ძველ მაიას ხალხს სწამდა, რომ წვიმის ღმერთი ჩააქი მღვიმეებსა და წნოტებად წოდებულ ბუნებრივ ჭებში ბინადრობდა. არქეოლოგები კი, მათი წყალობით, ახალ ცოდნას იძენენ მაიას წინაპრების წმინდა ადგილების შესახებ.
სტატიის ავტორი ალმა გიერმოპრიეტო არქეოლოგებთან: გიერმო დე ანდასა და არტურო მონტეროსთან ერთად ჰოლტუნის წნოტში ჩავიდა. ეს წნოტი ჩიჩენ-იცას განთქმული ცენტრალური პირამიდის – ელ კასტილიოს მთავარი კიბიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და ამ იდუმალი ქალაქის ურბანულ საზღვრებშია მოქცეული. დე ანდას სურდა გაეგო, ასრულებდა თუ არა ამ ბუნებრივი ჭის წყალი ძველი მაიას ხალხისათვის წმინდა მზის საათის ფუნქციას წელიწადში ორი დღის განმავლობაში: 23 მაისსა და 19 ივლისს, მაშინ, როცა მზე ზენიტს აღწევს. ამ დროს მზე ზუსტად ჭის თავზე მოექცევა ხოლმე, ისე, რომ პატარა ჩრდილსაც კი ვერსად იპოვით.
საინტერესოა, მოდიოდნენ თუ არა ქურუმები ამ წნოტთან ზენიტში მყოფი მზის სხივის დაცემის კუთხეზე დასაკვირვებლად? მოჰქონდათ თუ არა ადამიანებს გვალვების პერიოდში შესაწირი? იქნებ მართლაც სჯეროდათ, რომ მზისა და წყლის შეხვედრის ეს ადგილი სიცოცხლის მშობი იყო? ამ კითხვებზე ეძებდა პასუხებს ორი არქეოლოგი: ისინი სწავლობდნენ მაიას ხალხის ღმერთებს, მაიას წმინდა ქალაქსა და მათ უჩვეულოდ ზუსტ კალენდარს.
ვიწროპირიანი წნოტის კედლები თანდათან ფართოვდებოდა და გუმბათივით სივრცეს ქმნიდა. მცირე ზომის ოთხკუთხედ ღიობში (სავარაუდოდ, მაიას ოთხკუთხა კოსმოსს რომ გამოსახავდა) მზის სხივი აღწევდა და ტალღისებურ სტალაქტიტებზე ცეცხლივით ელვარებდა. წყლის ბნელი ზედაპირი სინათლის სხივის მოხვედრისთანავე გამჭვირვალე ფირუზისფერი ხდებოდა. მზის სხივები თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობაში იყო. არქეოლოგები დარწმუნდნენ, რომ მზის ზენიტში ყოფნის მომენტში, სინათლის სვეტი ზუსტად შვეულად უნდა დაშვებულიყო წყალზე. ეს საოცარი სანახაობა მხოლოდ მაიას ხალხში არ გამოიწვევდა მოწიწებას…
ისინი მღვიმეებსა და წნოტებს იმქვეყნიური სამყაროს კარიბჭეებად მიიჩნევდნენ, სადაც სიცოცხლის მიმნიჭებელი წვიმის ღმერთი ჩააქი ბინადრობდა; მაგრამ სულ ახლახან გახდა ნათელი, თუ რა გავლენას ახდენდა ასეთი რწმენა მაიას არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებაზე.
დე ანდამ და მონტერომ აღმოაჩინეს არა მარტო ის, რომ მზის ზენიტსა და ჰოლტუნს შორის კავშირი არსებობს, არამედ ისიც, რომ მზე და წნოტი გადამწყვეტ როლს ასრულებს ელ კასტილიოს პირამიდის მდებარეობის განსაზღვრაში. ცნობილია, რომ გაზაფხულის ბუნიობისას მზის სხივი გველივით მიიკლაკნება პირამიდის ერთ-ერთი გვერდის ცენტრალურ კიბეზე. ამ სანახაობას ყოველ წელს ათასობით ტურისტი ესწრება. 23 მაისს პირამიდის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხის გასწვრივ მზე – კინიჩ-აჰაუ ამოდის და პირამიდის დასავლეთი კიბისა და ჯერ კიდევ გამოუკვლეველი ჰოლტუნის ჭის გასწვრივ ჩადის.
სახელგანთქმული კალენდრის შესამოწმებლად მაიას ხალხს წელიწადის ის დღეები უნდა გამოეთვალა, როცა მზე ზენიტში იქნებოდა. მონტეროსა და დე ანდას ვარაუდით, მაიას ასტრონომები წელიწადში ორჯერ ელოდნენ მზის ზენიტის მომენტს, როცა მზის სხივის ვერტიკალური სვეტი პირდაპირ ჩაერჭობოდა ჰოლტუნის ჭაში.
მაიასათვის არქიტექტურა და ქალაქგეგმარება ისეთივე წმინდა საქმე იყო, როგორც ასტრონომია. ხომ არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა შენობების განლაგების განსაზღვრაში სხვა წნოტების მდებარეობასაც? „წმინდა წნოტი“ ელ კასტილიოს ჩრდილოეთით მდებარეობს. კიდევ ორი წნოტი მისგან სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთითაა განთავსებული. პირამიდიდან ზუსტად ჩრდილო-დასავლეთით არსებული ჰოლტუნის წნოტი რომბის კონფიგურაციას კრავდა. ეს ფაქტი იცას ხალხს საშუალებას მისცემდა განესაზღვრა, სად აეგო წმინდა ქალაქი და რა კუთხით ჩაედგა მთავარი პირამიდა. თუ მომდევნო კვლევები ამ მოსაზრებებს განამტკიცებს, მაშინ ჩიჩენ-იცას დაგეგმარების ძირითადი კოორდინატები თავის ადგილას ჩაჯდება.
აქ ძველი ღმერთები კვლავ ცოცხლობენ, წნოტებისა და მღვიმეების მბრძანებელი ჩააქი კი ერთ-ერთია უზენაეს ღმერთებს შორის. ის ციდან ასხამს წყალს, რომელსაც მღვიმეებში თიხის ჭურჭელში ინახავს. ჩააქი ერთიცაა და მრავალიც: ყოველი ჭექა-ქუხილი ცალკეული ჩააქის ქმედებაა, ის ჭურჭელს ამტვრევს და წვიმა მოჰყავს. თითოეული მათგანი რეალობის ცალკეულ შრეში სუფევს სხვა უამრავ, თავმომწონე და მრისხანე ღმერთთან ერთად, რომლებიც ზეციურ 13 სამყაროსა და ქვესკნელის 9 სამყაროში ცხოვრობენ.
ყველამ ერთად კი მაიას ხალხის ცხოვრება შეავსო სიზმრებითა და ხილვებით. სასოფლო-სამეურნეო სეზონების რთული კალენდრით, ნაყოფიერებისადმი მიძღვნილი რიტუალებითა და ქცევის მკაფიოდ განსაზღვრული წესებით.
ჩააქის არყოფნას იუკატანელი მაიას ხალხისათვის ენით აღუწერელი უბედურებების მოტანა შეუძლია. ამ ტრაგედიას სათანადოდ მხოლოდ მაშინ აღიქვამ, როცა ყოფილი იმპერიის კირქვიან უსასრულო მიწაზე გიდგას ფეხი.
ცის მჭვრეტი მაიას ხალხისთვის იუკატანის პირამიდები, რომლებიც ბუნიობისა და ზენიტის დღეებში მზის ჩასვლა-ამოსვლის მიხედვით იყო ჩამწკრივებული, კოსმოსური დროის მრიცხველები უნდა ყოფილიყო – ზეცასთან მუდმივ კონტაქტში მყოფი ნაგებობები. კინიჩ აჰაუსა და ჩააქის ურთიერთქმედება კი სიცოცხლის ზეიმი იყო, რითიც სიმინდის ყანები სულდგმულობდა.
ალმა გიერმოპრიეტო იუკატანის ნახევარკუნძულზე დაეხეტებოდა და თავად ეძებდა ჩააქს. შეინარჩუნა კი თანამედროვე მაიას ხალხმა კავშირი დიდებულ წინაპრებთან? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი ჟურნალის სექტემბრის ნომერში მიიღებთ. აქვე ნახავთ პოლ ნიკლენისა და შოლ შვარცის მშვენიერ ფოტოებსაც.
http://www.nationalgeographic.ge/wm.php?page=magazine&category=109&id=122&fotocat=112