კურორტი აბასთუმანი თბილისიდან 210 კმ-ის დაშორებით, მესხეთის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, მდინარე ოცხეს ხეობაში, ზღვის დონიდან 1270-1340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზრდილი ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, რომელიც ყვავილობის დროს უებარი სამკურნალო საშუალებაა ფილტვებით ავადმყოფი ადამიანისთვის. აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც საყოველთაოდაა აღირებული. ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ ახლანდელი აბასთუმნის ადგილას, ჯერ კიდევ, XIV საუკუნეში ყოფილა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე და არსებობდა სახელგანთქმული სამკურნალო წყლები. XVII საუკუნეში, ოსმალების ბატონობისას, აქ თურქული სტილის აბანო მიუწყვიათ. XIX საუკუნის 30-იან წლებში შესაძლებელი გახდა თერმული სამკურნალო წყლების მეცნიერული შესწავლა. შედეგად, მას აბასთუმნის ქლორნატრიუმსულფატკალციუმიანი ჰიპერთერმული სამკურნალო წყლები ეწოდა და გამოიყენება – რევმატიული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობისას და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ. აქ მკურნალობდა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის შვილი და რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ძმა. ფილტვების მძიმე დაავადებამ გიორგი რომანოვი იძულებული გახადა უარი ეთქვა სამეფო ტახტზე და დასახლებულიყო აბასთუმანში. აბასთუმანი ეკოლოგიურად სუფთა ბუნების ეტალონად განიხილება და უნიკალური ატმოსფერული პირობებით (ჰაერის მაღალი გამჭვირვალობა) ხასიათდება. მთის სუფთა ჰაერი, ზომიერად მშრალი ჰავა, წელიწადში მზის ნათების 3 ათას საათიანი ხანგრძლივობა ტუბერკულოზის მკურნალობის ძირითად ფაქტორებს წარმოადგენენ. უფლისწული ასტრონომიით იყო გატაცებული. მას პრივატულ ლექციებს სანქტ პეტერბუგის უნივერსიტეტის პროფესორი, ფონ გლაზენაპი უტარებდა. ფონ გლაზენაპის სახელს უკავშირდება დაბა აბასთუმანში აშენებული პირველი ობსერვატორიაც. 1890-იან წლებში, გლაზენაპი აბასთუმნის ობსერვატორიიდან ორმაგ სისტემებს აკვირდებორდა. აბასთუმანში მკურნალობდა, უნიჭიერესი ქართველი პოეტი ლადო ასათიანიც, რომელიც 26 წლის ასაკში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. ასტრონომიული კვლევები ზუსტ დაკვირვებებს მოითხოვს, ტელესკოპები და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტები კი საკმაოდ ძვირადღირებულია. იმისთვის, რომ მასზე დახარჯული სახსრები გაამართლოს, დიდი ობსერვატორიისთვის საუკეთესო ასტროკლიმატის მქონე ადგილებს ირჩევენ. კარგი ასტროკლიმატი ნიშნავს – ჰაერის მაღალ გამჭვირვალობას, სუფთა და მდგრად ატმოსფეროსა და უღრუბლო ამინდების დიდ რაოდენობას, რადგან ციურ სხეულებზე ოპტიკური ხელსაწყოებით დაკვირვებები მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი.
სწორედ ამ პირობებს აკმაყოფილებდა აბასთუმნის ატმოსფერო: ის იყო ინდუსტრიული ადგილებიდან შორს, გამოირჩეოდა მოწმენდილი ღამეებით და პრაქტიკულად სრულიად უქარო ამინდებით. ჰაერი კი იმდენად გამჭვირვალეა, რომ პლანეტა ვენერას შეუიარაღებელი თვალით ნახვა ზოგჯერ დღისითაც კი არის შესაძლებელი (რაც სხვა ადგილებიდან წარმოუდგენელია). აბასთუმნის ასტროკლიმატმა რუსეთის იმპერიის გარეთაც გაითქვა სახელი. მე-19 საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი ასტრონომი შერბურნ ბერნჰემი 1893 წელს წერდა: „…აბასთუმნის მდებარეობა უაღრესად ხელსაყრელია ასტრონომიული სამუშაოებისათვის. თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, არც ერთ ობსერვატორიას ევროპაში არ აქვს ასეთი ხელსაყრელი განლაგება და ძნელია დავასახელოთ ადგილი, გარდა ობსერვატორიისა ჰამილტონის მთაზე, სადაც ატმოსფერული პირობები ასევე ხელსაყრელია”. საბჭოთა პერიოდში კვლავ გაჩნდა ინტერესი აბასთუმნის მიმართ და 1932 წელს სსრკ-ში პირველი სამთო ობსერვატორია დაარსდა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღოდა ცნობილ რუს ასტრონომს ბორის ნუმეროვს, ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის დამაარსებელს, რომელიც 1936 წელს შპიონაჟის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. საქართველოში, ობსერვატორიაში ტელესკოპის ჩამოტანა უკავშირდება ლავრენტი ბერიას სახელს. დაარსების წელსვე, ობსერვატორიაში სსრკ-ში დამზადებული პირველი ტელესკოპი დადგეს – 33 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე რეფლექტორი (სარკიანი ტელესკოპი). ამის შემდგომ დაიდგა გერმანული ფირმა „კარლ ცაისის” მიერ დამზადებული 40 სმ-იანი რეფრაქტორი (ლინზიანი ტელესკოპი), რომელიც დღემდე სრულფასოვნად ფუნქციონირებს. ობსერვატორიის პირველ დირექტორად დაინიშნა ბ. ნუმეროვის ასპირანტი, 24 წლის ევგენი ხარაძე, რომელიც 60 წლის განმავლობაში იყო ამ პოსტზე. ამჟამად, აქ 15 ტელესკოპია: 8 სავარსკვლავო და 7 სამზეო. ყველაზე დიდი და, ამავე დროს, წამყვანი ინსტრუმენტები 125 სმ-იანი რეფლექტორი და 70 სმ-იანი მენისკური ტელესკოპებია. არსებობს ასევე ატმოსფეროს საკვლევი ხელსაწყოები, მათ შორის უახლესია 2007 წელს აშშ-ში დამზადებული აეროზოლური ლიდარი. ობსერვატორიის სახელოსნოებში იქმნებოდა მიმღები ხელსაწყოები და ფილტრები. მეცნიერების განვითარება წარმოუდგენელია საერთაშორისო კავშირების გარეშე. ობსერვატორიას დაარსებიდანვე ჰქონდა და დღესაც აგრძელებს თანამშრომლობას ასტრონომიულ და სხვა მომიჯნავე დარგების დაწესებულებებთან საქართველოს გარეთ. ობსერვატორიის თანამშრომლები, პარალელურად, მსოფლიოს სხვადასხვა ასტრონომიულ ცენტრებსა და უნივერსიტეტებში წარმატებულად მოღვაწეობენ. 2007 წლიდან, ობსერვატორია ინტეგრირებულია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიად. აქ მანამდე ტურისტებს ემსახურებოდა ორი კეთილმოწყობილი სასტუმროც, რომლისგანაც შემოსული თანხები გარკვეულწილად ეხმარებოდა ობსერვატორიის გამართულად მუშაობას, თუმცა დღეს, ორივე სასტუმრო რიგი მიზეზების გამო, სამწუხაროდ, აღარ ფუნქციონირებს და უცხოელ თუ ადგილობრივ ვიზიტორთათვის თითქმის ხელმიუწვდომელი რჩება ობსერვატორიიდან ციურ ვარსკვლავებზე დაკვირვების სიამოვნებაც.
მასალა მომზადდა პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” მიერ 21-23 დეკემბერს ორგანიზებული სამეცნიერო- ჟურნალისტური ექსპედიციის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციი მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
შოს ბლოგი
29/12/2013 at 01:23
ვაიმე ჩემი აბასთუმანი ❤ ბავშვობის საუკეთესო წლები აქ მაქვს გატარებუ…
lasha
08/01/2014 at 12:03
ამ საიტზე შეგილიათ ნახოთ ბევრი რამ აბასთუმნის შესახებ kurortiabatumani.ge
ekofact
08/01/2014 at 12:11
didi madloba 🙂
abasTumani
13/06/2015 at 21:18
https://www.facebook.com/abastumani1