მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ხიდიდან გმირთა მოედნის ესტაკატამდე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. თამარ მეფის სახელობის ხიდთან ორი ექსკავატორით კლდის ქანების ჩამოშლა მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია მარშალ გელოვანისა და ბელიაშვილის ქუჩებზე და მარჯვენა სანაპიროზე.მარჯვენა სანაპიროს გვერდის ასავლელად, ავტოტრანსპორტს გადაადგილება გაგარინის გამზირზე, “ვეფხისა და მოყმის” ძეგლის ტერიტორიიდან უწევს, რის გამოც გაგარინის გამზირზე საცობები იქმნება. საგზაო მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია აწესრიგებს.
რაც შეეხება კლდის ჩამოშლის სამუშაოებს, ექსკავატორები სამუშაოებს 5 წუთიანი ინტერვალებით ასრულებენ, ვინაიდან მტვრისა და კლდის ნაშალის გამო ხილვადობა იზღუდება.
მარჯვენა სანაპირო იმ დრომდე იქნება გადაკეტილი, სანამ კლდის ზედმეტი ქანების ჩამოშლის სამუშაოები არ დასრულდება.
კლდის სუსტი და ზედმეტი ქანების ჩამოშლის შემდეგ, კლდის საფარზე ფოლადის მავთულ-ბადე გაიჭიმება.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეწყვეტილია
17
აგვისტო