გორისა და ქუთაისის დემოკრატიის სკოლების (NIMD) კურსდამთავრებულებმა პროექტის “ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაცია გორისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში” განხორციელება ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყეს. პროექტ “მწვანე კედელის” ფარგლებში კონსულტაციების მიზნით, უკვე მოეწყო შეხვედრები თემის ექსპერტებთან და დემოკრატიის სკოლის სხვა კურსდამთავრებულებთან, რომლებმაც პროექტის განხორციელების პროცესში დახმარება აღუთქვეს გუნდს.
გორის მუნიციპალიტეტში უკვე აღიწერა ის ტერიტორიები, სადაც წინა წლებში ქარსაცავი ზოლი იყო მოწყობილი და დაიწყო მუშაობა. სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები გაუწევენ ზედამხედველობას.
ქარსაცავი ზოლების აღდგენის მიზნით, აქტიურად მუშაობენ პროექტის ქუთაისელი პარტნიორებიც.
“საქართველოში 5 ათასი ჰექტარი ქარსაცავი ზოლი გადიოდა, გორის რაიონში 1500 ჰექტარი გადიოდა, ადრე ხილის ბაღები ქონდათ გაშენებული, ბოლო წლებში ხილის ბაღებიც გაჩანაგდა,” – გვიყვება სოსო ხუროშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბუნებრივი რესურსების აგრარული და მიწის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
ოთხივე ზოლზე გაშენებული ქარსაცავი ზოლები მოძველდა, შეიქმნა სარწყავი წყლის პრობლემაც და ხეებიც გახმა. ქარსაცავი ზოლები, რომლებიც არა მარტო დასავლეთ-აღმოსავლეთის ქარებისგან იცავდა ტერიტორიას, მიწას ეროზიისგანაც იცავდა. მხოლოდ კარალეთის-ძევერას გზაგასაყარზე 200 ჰექტარი ქარსაცავი ზოლი იყო. ახლა კი აქ ქარი დათარეშობს.
“აქ სერიოზული ქარები იცის, ამ ქარებს, მოხნული მიწის ფენები გადააქვს. როცა ქარს მიაქვს მიწა, თავისთავად მიწა იფიტება. ქარსაცავი ზოლები 90-იან წლებში გაიჩეხა, მოსახლეობას შეშის პრობლემა ჰქონდა. ოკუპირებული ტერიტორებიდან ხდებოდა ადრე შეშით მომარაგება, და ადამიანებს გასათბობი საშუალება აღარ ჰქონდათ, არც გაზი იყო. 90-იანებში ბევრი პრობლემის წინაშე ვიდექით. ამ პრობლემებს ხეების ასაკის დაემთხვა.
დარგვით ბევრის დარგვას ვგეგმავთ, მერე მისი მოვლაა პრობლემა, ქარსაცავ ზოლს მორწყვა სჭირდება, თავისთავად უნდა ვიფიქროთ ისეთ ხეებზე, რომელსაც მორწყვა არ დასჭირდება. ვფიქრობთ ნაძვსა და აკაციებზე. ვაპირებთ შერეული ქარსაცავი ზოლების გაშენებას ეტაპობრივად. დათო რაზმაძემ საკრებულოს თავმჯდომარემ შექმნა კომისია და ამ საკითხებზე მუშაობს. შევეცდებით სპონსორების მოძიებასაც. თუმცა არის ვარიანტი, რომ ადგილობრივი ფერმერებიც მოგვეხმარონ. ვერ შეგპირდებით, რომ ეს პრობლემა ერთ წელიწადში მოგვარდება,” – ამბობს სოსო ხუროშვილი.
მისი თქმით, მოსახლეობიდანაც მოდის ინიციატივა, რომ ხეები დაირგიოს, პირველ რიგში, მათ სჭირდებათ ქარსაცავი ზოლები, რათა მათი მიწები დაცული იყოს.
“კარალეთის მონაკვეთიო ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონია. ნიადაგის შეფასების საფუძველზე ვიცით აქაური სიტუაცია და ყველაზე ხელსაყრელი მცენარე რეკომენდაციის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიჭვია. ალვის ხეები სწრაფად იზრდებოდა, ხუთ წელიწადში თავის ფუნქცია ასრულებდა, მაგრამ 30 წელიწადში საშიშია, რამოდენიმე ფაქტია დაფიქსირებული ხის მოტეხვის. ეს, კი რომელმაც პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას, სახნავსათეს მონაკვეთებს. რაც შეეხება მდინარის პირას, სადაც ტენის შემცველი მონაკვეთებია, იქ შეიძება ალვის ხეც დაირგას. არსებობს ძალიან ბევრი სატყეო, სადაც ფიჭვი შეიძლება დაახლოებით, ორი ლარი ღირდეს ერთი ნერგი. ქარსაცავ ზოლებში უნდა იყოს ფიჭვიც, ნეკერჩხალიც, აკაციაც და სხვა. არ შეიძლება გორის მუნიციპალიტეტისთვის, ქარელისთვის ერთიანი გაკეთდეს, აუცილებელია მეცნიერული კვლევები. რა გვირჩევნია 5 წელიწადში იყოს ალვის ხეები და ხუთ წელიწადში მოტყდეს, თუ იყოს ფიჭვი და ეს ტერიტორიები, სამი საუკუნის განმავლობაში დაიცვას ქარისგან. გორის ნიადაგი ყველანაირ პირობას ქმნის, რომ ფიჭვი გაშენდეს.” – ამბობს პროფესორი გიორგი დვალაშვილი
ასე, რომ უახლოეს მომავალში, გორის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობოებისა და თვითმართველობის ერთობლივი ძალისხმევით, საშვილიშვილო საქმე გაკეთდება და ოთხ ზოლად დაირგვება 150 000-მდე ნერგი, რომელიც ქარისგან და ეროზიისგან დაიცავს გორის მუნიციპალიტეტს, იმედია, ამ კეთილ და საქართველოსთვის მნიშვნელოვან წამოწყებას სხვა მუნიციპალიტეტებიც მიბაძავენ.
მასალა მომზადდა პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” მიერ 21-23 დეკემბერს ორგანიზებული სამეცნიერო- ჟურნალისტური ექსპედიციის ფარგლებში.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციი მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.