სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (dvv international) ყოველი თვის 15 რიცხვში ატარებს საჯარო დისკუსიას აქტუალურ საკითხებზე, რომელთა მიზანია, საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. პროექტის პარტნიორები არიან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU).შემდეგი ასეთი დისკუსია თემაზე: “ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა – პრობლემები და პერსპექტივები” გაიმართება კვირას, 15 სექტემბერს 18:00 საათზე dvv international-ის ოფისში.
მომხსენებლის რანგში დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ქალბატონი მარიტა არაბიძე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი, და ქალბატონი ნინო ჩხობაძე, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“, თანათავმჯდომარე. დისკუსიას მოდერირებას გაუწევს ქალბატონი ვერა გოგოხია, „ლიბერალური განათლების ქართულ- ამერიკული ინიციატივა“, თანადამფუძნებელი და პროექტის დირექტორი.
ღონიძიებაზე მოწვეული არიან ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.
ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა განვითარებული საზოგადოების მახასიათებელი ნიშანია. ენერგიის ეკონომიურად მოხმარებისას იზოგება სახელმწიფო სახსრები. საქართველოში არსებობს ენერგოეფექტურობის ამაღლების მნიშვნელოვანი პოტენციალი. ამ საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის სრულყოფის და სახელმწიფო გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობამ დღეს განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი. საქართველოს სახელმწიფომ გადაუდებლად უნდა განახორციელოს ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ღონისძიებები.
ამავე დროს, გამოიკვეთა აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის აუცილებლობა. თითოეული მოქალაქის ვალია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს და თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს საქართველოს მდგრად და ენერგოეფექტურ მომავალზე.
აღნიშნული დისკუსია მიზნად ისახავს დიალოგის ხელშეწყობას სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებს შორის და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის ამაღლებას საკუთარი უსაფრთხო და ეკოლოგიური საარსებო გარემოს ფორმირებაზე.