RSS

მიწისძვრები ბუნებრივია და ზუსტად იმ არეალში ხდება, სადაც მოსალოდნელია

09 დეკ

tba 004დიდი თუ მცირე მიწისძვრები დედამიწის დაარსების დღიდან სულ ხდება და ამაში გასაკვირი არაფერია. მიწისძვრა ბუნებრივი პროცესია, დედამიწის წიაღში ტალღების გადაადგილების საფუძველზე ხდება ბლოკების გადაადგილება, რაც ზედაპირზე სხვადასხვა სახით გამოვლინდება. დედამიწაზე დღე-ღამეში 300-მდე მიწისძვრა ხდება, ზოგიერთ მათგანს ადამიანი ვერც კი გრძნობს, მხოლოდ ხელსაწყოები აფიქსირებენ. დედამიწის მოსახლეობისათვის ამგვარი ახსნა ნუგეში ვერ იქნება, მათ შორის, არც საქართველოსთვის, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. გარდა იმისა, რომ მიწისძვრა მოსახლეობაში სერიოზულ სტრესს და პანიკას იწვევს, გაჩნდა ეჭვიც, რომ ეს ბიძგები ხელოვნურია და ამას საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნები ახორციელებენ.  gio 01გეოგრაფები გვიხსნიან, რომ საქართველო დიდი და მცირე კავკასიონით არის შემოფარგლული, რაც სეისმურად აქტიურ რეგიონს გულისხმობს და შესაბამისად, მიწისძვრები ჩვენს ქვეყანში მუდამ იყო და კვლავაც იქნება. მემატიანე გადმოგვცემს, რომ 1088 წელს სამხრეთ საქართველოში ისეთი ძლიერი მიწისძვრა ყოფილა, თმოგვის ციხე დაუნგრევია. ბიძგები, კი თურმე რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ჩვენს მეხსიერებას სტრესად შემორჩა 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარი 9 ბალიანი მიწისძვრა, რასაც წინ უძღოდა 1988 წელს მიწისძვრა სომხეთის ქალაქ სპიტაკში, რომლის ტალღებმა საქართველომდეც მოაღწია. 2002 წელს თბილისში 6 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა.
როგორც თსუ-ს პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი აღნიშნავს, ეს მიწისძვრები ბუნებრივია და ზუსტად იმ არეალში ხდება, სადაც მოსალოდნელია, ამიტომ ვერანაირ მტრულად განწყობილ ქვეყანას მათ მოწყობას ვერ დავაბრალებთ.
გიორგი დვალაშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი: `მსუბუქი მიწისძვრა ამ რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა. მოსახელობას გვინდა ვუთხრათ, რომ როდესაც ძლიერი მიწისძვრა ხდება, შემდგომ პერიოდში მას თან ახლავს ხოლმე მსუბუქი ბიძგები. იმისათვის, რომ მოსახლეობაში პანიკა არ იყოს, საჭიროა მათი სწორად ინფორმირება. როცა უბედურება მოხდება, მაშინ კი არ უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტები და სტუდიაში მსჯელობა გავმართოთ, საჭიროა, ჩვენი მოსახლეობა წინასწარ იყოს ყველაფერზე ინფორმირებული, როგორ მოიქცნენ ასეთ დროს. როგორც წესი, ყველაზე დიდი ზარალი მიწისძვრის შემდგომ დაბნეულობას მოსდევს ხოლმე. თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ გეოგრაფთა სკოლის ეგიდით, საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში დავიწყეთ ლექციების ჩატარება, როგორც სხვა სტიქიური მოვლენების, ასევე მიწისძვრების შესახებ. ამ ლექციების ფარგლებში აუდიტორიას ვაძლევთ ინფორმაციას, რისგან არის გამოწვეული ეს მიწისძვრები და როგორ იმოქმედონ, როცა ეს ხდება. ხშირად ადამიანები, შიშის გამო, შენობებიდან ხტებიან, ანდა გარეთ გამორბიან, რასაც ტრაგიკული შედეგები მოსდევს. მიწისძვრის დროს, როგორც წესი, ითიშება ელექტროენერგია, რაც ასევე პანიკის საფიძველი ხდება ხოლმე, მაგრამ ესეც ბუნებრივი პროცესია, ამ დროს სადენები მწყობრიდან გამოდის და ხანძრის წარმოქმენა რომ ავიცილოთ, სჯობს თვითონ გავთიშოთ.
მიწისძვრა ერთადერთი ბუნებრივი მოვლენაა, რომლის წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა კი, რამდენიმე საათით ადრე ცხოველებსა და ფრინველებზე დაკვირვებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მოხდება: ისინი უწესრიგოდ დარბიან, ბღავილს თუ ყეფას იწყებენ. მიწისძვრას დიდი სიზუსტით ხვდებიან თევზებიც. იაპონელებს აქვთ დაკვირვება ამაზე: თუკი აკვარიუმიდან თევზი ამოხტება, უნდა ევაკუაციაზე იზრუნო. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ რამდენიმეწუთიანი პროგნოზია~.
gio 2გიორგი დვალაშვილი: `მიწისძვრების ანალიზი და მისი გეოგრაფიული კანონზომიერების შეფასება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სეისმურად საშიში ზონებში მოსახლეობის განსახლება, საინჟინრო ნაგებობების აგება უნდა დაექვემდებაროს მიწისძვრის სიმძლავრის სათანადო შეფასებას. სოფელი ხახიეთი ამის ცუდი მაგალითია. სავარაუდოდ, ახლო გეოლოგიურ წარსულში აქ მიწისძვრა მოხდა, მიწამ პირი დააღო და ,,ხახა” წარმოიქმნა, სახელწოდება ,,ხახიეთი” აქედან უნდა წარმოდგებოდეს, შემდეგ დროთა განმავლობაში მოსახლეობამ კვლავ აირჩია საცხოვრებლად ეს ადგილი, რადგან ახლოს იყო მდინარე, ტყე და საძოვრებიც, მაგრამ კატასტროფა კიდევ ერთხელ განმეორდა ამ ადგილებში, ანალოგიური შემთხვევები შეიძლება მომავლშიც დაფიქსირდეს~.
მეზობელ თურქეთში, სადაც ასევე ხშირია მიწისძვრები, კაშხლებიც კი მაღალბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი, განსაკუთრებით ეს მდინარე ჭოროხის კაშხლებს ეხება, სადაც სეისმურად აქტიური ზონაა. ასე რომ, გეოგრაფები საქართველოს მოსახლეობას ამ მხრივაც დამამშვიდებელ ინფორმაციას გვაძლევენ, მეზობლად მშნებარე კაშხლებს მიწისძვრის შედეგად არაფერი ემუქრება და არც შესაბამისად, არც ჩვენ დაგვტბორავს, ჩვენ ისევ ჩვენი კაშხლები და სახლები ვიდარდოთ.

ფოტო: გ. დავალაშვილი

ო.ცისკარიშვილი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s