ხარაგაულის რაიონში დიდვაკეში ერთ-ერთ კორპუსში, სადაც მაცხოვრებლებს ტვალეტიც არ აქვთ, ცხოვრობს 59 წლის ქალი, რომელსაც 21 წელია ფეხზე არ გაუვლია. ციალა მაღრაძე პატარა ბინაში, რომელიც სახლის დაწვის შემდეგ მისცეს, 21 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ამ ოჯახის პრობლემა ყველა დიდვაკელისთვის ნაცნობია, მეზობლები ხშირად ეხმარებიან, თუმცა…
“მეც გამოვალ იქით ოთახში, იქ ყველა დავეტევით”, – გვეუბნება და ხოხვით მიუყვება დერეფანს ჩაბნელებული ოთახისკენ, გაჭირვებით ფორთხდება სკამზე ემზადება სასაუბროდ. ოთახში ცოტა ხანში უკუნი სიბნელე დადგება, რადგან სინათლის ხაზი უკვე ორი თვეა გადამწვარი აქვთ და შეკეთებით ვერ აკეთებენ. ტელევიზორიც კარგა ხნის წინ გადაეწვათ.
თამუნა რკინის საწოლზე, დედის პირდაპირ ჯდება და გვიყვება როგორ ცხოვრობენ დედის 125 ლარიან პენსიაზე.
ციალა მაღრაძე გვიყვება რომ ახალგაზრდობაში ფეხი მოტყდა, იმკურნალა, თუმცა არასრულად. თან მაშინ სამკურნალოდ ფულიც არ ქონდა, მერე კი გათხოვილა, ფეხებში მგრძნობელობა მშობიარობის დროს სრულიად წაერთვა, მერე კი მეუღლეც გარდაეცვალა. ახლაც და ადრეც დის იმედადაა: – “და მყავს და ის მეხმარება დღემდე, თუმცა მასაც ოჯახი ყავს და როგორ დამეხმარება.”
სიბნელეში ეტლისკენ იხედება: “ეტლიც მაქვს, მაგრამ ვიწრო კარებებში ვერ დავდივარ ამ ეტლით, ისევ ასე ხოხვა მირჩევია, ასე უფრო ვახერხებ გადაადგილებას, ეზოში რამდენი ხანია არ გავსულვარ. სამყაროს ვართ მოწყვეტილი.”
“ტუალეტიანი ბინა რომ გვქონდეს საკუთარ თავს მიხედავდა, მეც კი ხევში დავდივარ, დედა კი “ვედრაში”… მერე ხევში ვაქცევ, მე როცა არ ვარ, მეზობლები ეხმარებიან. – ამბობს თამუნა,- “რეცხვას კი როგორღაც თავად ვახერხებ. საჭმელსაც კი ვაკეთებ-ხოლმე, – გვიყვება ციალა.
“ჩემთვის არაფერია, არც სწავლა, არც სამსახური. დედაჩემის კისერზე ვარ, მის პენსიაზე. მე კი არა ნასწავლებს უჭირთ სამსახურის შოვნა. მინდა მქონდეს ცხოვრების საშუალება. მინდა ვისწავლო.” – ჩივის თამუნა, – “მეც ცუდად ვარ, დაზღვევა კი გვაქვს, მაგრამ წამლების ხარჯები არ შედის იმ დაზღვევაში. ამიტომ მკურნალობას ვერ ვახერხებ. ვოცნებობ ვისწავლო,ჩემი ოცნებაა კომპიუტერებზე სწავლა. მინდა რომ რეალური მომავალი მქონდეს. ხანდახან მეზობლები გვეხმარებიან, ზოგჯერ შეშა მოაქვს-ხოლმე, ფეჩით ვთბებით ზამთარში.”
ოლიკო ცისკარიშვილი