საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მცირე გრანტები მოიპოვონ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ეგრეთწოდებულ ბუფერული ზონის, ისე საზღვრისპირა სკოლების მოსწავლეებს შემდეგი სოფლებიდან: შავშვები, ახალდაბა, ზერტი, შინდისი, ტყვიავი, ხიდისთავი, ტირძნისი და მეჯვრისხევი. პროექტის თემატიკაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკოლოგია და სამოქალაქო განათლება. თითოეული პროექტის ბიუჯეტი 400 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ცენტრი „აფხაზეთის“ დახმარებით, პროექტის სამიზნე სკოლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკლუბო აუდიტორიებს. სკოლებში შეიქმნა არაფორმალური განათლების – გარემოს დაცვის, სამოქალაქო განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის – 56 სასკოლო კლუბი.
ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გვალია აცხადებს, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, სწორედ აღნიშნულ კლუბებს შეუძლიათ: „პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით. მისი მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა, მათი ჩართულობა და ნდობის აღდგენის გაძლიერება. პროექტში ჩართულია 600 იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსწავლე. მოსწავლეებმა პროექტები სკოლების ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ.“
ცენტრი „აფხაზეთი“ მომავალ კვირას გეგმავს აღნიშნულ სოფლებში ჩასვლას, მოსწავლეებთან შეხვედრას და სასკოლო კლუბებისთვის სხვადასხვა დასახელების ინვენტარის ჩატანას.