თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიჭვნარის გამაჯანსაღებელი ღონისძიებები 2014 წლიდან დაიწყება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განუცხადა. როგორც ცნობილია, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიჭვნარს განადგურება ემუქრება.
2013 წლის ივლისში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თუშეთში ფიჭვნარის მდგომარეობა კატასტროფულია. თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, კერძოდ კი წითელთა, ქუე და სოფლების: შენაქოს, დიკლოს, ცოკალთასა და ხისოს მიმდებარე ფიჭვნარი ხეების 70% დაზიანებულია ლაფნიჭამიას მიერ. ექსპერტების დასკვნით, მსგავსი დაზიანებები იწვევს წიწვების ხმობას და საბოლოოდ, ფიჭვების მთლიან განადგურებას.
სპეციალისტების თქმით, ფიჭვის პატარა მებაღის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ფიჭვის მთავარი ღეროდან გამოფრენის შემდეგ, დამატებითი კვების მიზნით, ის შეიჭრება ახალ ყლორტებში, რის შედეგადაც ყლორტები ხმება (ამითაა გამოწვეული წიწვების მასობრივად ფერის შეცვლა) და ძლიერი ქარის შემდეგ ტყდება ანუ იკრიჭება; ასეთი მოვლენები – ფერის შეცვლა განსაკუთრებით შეიმჩნევა ცოკალთა-ქუმელაურთას მიმდებარედ, კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე (ფიჭვნარ-არყნარი) და დიკლო შენაქოს (სონეხი) ტერიტორიებზე.
კვლევის შედეგების მიხედვით, ჯერჯერობით, დაზიანებულ კორომებში ხმობის ინტენსივობა სუსტია – 10%-მდე, თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მდგომარეობა შეიცვლება უარესობისაკენ ანუ ხმობა ძლიერ მოიმატებს თუ სერიოზული ბრძოლის ღონისძიებები არ გატარდა.
ტყის დამცველთა შეფასებით, თუშეთის ფიჭვნარების გაჯანსაღების ღონისძიებები უნდა წარიმართოს ორი მიმართულებით: კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება და ფიჭვის პატარა მებაღის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა გატარება.
დასკვნის მიხედვით, მისადგომ ადგილებში აუცილებელია ჩატარდეს ამორჩევითი სანიტარიული ჭრები; მოიჭრას ყველა გამხმარი ხე და გამოტანილი იქნეს ტყიდან ჭრის არსებული წესების დაცვით; ასევე, უნდა გაიწმინდოს ტყეები ჩახერგილობებისაგან, რაც მავნებელდაავადებათა გაჩენისა და რეზერვაციის კერებს წარმოადგენს. მიუდგომელ ადგილებში კი, სადაც შეუძლებელია საჭერი ხეების მოწყობა და შემდეგ მოჭრა, გაქერქვა და გამოტანა, საჭიროა ფიჭვის პატარა მებაღის წინააღმდეგ 2-3 წელს გამოყენებული იქნეს მისი ფერომონები (პრეპარატები, რომლებიც სპეციფიკური სუნით იზიდავს მწერებს).
„წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ აუწერელ ზარალს ანუ განადგურდება თუშეთის ულამაზესი ფიჭვნარები, რომლებიც ასრულებენ წყალშენახვით, ნიადაგდაცვით, ზვავსაწინააღმდეგო, ეროზიისაგან დაცვისა და სხვა სასიკეთო თვისებებს“, – აღნიშნავს სატყეო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნანი გოგინაშვილი.