ლეჩხუმში ორ პატარა სოფელს ლაჯანასა და ორბელს ერთი ხიდი ჰყოფს, ხიდის მეორე მხარეს რომ არა წარწერა “ორბელი” და მის მარჯვენა და მარცხენა კუთხეში პატარა ორი ბელის ძეგლი, ძნელად თუ მიხვდები, რომ ლაჯანიდან ორბელში შეხვედი. ამ ორ სოფელს მდინარე ლაჯანური ყოფს.ლაჯანა ჩამოედინება ლაშიჭალიდან, ლაშიჭალა ადრე ცნობილი სამკურნალო ადგილი იყო, აქ კუჭნაწლავს მკურნალობდნენ, სახსრებს და ა.შ. ახლაც ბევრი პაციენტი აკითხავს, თუმცა ადრინდელივით ნამდვილად ვერ ემსახურება თავის პაციენტებს ლაშაჭალის კურორტი. მანამდე მისასვლელი გზაც კი არაა დაგებული. ლაჯანური კი, რომელიც ამ ორ სოფელს გაივლის უამრავი მინერალებითაა სავსე, მათში ადგილობრივები ვანებს იღებენ და მათი მტკიცებით უებარია სახსრებისთვის, რევმატიზმებისთვის და ა.შ.
ლეჩხუმში სოფელ ლაჯანასთან მდინარე ლაჯანაზე, გესი დგას ლაჯანურგესი, ადგილობრივები ამბობენ, რომ გესმა და საგუბარმა სოფლებში ჰავა საგრძნობლად შეცვალა და მთის მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ეჩვევა ნოტიო ჰავას, თუმცა დღემდე იმაზე წუხან, რომ ღამით დაძინებული, დილას, ნოტიო ტანსაცმელს იცმევენ. გარშემო კი, ნოტიო ჰავის გამო, მიწა რბილდება და უფრო და უფრო მეტი მეწყერსაშიში ზონები ჩნდება.
“ძალიან კარგი სკოლა გვაქვს, თუმცა პირველ კლასელები ამ წელს მხოლოდ ოთხი იქნება, ორბელში კი მხოლოდ სამი ბავშვი დაიწყებს პირველ კლასში სწავლას. მთლიანად სკოლაში ასზე მეტი ბავშვი სწავლობს, ჩემს დროს 600 ბავშვი იყო. მასწავლებლების ძალიან კარგი კადრია. მოსწავლეების სიმცირე მიგრაციის ბრალია, მიგრაცია კი ძალიან რთულმა პირობებმა გამოიწვია,” – ამბობს ერთ-ერთი ორბელელი.
“ხალხი არაა დასაქმებული, ერთი ხილის პუნქტი არ არსებობს, რომ მოხიკო ხილი და ჩააბარო,” – ამბობენ ლეჩხუმლები.
“ლეჩხუმი არაა შემოსავლიანი , მაგრამ ხალხი მშრომელია, ადრე ვაზი იყო – ოჯალეშები, რთული მოსავლელი, უნიკალური ჯიში იყო, ვეღარც უყვლიან და გადაშენების პირასაა ეს ჯიში, წლები იყო საერთიოდ ვერ ვაბარებდით, ადრე ღვინის ქარხანაც იყო, ძალიან კარგად მუშაობდა, ახლა აღარაა, დანგრეულია, განადგურებულია, ჰესზეც 4-5 ადამიანია დასაქმებული. არიან ხალხი, რომელთაც მართლა უყვართ სოფელი და მართლა ჩერდებიან, მესაქონლეობასაც მისდევდნენ ახლა კი ჭირის გამო ღორები ბევრს დაეხოცა. ლაჯანაში 250 ოჯახი ცხოვრობს, ორბელში კი 300 ოჯახი. დანარჩენი სახლები დაკეტილია, ორბელის შემდეგ ლაცურიაა სოფელი იქაცხ ასეთივე მდგომარეობაა. აქ დარჩენა და ცხოვრება მართლა გმირობაა, ერთი აქ რომ ცხოვრობს, მეორე აუცილებვლად ქალაქში უნდა იყოს, რომ პურის ფქვილი გამოუგზვანოს, ტრანსპორტი დღეში ორჯელაა ცაგერამდე, ზამთარში კი საერთოდ ფეხით დავდივართ, იმხელა თოვლი იცის რომ… ფეხით ძლივს დავდივართ. სკოლამდე ზამთარში 2 კილომეტრ ნახევარს ფეხით გავდივარ,” – გვიყვება ორბელელი მზია ბურჯალიანი, რომელიც ლაჯანაში ქართულს ასწავლის.
ლეჩხუმელები წუხან, რომ ნამახვარის ჰესიც, რომელიც აქვე ახლოს შენდება, შეცვლის გარემოს. ჯერ ლაჯანურჰესის გამო, მეწყრიანობა არის, ნესმა მოიმატა, მაგრამ ისედაც ლეჩხუმი, ხორხიანი მთებია. ორბელის მახლობლად. ბლის ყანები ამ ზამთრას დაინგრა, მეწყერმა ჩამოანგრია. სახლებში იატაკები ნესტისგან ვარდება, იმატა გულის დაავადებემა, ფლტვების დაავადებებმა და ჩიყვმა. აგვისტოში ასეთი ნესტიანობა არასდროს ყოფილაო, ჩივიან ისინი. ჰესი ელექტროენერგიით, ქუთაისსაც კი უზრუნველყოფს, თუმცა ადგილობრივები მაინც ისე იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს, როგორც ყველა – არანაირი შეღავათი.