემდეგ, ტბეთის ეკლესია შორიდანვე გამოჩნდა… მის ეზოში ადგილობრივებს ფრენბურთის ბადე გაუჭიმავთ და ეტყობა რეგულარულად თამაშობენ. ტბეთის ეკლესიის შესასვლელში წარწერა გვხვდება, სადაც ტბეთის მაგივრად, ტებეტი წერია, ინგლისურ ვარიანტში კი ტიბეტი. თუმცა, ამაყად მდგარ ძველ ტბეთს ამით არაფერი აკლდება, და აქ მოსულ ქართველი ტურისტები, იქვე ჯიხურში კეთილი თურქის მიერ შენახულ სამახსოვრო წიგნში ყველა წერს, რომ ეს 26 მეტრიანი სიმაღლის ტაძარი ტბეთია და არა ტებეტი. ის ტბეთის ეკლესიას შეძლებისდაგვარად პატრონობს, ჩვენც როგორც ტაძრის გულშემატკივრები ჩაიზე დაგვპატიჟა და გვითხრა, რომ იქ იშვიათად ადიან ტურისტები და ძირითადად, მაინც ქართველები სჭარბობენ, თუმცა უცხოელი ვიზიტორებიც სტუმრობენ ტაძარს.

შავი ზღვის გეოგრაფიულ რეგიონში ართვინის პროვინციაში, მდინარე ტბეთის მარჯვენა მხარეს, ისტორიულად შავშეთს, დღეს ჯევიზლი ქვია. ეს სახელი დიდი რაოდენობის კაკლის მოსავლის გამო, დაერქვა – კაკლიანი, ანუ თურქულად ჯევიზლი.

“ამ ტაძარს, მომავალ წელს, აგებიდან 1100 წელი უსრულდება, როგორც ინფორმაცია მაქვს – ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია. სამწუხაროდ, 1961 წელს ტაძარი ააფეთქეს. ტაძარი  ყველაზე ახლოს მდებარე ტაძარია საქართველოს საზღვართან, ეხლა გუმბათმონგრეულია. 26 მეტრამდე იყო სიმაღლე, იყო კარგად მოხატული. წყაროების მიხედვით, ფრესკები კარგად იყო შემორჩენილი. დღესაც არის მხატვრობის ფრაგმენტები შემორჩენილი. სამწუხაროდ, ჩვენს თვალწინ ფრესკებიც და ტაძრის დიდი ნაწილი ზიანდება. ტაძარი აიგო, მეათე საუკუნის დასაწყისში 914 წელს, ამ ტაძარს ქონდა ტერიტორიები შაორის ქვაბულის ტერიტორიაზე. ზუსტად ამ ტაძრის მსგავსი ტაძარი იყო 1014 წელს – ნიკორწმინდის ტაძარი. თუმცა, აქ, ტაო-კლარჯეთში, უფრო გაცილებიც მაშტაბურად დიდი ტაძრები იგებოდა. სამწუხაროდ, უმრავლესობა ძალიან ცუდ დღეშია, სავარაუდოდ 150-მდე მნიშვნელოვან ძეგლს ითვლიან ტაო-კლარკეთში, რომელიც გარდა შავი ზღვის პროვინციისა, ართვინის პროვინციაში არტაანში და ერზერუმის პროვინციაშია,” – ამბობს გვიორგი დვალაშვილი. ტბეთში ძალიან ბევრი ჩუქურთმაა შემორჩენილი და აშკარად ეტყობა, რომ სადაც მიაღწიეს და მიწვდნენ ჩამოანგრიეს და მოშალეს ჯვრები, თუმცა ალაგ-ალაგ შემორჩენილია.

დვალაშვილის თქმით, ტაძრის გარკვეული ფრაგმენტებზე მიწისძვრებმაც იმოქმედა. მიწისძვრები სამწუხაროდ, ხშირია და საუკუნეში ერთხელ მაინც, რაც არ უნდა მცირე მიწისძვრა დაფიქსირდეს, საფუძველ მოკლებულ, მორღვეულ ტაძრებს უზარმაზარი ბზარებს უჩენს. აფეთქების შედეგად გუმბათის ნაწილი დაახლოებით 10-15 მეტრზეა გადაგდებული. ადგილობრივების სახლები ტაძრის ქვებითაა აშენებული, რელიეფური მოჩუქურთმული ქვებით მოსახლეობა სხვადასხვა შენობა ნაგებობეს აკეთებდა თავის დროზე. ტაძარს სასწრაფოდ რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია სჭირდება.

 

saTles cixe 007სათლეს ციხე – შავშეთის ციხე-სიმაგრე

მდინარე შავშეთისა წყლისა და ტბეთის წყლის შესართავში,  მართლაც საინტერესო მდებარეობის მქონე ადგილზე, ამ ორი წყლის შესართავთან ვულკანური წარმოშობის საკმაოდ მაღალ გორაზე აღმართული სათლეს სახელით ცნობილი შავშეთის ციხე-სიმაგრეს შეღამებისას მივადექით. შავშეთის ციხე უმთავრესი ციხე-სიმაგრე ყოფილა, ჯერ კიდევ, 10 საუკუნის წინ. დღეისათვის,  მიმდინარეობს ციხის რესტავრაცია, რომელიც მომავალში უამრავ ტურისტის მასპინძელი გახდება. ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქართველი ტურისტები ვიყავით, რომლებმაც სათლეს ციხემდე გრძელი, ახალი კიბეები აიარა და ნახევრად რესტავრირებული ციხე-კოშკი იხილა, სადაც თურქები დღესაც აგრძელებენ არქეოლოგიურ სამუშაოებს, სადაც სამწუხაროდ ქართული მხარე ჩართული არაა.

სათლეს ციხე საკმაოდ დიდი ციხე-სიმაგრეა, რომელიც იცავდა არა მარტო დასახლება შავშეთს, არამედ მთლიანად შავშეთის რეგიონს, ამ ციხის გარშემო საკმაოდ მრავლადაა ქართული ძეგლები და მათ შორის სამწუხაროდ, ბევრი ნანგრევები. ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ერთადერთი არქეოლოგიური ძეგლია, სხვა ძეგლებივით, ციხე-მონასტრებივით არაა გადათხრილი. ერთ-ერთი კოშკი რომელზედაც, დღეს, თურქული ჰერალდიკის ნიმუშია გამოსახული, ძალიან წააგავს ტიპიურ ქართულ ციხე-სიმაგრეს, შორიდან თუშურ კოშკს გავს. კოშკის სიმაღლე, დაახლოებით, შვიდ მეტრს აღწევს. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს მას ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა. ესაა მართლაც გამორჩეული მდებარეობის, შავშეთის ძირძველი ქართული ტერიტორიის მთავარი თავდაცვითი ნაგებობა.

saTle b 005სათლეს ბაზილიკა

ჯერ კიდევ შებინდებულზე დავტოვეთ, ისტორიული ქალაქი შავშეთი. თუმცა მანამდე ტაძარში გავიარეთ, რომელიც სათლეს ციხეს ზევით მდებარეობს. ბაზილიკური ტაძარი, რომელსაც გვერდზე მინაშენებიც აქვს მიტოვებული და მივიწყებულია. 1555 წლის მერე ეს ტერიტორია გახდა საძვალე ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ფაშების. სამწუხაროდ, ქართული ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, რომლის ფრაგმენტები კარგად შეინიშნება. იქ, საკმაოდ ღრმა, ორი მეტრის სიღრმის ოქროს მაძიებლების მიერ გათხრილი სამარხი დაგვხვდა. განძის მაძიებლები, მთელი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მთავარ მტერს წარმოადგენს და ხშირად ოქროს მაძიებლების მიერ გადათხის გამო, ტაძრის ფრაგმენტები იშლება და ინგრევა. “აქ, არაერთი ორმოა შემორჩენილი, ეს ორმოც სულ ახალი გათხრილია, როგორც სჩანს აქ საძვალე იყო, ბევრი ძვალიც სჩანს, არავინ იცის რა აღმოაჩინეს მათ აქ…” – ამბობს გიორგი დვალაშილი.

ტაძარში, საკმაოდ სქელი კედლებია. სავარაუდოდ, მე-10-11 საუკუნის ძეგლია.

“არქიტექტურულად, ცოტა განსხვავებული ნაგებობაა, და  ოთხთას წააგავს. ბაზილიკური ტიპის ტაძარი, სამწუხაროდ, უპატრონოდ და დაცვის გარეშეა და ამის კვალიც ეტყობა. დიდი რაოდენობით ჩამოდის წყალიც, სახურავიც ცუდ მდგომარეობაშია, მეოცე საუკუნეში ხელი აქვს შევლებული, ალბათ, მეჩეთის არსებობის გამო,” – ამბობს დვალაშვილი.

ტაძარი მთლიანად გადაკეთებულია. თუმცა, სათლეს ეკლესიაში აღმოსავლეთით საკურთხეველთან ახლოს ფრესკის ფრაგმენტები შევნიშნეთ. აშკარად შებათქაშებული კედლები ბევრ ფრესკას მალავს. ბათქაშის მექანიკური ჩამოშლის გამო, კარგად იკითხება ფრესკის ფრაგმენტები. ტაძარი აშკარად, საოცარ ფერებში იყო მოხატული,

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარს აშკარად ეტყობა, რომ ტაძრის კედლებზე გამოსახული ჯვრები და წარწერები განადგურებულია, მაინც ვიპოვეთ ტაძრის კედელზე გამოსახული ჯვრები. სავარაუდოდ, ბოლნური ტიპის ორი ჯვარი აღმოსავლეთ კედელზე, რომელიც კარგადაა შემორჩენილი. თავად ეკლესიის შესასვლელში, სადაც დღეს, ადგილობრივების  სასაფლაოა, აბრაა გამოკრული, სადაც იკითხება, სხვადასხვა ფაშების შესახებ ინფორმაციები, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ.

opiza 001 opiza 008

 

ოპიზა – ტაძარი, რომელზეც გზა გადის

რთულ გზებზე სიარულის შემდეგ მივადექით ისტორიულად უდიდეს სამონასტრო კომპლექსს ოპიზას. ტაძარს, რომელზეც გზა გადის. ტაძარს, რომელიც  ვახტანგ გორგასლის პერიოდიდან სამონასტრო კომპლექსი იყო, მე-5 საუკუნეში რამოდენიმე მართლმადიდებული ტაძრის არსებობის შესახებ არსებობს ინფორმაცია. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა უდიდესი სამონასტრო კომპლექსი შექმნა. ამ ადგილზეა  ერთ-ერთი ცნობილი ბარელიეფი აშოტ კურაპალატის, რომელიც ტაო-კლარჯეთში XX საუკუნის დასაწყისში წმინდა ექვთიმე თაყაიშვილმა  წაიღო და მუზეუმშია დღეს შემორჩენილი. გიორგი დვალაშვილის თქმით, ექვთიმე როცა ტაო-კლარჯეთში მოგზაურობდა, მის მიერაა ცნობილი, რომ ეს ტაძარი თითქმის ისეთივე  სახით შემორჩენილი იყო. სამწუხაროდ, 1960-იან წლებში დააპირეს გზის გაყვანა და  ტაძარი ააფეთქეს. დღეს, ტაძრის ცენტრში, გადის გზა სოფელ ბახჩილარის ტერიტორიაზე. ამ ტაძრის კედლები წვიმის, თოვლის დნობის გამო იშლება. ტაძრის ზედა ნაწილში შენობაა დაშენებილი, ტაძრის ერთ კედლის თავზე კიდევ ერთი დამატებითი გზაცაა გაკეთებული.

გიორგი დვალაშვილის თქმით, 16 საუკუნის წინ, მოხდა  კლოვანი ფერდობების დატერასება, ამ ადგილების ინტენსიურად დამუშავება, ბილიკების მოწყობა. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას ძლიერი ქარი არაა, მიკროკლიმატიც ხელსაყრელია, მცენარეული საფარის არსებობისთვის მთავარი წყალია, არ იცის მკაცრი და ცივი ზამთარი, ყველანაირი ხელსაყრელი პირობა იყო სამონასტრო კომპლექსის არსებობისთვის, სამწუხაროდ, მე-17 საუკუნიდან დაიწყო ამ ადგილების გაუკაცრიელება და მეოცე საუკუნეში კი   ტაძარი აფეთქდა და დღეს, ჩვენს თავლწინ ინგრევა. ტაძრის ზედა ნაწილში ავტოფარეხია მოწყობილი, სადაც რამოდენიმე ავტომანქანაა.

ტაძრის ნანგრევებში აგრეთვე საწყობია მოწყობილი, იყო დაწყებითი სკოლაც, ტაძრის სამხრეთ ნაწილში ფრესკების მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. აღსანიშნავია, რომ ოპიზას შიდა თუ გარე ქვებით იქვეა მეჩეთი აგებული, რომელიც 1964 წლით თარიღდება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თურქულ ენაზე დაწერილ ტექსტთან ერთად, არის ლათინური შრიფტით ქართული შინაარსის შემცველი ტექსტი, ძირითადად მოწოდება მეჩეთში ლოცვაზე მოსვლის. აღსანიშნავია, ისიც, რომ ტაძრამდე მისასვლელი გზა, ცენტრალული გზიდან, სადაც უკვე დერინერის კაშხლის დიდი ნაწილია ათვისებული და დატბორილი, ძველი გზით იყო დაახლოებით ექვსი კილომეტრი, ახალი გზით კი 3 კილომეტრი, ახალი გზის ნაწილი უკვე გაკეთებულია.

“სამწუხაროდ, ტაო-კლარჯეთში ცვლილება ყოველდღიურად, ყოველწლიურად ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ ფიქსირდება, მათ შორის ოპიზაც არაა გამონაკლისი, და ეს ცვლილება ისევ და ისევ უარყოფითია, თუ არ ჩავთვლით, იმას, რომ მისასვლელი გზების კეთილმოწყობა ფიქსირდება და ეს ერთი  დადებითი ფაქტია, – ამბობს დვალაშვილი.

ასეთ მდგომარეობაში ვტოვებთ ოპიზას და არავინ იცის, რა მდგომარეობაში დაგვხვდება მომავალში.

 

xanZTa 010ხანცთას ყველაზე მეტად სჭირდება შველა

ართვინის პროვინციაში,  მდინარე ჭოროხის აუზში, მდინარე ბერთას მარჯვენა შენაკადის ხანცთის წყლის ხეობაში,  წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. ხანცთას, ადგილობრივები პორტას მონასტერს უწოდებენ. გადავწვიტეთ ხანცთა ზევიდან გადაგვეღო, სწორედ იქ შეგვხვდა ადგილობრივები და მოკლე გზას გვასწავლიდნენ ხანცთადე. სამწუხაროდ, სამანქანო გზა არაა, ამიტომ ოციოდე წუთი, კლდეებსა და ბარდნარებში ვიარეთ. თუმცა ღირდა… ხანცთის წმინდა გიორგის ტაძრამდე, ახლოს მდებარე ბაზილიკური ტაძრის ქვეშ არსებული წყაროსთან გავიარეთ, სადაც წყაროს სათავე დაკარგული აქვს და პირდაპირ აუზში მიედინება. სამწუხაროდ, მისი სათავეც გადათხრილი დაგვხვდა. ხანცთაში, როგორც ცნობილია, რამოდენიმე შენობა-ნაგებობა ფუნქციონირებდა, მათ შორის მთავარი ტაძარი, რომელიც დღეისათვის, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. 2007 წლამდე ტაძარი მორღვეული გუმბათით, იყო შემორჩენილი. თუმცა,  დეკემბრის თოვლის გამო, გუმბათის საკმაოდ მოზრდილი ყელი ჩამოიშალა და იმ დღიდან მოყოლებული, შემორჩენილი გუმბათის ყელის ფრაგმენტები იშლება და ინგრება. ამ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი, რომელიც რელიეფური ქვებითა და ტაძრის სხვადასხვა შენობა-ნაგებობის რელიეფურ ქვებთან ერთად იყო წარმოდგენილი გათლილი ქვებით, მე-19 საუკუნეში, სეზონური დასახლების გამო, 20-მდე სხვადასხვა სიმაღლისა და სხვადასხვა მოცულობის ქოხები წამოჭიმეს. საფუძვლად გამოყენებული იყო ტაძრის ქვები. დღესისათვის, ამ ქოხებში 3-4-ში თუ ამოდიან სეზონურად. აღარავინ აღარ რჩება. იმ ზამთარს, როცა გუმბათის ყელი ჩამოინგრა, ოთხი შენობაც დაინგრა. დიდთოვლობის გამო, ის ხის შენობებიც ჩაიშალა, რომლებიც მწყემსებისთვის იყო აშენებული. “როგორც სხვა ტაძარში, ხანცთაშიც, განძის მაძიებლებს დიდი სამუშაოები აქვთ ჩატარებული. გადათხრილია ხანცთის დიდი ნაწილი, როგორც შიგნით, ასევე დამხმარე ნაგებობები. ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ ამ გადათხრის შედეგად დარჩენილი, ფრაგმენტები შეიძლება დროთა განმავლობაში ჩაიშალოს და დაზიანდეს. დინამიკის მიხედვით, ხანცთა ძალიან ინტენსიურად ინგრევა და ამიტომ ხანცთას ყველაზე მეტად სჭირდება შველა. თითოეული დღე არის დაგვიანებული. ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრაგმენტი, რომელიც მაშტაბურობას ანიჭებს ამ ტაძარს, თოვლის გამო, კლიმატის გამო, შეიძლება დაინგრეს. მცირე მიწისძვრამაც კი შეიძლება მთლიანად დაანგრიოს და მისი აღდგენა და რესტავრაცია ვეღარ მოხდეს. ” – ამბობს პროფესორი გიორგი დვალაშილი.

xanZTa 002სამრეკლოზე რამოდენიმე ქართული წარწერაა შემორჩენილი. ადრე სამრეკლო თივის ზვინით იყო ამოვსებული, ერთხელ თივა დამწვარა და ამიტომ მთელი სამრეკლო ხანძრის კვამლისგანაა გაშავებული.

მცენარეული საფარით გარშემო მწირია, ამ პატარა ხევში კი, სადაც ქარის მიმართულაბაც კი შეზღუდულია, რადგან გარშემო კარგად შემოფარგლული ქედი არტყავს, ყველა პირობაა რომ კულტურულმა მცენარეებმა გაიხაროს. დღემდე კარგადაა შემორჩენილი სხვადასხვა ჯიშის ვაზი, ბევრია ნიგოზი, ლეღვი, კარალიოკი, წაბლი… (გქვონდა ბედნიერება, კარალიოკის, ყურძნის, ნიგოზის დაგემოვნების).

xanZTa 001ხანცთის წყლის ხეობის მარცხენა მხარეს, ხანცთის მონასტრის მახლობლად  შეინიშნება დამწვარი ტყე, ალბათ ხანძარი მცირე ხნით გაგრძელდა და სავარაუდოდ, წვიმამ ჩააქრო, დიდი შანსი იყო, რომ ამ ხანძარს ხანძთის შემოგარენში არსებული ნიგვზის ხეები და სხვა კულტურული მცენარეები გაენადგურებინა…

 

 

 

dolis yana 004დოლისყანა ართვინის პროვინციაში

ართვინის პროვინციაში, 1100 წლის ტაძართან, რომელიც დოლისყანას სახელითაა ცნობილი ცოტა ხნით შევჩერდით. ტაძარი მდიდარია ორნამენტებით, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობითაა. სამწუხაროდ, დიდი ნაწილი დაკარგულია. გიორგი დვალაშილის თქმით, დოლისყანაზე იყო მზის საათიც, რომელიც 15 წლის წინ უკვალოდ გამქრალა.

შიგნით, როგორც ცნობილია, მე-16 საუკუნიდან მეჩეთად გადაკეთდა, ზედა ნაწილი იყო მეჩეთი, დაბლა კი საწყობი. 1984 წელს ზედა ნაწილი მოხსნეს და მეჩეთი გვერდით გადაიტანეს. ამის მიზეზი იატაკის დაზიანებაც გახდა. ეს ადგილი კი დაზიანებულ მდგომარეობაშია. წყალიც და თოვლიც დასავლეთის მხრიდან ხშირად შემოდის. დოლისყანის ეკლესია შეძლებისდაგვარად ადგილობრივების გარკვეული მზრუნველობის ქვეშაა. სამწუხაროდ საკურთხეველში გამონგრეული კედელია, განძის მაძიებლების მიერ, ადგილობრივების თქმით, მათ ლითონის მონეტები უპოვიათ. ფრესკები გადათეთრების ქვეშ მოყვა, ნაწილობრივ, შენარჩუნებულია და რაღაც ფრაგმენტები იკითხება იმ ნაწილში, სადაც ადრე სარდაფი იყო. დოლისყანის ტაძარი ჯერ-ჯერობით, რესტავრაციის ქვეშ არ იმყოფება და არის დაუცველი და დღითიდღე ზიანდება, თუმცა მდიდარია კულტურული  მემკვიდრეობით.

hesebi 007ტაო-კლარჯეთში თამარის ხიდები წყალმა დაფარა

ქალაქი იუსუფელიც მალე წყალქვეშ მოექცევა

ართვინის პროვინციის ქალაქ იუსუფელისკენ გზა საშინლად დაგვიგრძელდა, გზა მიუყვება დერინერის წყალსაცავს, გზად 25 ახალი გვირაბი გავაირეთ და ამჟამად ახალი ჰესების მშენებლობის გამო გზების მშენებლობა ისევ გრძელდება. ისტორიული წყაროების მიხედვით, ამჟამინდელ ართვინის პროვინციაში, ქალაქ იუსუფელს, ახალთა ერქვა. მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარეს, მარცხნიდან მდინარე პარხალისწყალი უერთდება და მიმდებარე ტერიტორიები კარგად ჩანს. ახალთის ძველი დასახლება აქვეა, მდინარე პარხალის მარცხენა მხარეს, ახალი დასახლებაა – იუსუფელი. ეს ადგილი გზაგასაყარია – იმიერ და ამიერ ტაოს გზაგასაყარი. აქედან შვიდ კილომეტრშია კავკასიძეების ციხის კომპლექსი, რომელიც ოთხთას კომპლექსში შედიოდა. იქვეა ბაზილიკური ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ, კაშხლის მშენებლობის დროს, დაიტბორება. იუსუფელის კაშხალი, რომელიც ამ ტერიტორიებს დატბორავს, იქნება თურქეთში ყველაზე მაღალი კაშხალი. მისი სიმაღლე 260 მეტრს მიაღწევს და მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნება თავისი სიმაღლით, სიმძლავრით, წყლით მოცულობით.

hesebi 003“ეს ტაძარი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით,  წყალსაცავის ფსკერზე მოექცევა. აქედან ორ კილომეტრში მდებარე კოწახურას ტაძარიც, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი ფრესკები და იკითხება წარწერები. ესენიც და კავკასიძეების ციხე და მცირე ეკლესიაც ყველა ფსკერზე დაიდებს ბინას. იმედია აღწერა მაინც მოხდება ჩაძირვამდე,” – ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი.

იუსუფელში მდებარე ტაძარს აშკარად ეტყობა, რომ ხელოვნურადაა დანგრეული, არც ერთი თლილი ქვა აღარაა შემორჩენილი. მთლიანადაა გაძარცვული. ამ ქვებით, როგორც წესი, მიმდებარე შენობები იგებოდა. ამჟამად, ეს ტაძარი ბუნებრივი პროცესებით ზიანდება.

“საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, თუმცა ამის მომავალი უკვე გარკვეულია, გადაწყვეტილია. ამ ტაძარს რამოდენიმე წელში ფსკერზე მოუწევს ყოფნა. გარდა ამ სამი ძეგლისა, სხვა დიდი მთავარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იტბორება, არც ოთხთა, არც პარხალი, თუმცა მათთან მისასვლელი გზები იტბორება და ახალი გაცილებით უკეთესი გზის მშენებლობა იგეგმება” – ამბობს გიორგი დვალაშვილი.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, 27-მდე სხვადასხვა სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური შენდება მდინარე ჭოროხის აუზში, შავშეთის წყლის აუზში – მდინარე იმერხევში, ბერთასხევში. არტანუჯის წყლის ქვემო ნაწილში კაშხლის დიდი ნაწილი ფუნქციონირებს. იმერხევში მთელი ხეობა არ იქნება დატბორილი, მაგრამ იქნება მცირე სიმძლავრის ვარდნილჰესები. ასე რომ პარხალის წყლის ხეობა არ იქნება ბოლომდე დატბორილი. აქაცაა ვარდნილჰესების გაკეთება დაგეგმილი. საქართველო-თურქეთის საზღვართან ფუნქციონირებს, მარადიდთან ახლოს, მურატლის ჰესი – ბარაჟი, მდინაე ჭოროხზე უკვე ფუნქციონირებს ბორჩხაჰესი .

hesebi 006დერინერის კაშხალს, სავარაუდოდ, 30 კილომეტრი აქვს სიგრძე და  წყლით დაფარული ტერიტორიების ფართობი 26.40 კმ2  , ხოლოწ ყლის მოცულობა 1969 კმ3, გამომუშავებული იქნება 670 მეგავატი სიმძლავრის ყოველწლიურად, ეს არის თურქეთში 1, ხოლო მსოფლიოში მეექვსე  წყალსაცავია, რომლის სიმაღლე 253 მეტრს აღწევს, მშენებლობის დროს დახარჯული იქნა დაახლოებით 3.5 მლნ მ3 ბეტონი. მდინარე ჭოროხის აუზში უზარმაზარი ტერიტორიაა დატბორილი, მის ქვეშ, არაზუსტი მონაცემებით, 15-მდე სოფელი მოექცა. თურქეთის ხელისუფლება გამალებით მუშაობს შემოვლით გზებსა და ხიდების მშენებლობაზე.

“დერინერის კაშხალის გარდა ინტენსიურად მუშაობს ართვინის წყალსაცავის მოსამზადებელი სამუშაობიც, რომელიც იქნება 140 მეტრი სიმაღლეში, ართვინის ზევით კიდე ერთი კაშხალი იქნება. მერე კი იუსუფელის კაშხალი. ზოგიერთი დამთავრების სტადიაშია. ზემოთ 25-30 კილომეტრში, არის ჭოროხის ციხე, რომელიც იტბორება და მალე ციხის ფრაგმენტები იქნება ფსკერზე, აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი თაღოვანი ხიდი, თამარის ხიდები მოექცა ფსკერზე – მურღულის ხეობაში, ჭოროხის ხეობაშიც და ა.შ.” – ამბობს გიორგი დვალაშვილი.

 

ishxani 011იშხანში რესტავრაცია მიმდინარეობს

ჩვენი მოგზაურობის მესამე დღე ღამის ხუთ საათზე დავიწყეთ, რადგან გადავწვიტეთ იშხანში მზის ამოსვლამდე მივსულიყავით. იშხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, რესტავრაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. იშხნის რესტავრაცია ერთი წლის წინ გადაწყდა, და ამ წლის მარტიდან დაიწყო, თუმცა მასში ჩართულები ქართველი რესტავრატორები არ არიან.

ტაძრის გადახურვა დამთავრებულია, შიდა ინტერიერი მთლიანად ხარაჩოებშია. გურგენ მეფის სამლოცველო, მთლიანადაა რესტავრირებული. მაქსიმალურადაა მცდელობა ძველ, პირვანდელ სახის შეხამებისა. ქვებიც, რომელიც ჯერ ისევ თეთრად გამოიყურება, დროთა განმავლობაში, მიიღებენ ისეთივე ფერს, როგორც მთავარი ტაძრის ქვებს აქვს.

გიორგი დვალიშვილი გვიყვება, რომ სიტყვა იშხანი სპარსული წარმომავლობისაა და გვახედებს ტაძართან მდებარე აუზისკენ, სადაც საუკუნეების განმავლობაში კალმახი ყავდათ. (აღსანიშნავია, რომ ტაო-კლარჯეთის ყველა ტაძართანაა ამდაგვარი წყლის აუზები).

“აუზი გამოყენებული იყო ქართული ჯიშიანი კალმახის მოსაშენებლად. მთავარი ისაა, რომ ეს იყო კალმახელიძეების ტერიტორია. კლარჯეთის ტერიტორიაზე კალმახის ცნობილი ციხეცაა. სავარაუდოდ, კალმახი პირდაპირ თარგმნეს. აქედან წამოვიდა ტოპონიმი იშხანი,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი.

(კალმახი — ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოში, ტაოში. აგებულია VIII საუკუნეში. XI საუკუნემდე ტაოს ცენტრს წარმოადგენდა. XI საუკუნეში კალმახის გამგებლებს კალმახის ერისთავები ეწოდებოდათ. IX საუკუნეში გურგენ კურაპალატის რეზიდენცია იყო. კალმახის ციხეში ჩააბარეს მეფე ბაგრატ IV-ს (XI ს.) დატყვევებული კლდეკარის მეამბოხე ერისთავი ლიპარიტ და მისი ძე ივანე).

ტაძარი უკავშირდება გრიგოლ ხანძთელის სახელსა და  საბა იშხნელს. თუმცა, საბა იშხნელი ვიდრე ამ ტაძრის მთლიან რესტავრაციას მოახდენდა, ტაძარი ფუნციონირებდა. როცა არაბებმა დააზიანეს და დაარბიეს,შემდომ მოხდა  მისი რესტავრაცია. ძველი ტაძრის საფუძველზე მაშტაბური ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ასეთი სახე მიიღო – 1100 წლის ნაგებობამ, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. მე-16 საუკუნიდან აქ მეჩეთისაც ფუნქციონირებდა, რომლის ფუნქციონირებაც  მე-18 საუკუნის ბოლოდან შეწყდა. ამ პერიოდიდან, მოხდა იშხნის დიდი ნაწილის დანგრევა. 1791 წელს იშხნიდან რამდენიმე კილომეტრში მდინარე თრთუმის ხეობაში კლდე-ზვავი ჩამოიშალა ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რის შედეგადაც წარმოიქმნა ტბა და ჩანჩქერი. ესეც ერთი ფაქტორი, რამაც ამ ტაძრის დაზიანება და რღვევა გამოიწვია. ჩვენამდე მოაღწია დანგრეული სახით, აღსანიშნავია, რომ მთელ ტაო-კლარჯეთში გამორჩეულია, მათ შორის სახურავით, მოჭიქული კრამიტით, ასეთი მასიური სახურავი აქვს ოშკსაც, დიდი ფრაგმენტი შემორჩენილია ხახულზეც. გუმბათი ყველაზე კარგადაა გამორჩეული, გუმბათის ყელში ფრესკებია შემორჩენილი. პირვანდელი სახით, მასიურად კარგად, მხოლოდ ამ ტაძარში იკითხება.

გურგენ მეფის სამლოცველო მთლიანად მოხატული იყო, ფრესკებიდან მხოლოდ ერთადერთია შემორჩენილი – მაცხოვრის ფრესკა, სადაც წყლის მიდინება არ ხდება. ტაძართან, მასიურად არ შედის წყალი. გიორგი დვალაშილი გვიყვება, რომ 2008 წლამდე ტაძრის ფსკერზე არანაირი სისველე არ შეინიშნებოდა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, იშხნის მცველი ბატონი იაშარი, რომელიც ქართველებთან კარგ დამოკიდებულებაში იყო და ამ ტაძარს უვლიდა, (მაშინ შესვლა იყო ფასიანი), წამიყვანა და ხელით მანიშნა, რომ წყალი ჩამოდისო, მართლაც იატაკი სველი იყო.. ვნახეთ, შევადარეთ ადრინდელ ფოტომასალას და აშკარად ჩანდა, რომ ცრემლი მოსდიოდა მაცხოვარს – წვეთავდა. 2008 წლის გაზაფხული იყო და მაშინ არ მიგვიქცევია ყურადღება, მერე 2008 წლის აგვისტოში, ბევრმა ხაზია გაუსვა, რომ ეს იყო ომის წინა პერიოდთან დაკავშირებული. თუმცა, მერეც შეინიშნებოდა მაცხოვრის ხატთან სისველე.

სავარაუდოდ 2014 წელს დამთავრდება რესტავრაცია, იშხნის ტაძარი იქნება ტურისტული ობიექტი, სადაც მუზეუმი გაკეთდება და შესვლა  ფასიანი იქნება.

 

tba 005ჩანჩქერი, რომელიც ნიაგარის ჩანჩქერზე მაღალია

იშხნიდან, თორთუმის ხეობაში, ჭოროხის აუზში, ოლთისის წყლის შენაკადში დავეშვით, სადაც უმშვენიერესი ბუნების ძეგლია. ჩანაწერებში ცნობილია, რომ 1791 წელს ეს ადგილები მძლავრმა მიწისძვრამ ჩაკეტა ხეობა, წარმოქმნა 8 კილომეტრის ტბა. თორთუმის ტბის სიგანე  ერთ კილომეტრს აღწევს.

“ჩაკეტვის შედეგად, მდინარის კალაპოტი შეიცვალა, და წამოვიდა სხვა ხეობაში, სადაც წარმოქმნა 51 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი. ჩანჩქერი, ნიაგარის ჩანჩქერზე ერთი მეტრით მაღალია, თუმცა მაშტაბურობა ნიაგარის ჩანჩქერსა და მას შორის, ძალიან დიდია. ამ ადგილას ჰიდრო ტექნიკური საქმიანობა მოახდინეს და ხელოვნურად შეცვალეს არხი. მცირე სიმძლავრის ელექტროსადურიც გააკეთეს, მაგრამ, დღეს, დატვირთვა მაინც ტურიზმზეა, რადგან ასეთი საინტერესო ეგზოტიკური, ჩანჩქერი ბევრი არაა ამ ზონაში,” –  ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი.

ამ ტერიტორიებზე მოხდარ მიწისძვრას უკავშირებენ ბევრი ისტორიულ ძეგლის დაზიანებასაც. სპეციალისტთა თქმით, არაა გამორიცხული, რომ იშხანიც, ოშკიც ამ მიწისძვრის შედეგად დაზიანებულიყო.

 

oshki 015ყველაზე დიდი ქართული ტაძარი – ოშკი სავალალო მდგომარეობაშია

ოშკის გრანდიოზული ტაძარი 1050 წლისაა. 1050 წლის წინ მოხდა იოანე ნათლსიმცემლის სახელობის სახელზე აგებული ტაძრის კურთხევა. ეს იყო უდიდესი ცენტრი ქართული კულტურული მემკვიდრეობის. დიდი ხნის განმავლობაში, ეს იყო ბაგრატ მეფის მთავარი ტაძარი, რომელიც საკმაოდ მძლავრი იყო. ამ ტაძრის ანალოგიურად მოხდა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის აგება. ოშკი,  ქართულ ძეგლებს შორის ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა. ჩვენი ვარაუდით, 1791 წელს უნდა დაზიანებულიყო ტაძრის დიდი ნაწილი. თურ-სელჩუკებმა როდესაც ეს ტერიტორია დაიკავეს აქ  მეჩეთი განათავსეს.

ოშკის ტაძარი დაუცველია – სავალალო მდგომარეობაშია გუმბათის ყელი, ტაძარში დიდი რაოდენობითაა ნაგავი,  ჩამოდის წყალი, შიდა ინტერიერი ღიაა. დასავლეთის ნავი დაზიანებული და დანაპრალებულია, მოწყვეტილია კავშირი.

“სამწუხარო ფაქტი უკავშირდება ტაძრის სამხრეთ ფასადს, სადაც ვედრების სცენაში წარმოდგენილი იყო – დავით კურაპალატი, აშოტ კურაპალატი, მაცხოვარი, ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. ათი წლის წინ, ღვთისმშობლის ქვის სტელა, რომელიც მეტრანახევრის სიმაღლისაა ჩამოვარდა და დაიკარგა – უკვალოდ გაქრა. 2009 წლის სექტემბერში ანალოგიურად დაფიქსირდა მაცხოვრის ქვის სტელის ჩამოშლა. სამწუხაროდ, ისიც უკვალოდ დაიკარგა,” – გვიყვება გეოგრაფი და მოგზაური გიორგი დვალაშვილი.

ოშკის ტაძარში ძალიან ბევრი შემორჩენილი წარწერებიც, ფრესკებიც იკითხება. ძველი ქართული წარწერები პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ტაძრის გარშემო ძალიან ბევრი ქვის სტელებია. არის ჯვრის გამოსახულებების – ფერში, გუმბათი მოჭიქულია. ტაძრის გარშემო იყო სხვადასხვა შენობანაგებობა, ერთ-ერთი დიდი შენობა, რომელიც ტაძარს ებჯინებოდა დაიწვა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ხანძრის კვალი დღესაც ეტყობა.

ტაძრის დასავლეთ ნაწილზე მიშენებული იყო მეჩეთი. 2009 წელს მიშენება მოხსნეს და  გვერდით გადაიტანეს. ოშკის მახლობლად ბაზილიკური ტაძრების ნარჩენებიცაა. სამენოვან წარწერა, რომელიც ოშკის შესასვლელშია ვიზიტორს ამცნობს თურქულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე ოშკის ისტორიას. ქართულში მოხსენიებულია პატრიკოს ჯოჯიკი, ხოლო თურქულად და ინგლისურად წერია გაგიკი.

თავად ტაძარს ადგილობრივები ეძახიან ვანქს, რომელიც ეკლესიას ნიშნავს. “აქ, სამწუხაროდ, სომხური ტოპონიმია გავრცელებული. თუმცა არანაირი კავშირი არ აქვს იმას, რომ ესაა სომხური ძეგლი. მცირე ხნის განმავლობაში, აქ  სომხები დასახლდნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაძარი სომხურია. ეს ტაძარი არის ქართული კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ძეგლი, რომელიც შველას ითხოვს, გუმბათის ნაწილი და მთავარი კედლები ყველგანაა დანაპრალებული და დაბზარული, ასეთი სავალალო მდგომარეობაა ამაყად მდგარ ოშკში,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი და აგრძელებს – თუ იშხანის მსგავსად გაკეთდება, კარგი უფროა, ვიდრე ცუდი. რადგან მისი გადარჩენა ან შენარჩუნება და დაცვა, მხოლოდ ასეთი რესტავრაციით შეიძლება. კონსერვაცია და ასეთი სტილით შენარჩუნება არც თუ ისე ადვილია. თუ მასიურად არ გადამაგრდა კედლები ტაძარი დაინგრევა. ტაძრის სამხრეთ მიმართულებით ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა, ტაო–კლარჯეთის მკვლევარმა ვახტანგ ჯობაძემ აქ მუშაობისას, შეუყუდა რამოდენიმე ხის მორი. სამწუხაროდ, იმ ხის მორებიდან მხოლოდ ერთი მორიღაა დარჩენილი, დანარჩენები მიზანმიმართულადაა გამონგრეული და ჩამოშლილი.

ფაქტია – ერთ–ერთი გრანდიოზული და გამორჩეული ქართული ტაძარი, ტაო-კლარჯეთში, სავალალო მდგომარეობაშია.

 

xaxuli 010ხახულში დღესაც მეჩეთია განთავსებული

ერზერუმის პროვინციაში, თორთუმის რეგიონი, ბაღბაში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსია – ხახული. ეს არის ქართული ოქრომჭედლების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში, ბექა და ბეშქენ ოპიზრები ამ სავანეში მოღვაწეობდნენ. ხახულის ტაძარის სამხრეთის ექსპოზიციაზე ძალიან საინტერესო ორნამენტია – არწივი. “თურქებს ასეთი ლეგენდა აქვთ, თუ აქ მოვიდოდნენ მუსლიმანი ქალბატონები და  ამ გამოსახულებას შეთხოვდნენ, უშვილობას კურნავდა, მე თვითონ შევსწრებივარ ასეთ ფაქტს, რომ აქ ადგილობრივი ქალბატონები მოსულან, აგრეთვე მოუყვანიათ ახალშობილები” – ამბობს გიორგი დვალაშვილი.

ხახულის ტაძარი უშვილობას კურნავს – ამას ამბობს ლეგენდა. ბევრი რეალურად დღესაც მოდის, იმ რწმენით, რომ შვილი გაუჩნდება.

რაც შეეხება დღევანდელობას – ხახულში დღესაც ფუნქციონირებს მეჩეთი. სამწუხაროდ, დაკეტილი დაგვხვდა, თუმცა მის გვერდით მდებარე სენაკში შეღწევა მაინც მოვახერხეთ.  ტაძარში, მომლოცველმა ფეხზე უნდა გაიხადოს  და ისე უნდა შევიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტაძარში შესვლა აკრძალულია – გვეუბნებიან იქ ჩვენს დანახვაზე მოსული ადგილობრივები პატარები. აქ ფუნქციონირებდა სკოლა – მედრესე. ქვის საკმაოდ დიდი სტელა მედრესეს მერხებითაა დაფარული. ტაძარი გადააკეთეს მუსლიმანებმა, ასევეა გადაკეთებული ხახულის ტაძრის წინ არსებული ბაზილიკური ტაძარი. ტაძრის შესასვლელთან ადგილობრივების სასაფლაოა.

ტაძრის წინ, შესასვლელში, საუკუნოვანმა გამხმარმა ხემ კი ამაყად გამოგვაცილა, იქაური ბავშვების მასპინძლობით გაოცებულები. პატარა თურქმა მასპინძლებმა ისიც გვითხრეს, რომ ხახულს უვლიან და პატრონობენ. მერე, რა რომ იქ მეჩეთია, მაინც ცდილობენ პირვანდელი სახე არ დაუკარგონ…

ქალაქ ოლთისში ორგუმბათიანი სომხური ეკლესიაც მოვინახულეთ. ისიც ქართული ძეგლების მსგავსად მოუვლელი და დანგრეულია. მის კედლებში გამოკეტილმა და დაბმულმა ძაღლმა ვერც კი შეგვამჩნია. ჩვენ კი გზა განვაგრძეთ სისხლის ციხესკენ.

 

sisxlis cixe 001ფარნაკის კომპლექსი და წითელი ციხე

მდინარე ოლთისის ხეობაში შემაღლებულ ბუნებრივ შთენილზე, რომელიც, სავარაუდოდ, მე-9 მე-10 საუკუნეში მოსწორდა და გამაგრდა, ძლივს ავაღწიეთ. “თავდაპირველად, მას  ციხის დატვირთვა ქონდა, – გვიყვება გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი, –  შემდგომ პერიოდში ბაზილიკური ტაძარი აშენდა.

შორიდანვე ჩანს, რომ მდინარე ბანის წყლის ხეობა მდინარე ოლთისის წყალს უერთდება. შესართავთან  ბაზილიკური ტაძრის ნანგრევები ჩანს, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობისაა, ამ ადგილს კი, სადაც ჩვენ ავაღწიეთ ფარნაკის კომპლექსი ქვია. ოლთისის კლდის მარჯვენა მხარეს კარგადაა შეხამებული ციხე-სიმაგრე თავისი გალავნით, დიდი კომპლექსით. სხვადასხვა ვერსიებით, მას სისხლის ციხეს ეძახდნენ. რადგან ციხეს, წითელი ფერი დაკრავს თურქებმა წითელი ციხე დაარქვეს. ციხის დაბლა  სამონასტრო კომპლესის ნანგრევებია,   იქვეა ბაზილიკური ტაძრის ნანგრევებიც.

“მთლიანად, ეს ტერიტორია გზაგასაყარია მდინარე ოლთისისა და ბანასწყლის ხეობებისა და აკონტროლებდა. საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს, ამ ციხეების დაპყრობა არც თუ ისე ადვილი იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მე-16 საუკუნეში ეს ტერიტორიები ქართველებისაგან მასიურად დაიცალა,” – ამბობს გიორგი დვალაშილი.

სამწუხაროდ, როგორც ყველა ციხესა თუ სამონასტრო კომპლექსში, ტერიტორია აქაც განძის მაძიებელთა მიერაა დაზიანებული. დასავლეთის კარიბჭის ადგილას საკმაოდ ღრმა ახლადგათხრილი ორმოა. ფარნაკის და სისხლის ციხის ტერიტორიაც დაზიანებულია. დღეს, ამ ადგილებს დატვირთვა არ აქვს, აქ ტურისტებიც არ მოდიან – ეს ადგილები, ფაქტობრივად, ტურისტული ბილიკებით აუთვისებელია.

 

bana 003ლეგენდარული ბანა

მდინარე ბანას წყლის ხეობაში, შორიდან მცირე ნანგრევების გარდა არაფერი ჩანს. თუმცა ბანას ტაძარში შესული მისი სიდიადე გამუნჯებს.

თურქეთის ტერიტორიაზე, ბევრ ქართულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არა პირვანდელი სახით შემორჩენილი სახელი, არამედ ახალი ტოპონიმებით იცნობენ. სოფელს  პენეკი ქვია, ბანასაც პენეკსაც უწოდებენ. სამწუხაროდ, ბანა არაა ერზრუმის  პროვინციის ტურისტულ მარშუტში შეტანილი და მასზე არც არანაირი ინფორმაციაა. სამწუხაროდ, ტურიზმისთვის არა ხელსაყრელ მდგომარეობაშია. თუმცა, თავისი ისტორიის 15 საუკუნის განმავლობაში, უდიდესი მნიშვნელობის ძეგლი იყო.

“თავდაპირველად,  ტაძრის შიდა ნავები  ჩაშენების გარეშე იყო, თაღები ღია. მერე შესაბამისად აწიეს კიდეც. სამ სართულიანი ტაძარი, მე-19 საუკუნის ბოლომდე მშვენივრად იყო შემორჩენილი. იკითხებოდა ფრესკებიც. მაგრამ 1878 წელს რუსეთ-თურქეთის დროს, ეს ადგილი თურქებმა ციხესიმაგრედ გამოიყენეს. ტერიტორია რუსებმა ააფეთქეს და კომპლექსიც დაინგრა. მიუხედავად ამისა, 1910 წელს როცა ექვთიმე თაყაიშვილი აქ იყო – საკურთხეველიც და გუმბათიც შემორჩენილი იყო. 1984 წელს მიწისძვრა მოხდა და სამწუხაროდ, დღეს, უკვე ასეთ მდგომარეობაშია,” – ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშილი.

უიმედოა ბანას მდგომარეობა. განძის მაძიებლები ყველა მიმართულებით ძირს უთხრიან და ამუშავებენ. არაა საინფორმაციო დაფები. არაა ტურისტულ მარშუტში, თუმცა ქართველები მაინც ცდილობენ მოვიდნენ. ჩვენი ვიზიტისას ბორჯომის რაიონის მოსწავლეები და მასწავლებლები სტუმრობდნენ ბანას.

გიორგი დვალაშვილის თქმით, ბანას არ ემუქრება დატბორვა გამალებული ჰესების მშენებლობის გამო, ის ელიეფურად ვაკე ადგილად მდებარეობს.  ერთადერთი რის შედეგადაც ტაძარი შეიძლება დაზიანდეს – მიწისძვრებია.

ბანადან საქართველოსკენ გამოვწიეთ, თუმცა გზად კიდევ ერთი ტაძარი შევნიშნეთ, რომელსაც გულგრილად ვერ ჩავუარეთ.

 

turqaSeni 006კოლას ტაძარი – სავარაუდოდ, თურქაშენი

ამიერ ტაოდან მდინარე მტკვრის ზემო წელში კოლა არტაანში –  ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები ყველაზე ცუდადაა შემორჩენილი. ამ ადგილებში იყო შემოსევები, დაპყრობითი ომების გზები ყველაზე ხშირად აქ გადიოდა – მტრის ჯარი ამ ადგილებში შემოდიდოდა. 2100 მეტრის სიმაღლეზე, საუკუნეების წინ, სიცოცხლე დუღდა, ახლა კი უკაცრიელია. თუმცა საკმაოდ ბევრი ნასახლარი, ნასოფლარი და ნატაძრალია.

“ეს ადგილები გამოკვლეული არაა. ამ ძეგლებზე არაა ინფორმაცია სრულყოფილი, ფაქტია, რომ ძველი ტაძარია, მაშინდელი, როდესაც ქართული სახელმწიფო ფესვებგადგმული იყო, – ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშილი, რომელიც ტაო-კლარჯეთის ხშირი სტუმარია.

სავტომობილო გზიდან, დაახლოებით ასორმოცდაათი მეტრში – კოლა არტაანის შუაშია აღმართული ტაძარი. ტაძრის გარშემო, კარგად იკითხება შენობებისა და ქვის ღობეების კვალი. ტაძრის კედლების სიმაღლე დაახლოებით სამ მეტრს აღწევს. სიგანე – 5 მეტრამდე, სიგრძე ათ მეტრამდე. არის ტიპიური ბაზილიკური ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ,  დღითიდღე იშლება. დამუშავებული და დაკუთხული ქვებიც ნაკლებადაა. გიორგი დვალაშვილის თქმით, მშენებლობაში გამოყენებული ქვები ადგილობრივია, ვულკანური წიდების მსგავსი ქანებია წარმოდგენილი.

ტაო-კლარჯეთში, დაახლოებით 150 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სადაც ქართველების არსებობის კვალია დაფიქსირებული და დადასტურებული, გადათხრილია განძის მაძიებლების მიერ, მათ შორის, როგორც შიდა პერიმეტრზე გარე პერიმეტრზეც. აქაც ღრმადაა გადათხრილი და დაზიანებული ტაძრის კედლები. ეს იყო ბოლო ტაძარი, რომელიც ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას ვნახეთ…

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s