სოფელ ომალოში სახალხო დღესასწაული “თუშეთობა” გაიმართება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან ცნობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, ქარუმ წერეთელი, რეგიონალური სამმართველოს მთავარ სპეციალისტ არჩილ ჭოტაშვილთან ერთად თუშეთს ესტუმრება და სოფელ ომალოში სახალხო დღესასწაულ “თუშეთობას” დაესწრება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღესასწაული თუში ხალხის უძველეს პროფესიას – მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ივლისის ან აგვისტოს თვეში, ყოველწლიურად აღინიშნება.ფესტივალი “თუშეთობა 2013” კესელოს ციხესთან და ვიზიტორთა ცენტრში გაიმართება. კულტურის სამინისტროს დელეგაცია სხვა მიწვეულ სტუმრებთან და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, თუშებს დღესასწაულს მიულოცავს, გამოცდილ და ახალგაზრდა მწყემსებს კი საჩუქრებით დააჯილდოებს. გაიმართება შეჯიბრი მშვილდოსნობაში და დოღში. გამარჯვებულებს საჩუქრები და პრიზები გადაეცემათ.
ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია თუშური სამზარეულოსა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია. ფაცხებში სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ და მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ თუშურ ღონისძიებებში. მიწვეული სტუმრები თუშურ ლუდს, ხინკალს, მწვადს, გუდის ყველსა და კახურ შოთებს დააგემოვნებენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, – “კესელო”, “ცხრაკარა”, “ბახტრიონი” და “თუშეთი”.
ფაცხებთან და სცენასთან გამოფენილი იქნება ხალხური რეწვის ნიმუშები და ტრადიციული ყოფა-ცხოვრების ამსახველი ძველებური ნივთები. მოეწყობა თუშეთის კუთხის ამსახველი ძველებური საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.
საღამოს, ფესტივალს დაასრულებს კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიწვეული და ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.
კულტურის სამინისტროს ცნობით, ფესტივალის მიზანი, თუშეთის მთიანი მხარისა და დაცული ტერიტორიების პოპულარობის გაზრდა, რეგიონში ეკოტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენაა.
ფესტივალ “თუშეთობა 2013”-ის ორგანიზატორი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოა, მხარდამჭერი კი თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაა.
ომალოში თუშეთობა იმართება
03
აგვისტო